Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: ზუგდიდში მომხდარი ფაქტები საფრთხეს უქმნის დემოკრატიული არჩევნების პროცესს


არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“(ISFED) სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ საარჩევნო პროცესში ბოლო ხანს მომხდარი ფაქტები.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს „რუსთავი 2“-ის მიერ 14 მაისს გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე, რომლის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გია დანელია თანამოსაუბრეს უყვება თბილისიდან ჩასულ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ თათბირზე გაცემულ ინსტრუქციაზე, რომ მოახლოებულ არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოქალაქეების დაშინების, მოსყიდვის, გატაცების და მათ ნებაზე ზემოქმედების მეთოდები. საუბარია ასევე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ადგილობრივ მეწარმეზე ზეწოლის განზრახვაზე.

ISFED-ის განცხადებითვე, 14 მაისს ძალადობრივ ინციდენტს ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის მომზადების პროცესში, რა დროსაც ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატს და ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფის წევრებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

ISFED-ის შეფასებით, „გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსიდან იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ, სახეზეა სავარაუდოდ, საკრებულოს მმართველი პარტიის წევრი დეპუტატის მონაწილეობით დანაშაულის დაგეგმვა, რომელიც გულისხმობს, ამომრჩევლის მოსყიდვას, ამომრჩევლის ნების განხორციელებისთვის ხელისშეშლის მიზნით მუქარას და შესაძლო გატაცებას. 14 მაისს მომხდარ ინციდენტში კი ძალადობის გარდა, მედიით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა.“

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის, კამპანიის ჩაშლის, მედიის საქმიანობისათვის ხელისშეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვის ან მუქარისკენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული არჩევნების პროცესს, ხელყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპს და შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზებას.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად, მიუკერძოებლად, სრულყოფილად და სათანადო კვალიფიკაციით გამოიძიონ აღნიშნული ფაქტები და სამართლებრივ პასუხისგებაში მისცენ სათანადო პირები. გარდა ამისა, სათანადო რეაგირება იქონიონ შუალედური არჩევნების პროცესში სავარაუდო საარჩევნო დარღვევების ნებისმიერ მცდელობაზე და უზრუნველყონ 19 მაისის შუალედური არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობებისგან და ხელი არ შეუშალონ ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას.

"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს მმართველ პარტიას, მკაფიოდ გაემიჯნოს ძალადობრივ ინციდენტებს, ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მოსყიდვის მცდელობებს და დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG