ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია, კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომის მოთოვნით. ოპოზიცია მესხს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბების მცდელობაში.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო შეეძლოთ გზის გადაკეტვა, თუმცა, ეს არ გააკეთეს. ამასთან, ქარდავას თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო გამოსვლებს განაახლებენ.
გაერთიანებულ ოპოზიციას მირანდა მესხის გადადგომის გარდა კიდევ ორი მოთხოვნა აქვს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, სულ მცირე უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს ზუგდიდის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ გია დანელიას, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით საუბრობს არჩევნებში მმართველი პარტიის გასამარჯვებლად მოქალაქეთა დაშინების და მოსყიდვის შესაძლებლობაზე.
გარდა ამისა, მელიას თქმით, მოითხოვენ, რომ პოლიციამ დააკავოს დადიანების სასახლის ეზოში 14 მაისს მომხდარ ძალადობაში დამნაშავე ყველა პირი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი არჩევნების გაყალბების მცდელობაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ცესკოს განცხადებით, იმის გამო, რომ საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.