Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში სამ მწერალს საერთო ჯამში 18 წლით მიუსაჯეს პატიმრობა


ირანში სასამართლომ სამ მწერალს საერთო ჯამში 18 წლით მიუსაჯა პატიმრობა, მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ სცნო ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

გავრცელებული ცნობებით, რეზა ხანდან მაჰაბადი, ბაქტაშ აბტინი და ქაივან ბაიანი დამნაშავედ სცნეს "ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში" და "ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში", და ექვს-ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. როგორც იუწყებიან, სასამართლო აპრილის ბოლოს გაიმართა.

ირანში ამ ტიპის ბრალდებებს ხშირად უყენებენ ინტელექტუალებს და ირანის კლერიკალური მმართველების კრიტიკოსებს. სამივე პატიმარი წევრია ირანის მწერალთა ასოციაციისა, რომელიც ხელისუფლების ზეწოლას განიცდის, მის წევრებს იბარებენ დაკითხვებზე, ემუქრებიან და ციხეში სვამენ.

"ეს სასამართლო არ არის მხოლოდ სამი მწერლის დასჯა. ეს არ იყო სასამართლო მხოლოდ მწერალთა ასოციაციის წინააღმდეგ. ამით დასაჯეს ყველა მწერალი და სხვებიც, ვისაც სურს ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლების უფლებით" - აცხადებს ჯგუფი განცხადებაში და დასძენს, რომ ხელისუფლებას არ წარუდგენია მყარი მტკიცებულებები ბრალდებების დასადასტურებლად.

მიმდინარე თვეში PEN International-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამდა სამი მწერლის სასამართლო პროცესზე და ირანის მთავრობას ბრალდებების გაუქმებისკენ და გამოხატვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG