Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ამჯერად სხდომაზე მოითხოვს


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები. ისინი მესხის გადადგომას მოითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სხდომაზე მიიტანა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, ასახავს თუ როგორ ინახებოდა საუბნო კომისიების სამაგიდო სიები და ბეჭდები კომისიის წევრების სახლებში და „ვიღაცეების ბალიშის ქვეშ.“

დეკანოიძის განცხადებით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა მესხი ირწმუნებოდა, რომ სიები და ბეჭდები დაცული იყო. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაუცველია საარჩევნო უბნებიც.

დღევანდელ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია გაწერელიამ მოითხოვა, რომ ენახათ ოპოზიციის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერი და დღის წესრიგში შეეტანათ პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა იმ წევრებისა, რომლებმაც სხვებთან შეუთანხმებლად უბნებზე მიიტანეს სამაგიდო სიები და ბეჭდები.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა ოპოზიციის წარმომადგენელს მიმართა, რომ დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია და საკითხი მანამდე უნდა შეეტანათ, მით უმეტეს, თუ რაიმე კანონდარღვევის ამსახველ მასალას ფლობდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქციები 14 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ცესკოს განცხადებით, იმის გამო, რომ საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG