Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო მიუკერძოებელ მხარეებს მიმართავს დააკვირდნენ ზუგდიდში ზოგიერთი სუბიექტის ქმედებებს


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს განვითარებული მოვლენები შეაფასა სხდომის ჩაშლის მცდელობად.

ცესკოს განცხადებით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და ზოგიერთი ორგანიზაციის დამკვირვებლები ზუგდიდის საოლქო კომისიას კანონის მოთხოვნათა დარღვევით არ აძლევდნენ სხდომის ჩატარების საშუალებას.

ცესკო აღნიშნავს, რომ დაპირისპირება ფართო საზოგადოებამაც იხილა მედიაში გავრცელებული კადრების საშუალებით, სადაც ნათლად ჩანს კომისიის საქმიანობაში უხეში ჩარევა და სხდომის ჩაშლის მცდელობა.

ცესკო აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას და აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას.

ცესკოში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად სრული შესაძლებლობა აქვთ იხელმძღვანელონ სამართლებრივი ფორმებით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG