Accessibility links

site logo site logo

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იგეგმება


განათლება ეროვნული იდეაა - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია ბათუმში დღეს შედგა. პროექტი თბილისის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას აჭარის რეგიონშიც გულისხმობს.

ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობისთვის 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო. ტერიტორია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა.

როგორც განათლების ქალაქის პრეზენტაციაზე ითქვა, ტერიტორიაზე აშენდება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც გააერთიანებს ე.წ. ,,კომაროვის სკოლას“, საერთო საცხოვრებელს 100 ბენეფიციარისთვის, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკას, ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას და ხელოვნების სკოლას, სადაც თავმოყრილი იქნება ფოლკლორის, საბალეტო, სამხატვრო, სამუსიკო სკოლები.

"იცით ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს იდეა, ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება და მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში, შევძლოთ იგივეს გაკეთება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა უახლოეს თვეებში დაიწყება. - აღნიშნა, თავის მხრივ, საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. პროექტი სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG