Accessibility links

ახალი ამბები

ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, საუდის არაბეთის მეფემ მოიწვია არაბული ქვეყნების სამიტი

საუდის არაბეთი გამოვიდა ინიციატივით ორი გადაუდებელი შეხვედრა ჩატარდეს მის არაბულ მოკავშირეებთან, რათა განიხილონ ბოლო პერიოდში მომხდარი თავდასხმები ხომალდებზე და ნავთობის წარმოების ობიექტებზე და მზარდი დაძაბულობა რეგიონულ მეტოქე ირანთან.

მეფე სალმანმა 18 მაისს მოუწოდა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს და არაბთა ლიგის ქვეყნების ლიდერებს, 30 მაისს მექაში გაიმართოს შეხვედრა. საუდის არაბეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განხილვის თემები იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირთან მომხდარი თავდასხმები კომერციულ ხომალდებზე და ასევე საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშები ნავთობის მაწარმოებელ ობიექტებზე, რიადთან ახლოს.

ირანი უარყოფს თავდასხმებში მონაწილეობას. საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრეს იემენში განთავსებულმა ჰუტითმა მეამბოხეებმა, რომლებსაც თეირანი უჭერს მხარს.

ყველა ახალი ამბავი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 15 ოქტომბერს ეწურება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადა ხვალ, 15 ოქტომბერს, სამუშაო დღის ბოლოს ეწურება. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, დავით ჯავახაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კონსორციუმმა უნდა წარადგინოს მის მიერ კაპიტალის სრულად შევსების დამადასტურებელი სავალდებულო დოკუმენტი და არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ინვესტორი ბანკების მხრიდან სასესხო დაფინანსების მოპოვებას შეეხება. დავით ჯავახაძის თანახმად, ამის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით უკვე კომისია შეიკრიბება:

„თუ ინვესტორი საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, სახელმწიფოს შეუძლია გაუხანგრძლივოს ვადა, რაც აქამდე არაერთხელ მომხდარა, ასევე თეორიულად, ალტერნატივას, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტა. გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. კომისიაში შედის ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი“, - განაცხადა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მედიასთან განმარტა, რომ მთავრობასთან პროექტის „წინ წაწევის“ კონკრეტული წინადადებები კონსორციუმს წარდგენილი აქვს და ეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომასაც ითვალისწინებს. მისივე თქმით, ბურთი მთავრობის მხარესაა და კონსორციუმი შესაბამის რეაგირებას ელოდება:

„ჩვენგან აბსოლუტური მზაობაა, რომ ყველა საკითხი, ინვესტორებთან მიმართებაში თუ სხვა, მოგვარდეს უახლოეს პერიოდში, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შემადგენლობიდან ამერიკული „კონტი ჯგუფი“ გავიდა. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა ორი პოტენციური ინვესტორი წარადგინა - ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი.

უკრაინა "უკანასკნელ იმედს" ხედავს ნოემბერში დანიშნულ სამშვიდობო სამიტში

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში პარიზში შესაძლოა გაიმართოს სამშვიდობო სამიტი და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის შემდეგ 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება „როიტერსი“.

პრისტაიკომ „როიტერსს“ 14 ოქტომბერს ინტერვიუში უთხრა, რომ უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის შეხვედრა იქნებოდა "უკანასკნელი შანსი" მოსკოვისთვის, სერიოზულად ჩაერთოს კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში რუსეთს ბრალი დასდო სამიტის შეფერხებაში, რადგან მოსკოვი აცხადებს, რომ ჯერ კიევმა უნდა დაახევინოს უკან თავის ძალებს.

ლუქსემბურგში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე გამოსვლამდე, პრისტაიკომ „როიტერსს“ უთხრა, რომ სამიტამდე შვიდი დღის განმავლობაში დაცულ უნდა იქნეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ქვეყნის აღმოსავლეთიდან გატანილ უნდა იქნეს მსუბუქი შეიარაღება. „კვლავაც მაქვს იმედი, სხვა შემთხვევაში არც შევეცდებოდით ამას“, - ამბობს პრისტაიკო.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებმა, რომლებიც მინსკის ხელშეკრულებების ფარგლებში შემუშავდა - 2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის თებერვალში - რეგიონში ბრძოლის მასშტაბი შეამცირა, თუმცა სრულად ვერ იმუშავა.

„ყველას ვეუბნებით, რომ ეს შესაძლოა იყოს ჩვენი უკანასკნელი გულწრფელი მცდელობა, მივდიოთ მინსკის გზას“, - თქვა პრისტაიკომ და დასძინა: „თუ ესეც არ იმუშავებს, მოგვიწევს სხვა გეგმაზე ფიქრი“. პრისტაიკოს ალტერნატიული გეგმის შინაარსი არ დაუკონკრეტებია.

ნიკა მელია: შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა

„ევროპული საქართველო“ ცდილობს, მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის, – ამგვარად გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების შეცვლას საქართველოში არ უნდა მოჰყვეს შურისძიება.

„ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ - არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ“, - წერს ნიკა მელია.

„არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს, იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში. თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები”, – წერს ნიკა მელია „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ წინააღმდეგია ლოზუნგისა „ივანიშვილი ციხეში“, მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა იავნიშვილის ბედი თავად მისი გადასაწყვეტი იქნება. გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივად არავინ უნდა იდევნებოდეს.

„სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. უნდა იყოს ამნისტია ყველასი, გარდა მკვლელობის და წამების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სირიელი ქურთები: რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ემსახურება საზღვრის დაცვას

სირიელი ქურთების ლიდერები აცხადებენ, რომ მოსკოვის შუამავლობით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმება ამ ეტაპზე კონცენტრირებულია საზღვრის გასწვრივ დისლოცირებულ სირიის არმიაზე და პოლიტიკურ საკითხებს ორი მხარე მოგვიანებით განიხილავს.

წამყვანი ქურთი პოლიტიკოსის, ალდარ ხალილის თქმით, ასადის მთავარი მოკავშირის, რუსეთის მეთვალყურეობით შემუშავებული ეს "სასწრაფო ზომა" ემსახურება ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქეთის შეტევის ბლოკირებას.

აშშ-მა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანს 1000 სამხედროს, თურქეთის მხრიდან შეტევის ფონზე. თურქეთმა თავისი ოპერაცია ერთი კვირის წინ დაიწყო, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, სამხედროები გაეყვანა ჩრდილოეთ სირიის ორი სადგურიდან, სადაც ისინი წლების განმავლობაში იყვნენ დისლოცირებულნი. თურქეთი აცხადებს, რომ მისი ოპერაციის სამიზნეა ქურთთა დანაყოფები, რომლებსაც ის "ტერორისტებად" მიიჩნევს.

"მას შემდეგ, რაც რეგიონი ამერიკელებმა მიატოვეს და თურქეთის შეტევას მწვანე შუქი აუნთეს, იძულებული ვიყავით, სხვა გზები განგვეხილა, მათ შორის მოლაპარაკება დამასკსა და მოსკოვთან, რათა გვეპოვა თურქეთის თავდასხმის შეჩერების საშუალება", - ამბობს კიდევ ერთი ქურთი პოლიტიკოსი, ბადრან ჯია კურდი.

გაეროს შეფასებით, თურქეთის შეტევის გამო სახლ-კარი 130,000-მდე ადამიანმა დატოვა.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრად ისევ ვალერი ბგანბა დანიშნა

რაულ ხაჯიმბა და ვალერი ბგანბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად ისევ ვალერი ბგანბა დანიშნა. ხაჯიმბას მიერ 14 ოქტომბერს ხელმოწერილი განკარგულებით, ბგანბას დაევალა „აფხაზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პერსონალური შემადგენლობის წარმოდგენა“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ვალერი ბგანბას ხელმძღვანელობით 10 ოქტომბერს გადადგა, დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული რაულ ხაჯიმბას ე.წ. ინაუგურაციიდან მეორე დღეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც, ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა.

ე.წ. არჩევნების შედეგები და ხაჯიმბას ლეგიტიმურობა არ აღიარა პარტია „ამცახარამ“, რომლის ლიდერი ალხას კვიცინია რაულ ხაჯიმბას კონკურენტი იყო.

შალვა ნათელაშვილი თურქეთისგან ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვს

შალვა ნათელაშვილი

საქართველოს „ლეიბორისტული შრომის პარტია“ თურქეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და „გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან, სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში“.

ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს ქურთების სოლიდარობის მიზნით თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც სირიაში ხდება, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებასაც:

რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოდ განვითარდა ვითარება. აბსოლუტურად მცდარი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. ამან პირდაპირ მისცა პროვოცირება თურქეთს, დაეწყო სამხედრო მოქმედებები. და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტია, რესპუბლიკელები და დემოკრატები, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მუშავდება უკვე თურქეთზე შესაბამისი სანქციების კანონპროექტი და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ისიც, რომ ამ მდგომარეობამ გააძლიერა რუსეთის პოზიციები სირიაში, აიძულა ქურთები გამოეცხადებინათ ზავი სირიის ხელმძღვანელობის მიმართ რუსების შუამავლობით. და პრაქტიკულად გამოვიდა ისე, რომ რუსეთმა ყველაზე მეტი მოიგო აი, ამ კონფლიქტით. იმ რუსეთმა, რომელიც ჩვენი ოკუპანტია ამ წუთებში“, - აღნიშნა საპროტესტო აქციაზე შალვა ნათელაშვილმა.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. ანკარის ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გაეროს მონაცემებით, თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების რაიონი 130 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხურვალეთში დადებული პირობა შეასრულა

მედლინ მუნი (ცენტრში) სოფელ ხურვალეთში. 2019 წლის 13 სექტემბერი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა, ლონდონში, ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგებზე.

მუნის განცხადებით, რუსეთი საქართველოს დაყოფას ცდილობს, პერიოდულად სწევს გამყოფ ხაზთან დადგენილ „საზღვარს“ და არაფრად აგდებს ადამიანებს, რომელთა ოჯახები და საკუთრება მავთულხლართებს მიღმა რჩება.

მედლინ მუნმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს უამბო ხურვალეთელ დათა ვანიშვილზე, რომელიც ავადმყოფ ცოლთან ერთად მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩა და ვეღარ ახერხებს ოჯახის სხვა წევრების ნახვას და საკუთარი მიწის დამუშავებას.

„მე პირობა დავდე, რომ ვისაუბრებდი ამაზე, ვისაუბრებდი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ“, - განაცხადა 14 ოქტომბერს, მედლინ მუნმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მავთულხლართებით გაყოფილ სოფელ ხურვალეთში 13 სექტემბერს იმყოფებოდა და პირადად ესაუბრა 88 წლის დათა ვანიშვილს, რომლის სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო მიწის ნაკვეთი დარჩა სოფლის იმ ნაწილში, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. დათა ვანიშვილთან საუბრის შემდეგ მედლინ მუნმა განაცხადა: „ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ერთ დღეს იღვიძებენ და მათ უკვე წართმეული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენი თვალით ვხედავთ. ამ ადამიანის მონათხრობიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას ვუხდით მას სიმამაცისთვის, რომ მოვიდა და აგვიხსნა ის სირთულეები, რასაც ყოველდღე აწყდება. ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმ სისასტიკისა და არაადამიანურობისა, რაც აქ ხდება. ხალხს ართმევენ ოჯახებს, მიწას, თავის რჩენის საშუალებას, მემკვიდრეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენი საქმეა დაკვირვება, კითხვების დასმა და მოსმენა. ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე, ოქტომბერში, ლონდონში, გპირდებით, რომ მხოლოდ ანგარიშს კი არ დავწერთ, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ უფრო ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ სირთულეებისა და იმ სისასტიკის შესახებ, რაც აქ ხდება ყოველდღე“.

14 ოქტომბერს, ლონდონში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მედლინ მუნმა ისაუბრა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაზე ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში.

„ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს, თუმცა 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა გამოიყენა ძალა თავისი მეზობლის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ მან დაიწყო კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაღვივებლად. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

მედლინ მუნის თქმით, ასამბლეა საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერად რჩება. მუნის შეფასებით, ამის ერთ-ერთი დასტურია 2017 წელს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარება და გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს სესიას კიევი უმასპინძლებს.

მეუფე გრიგოლი: მამა გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

სადაც იმ ადამიანების შეწყალება ხდება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს, მგონი, მამა გიორგის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, - უთხრა ჟურნალისტებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, როგორც თავად მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა.

სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა დუღს და თუხთუხებს, მგონი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის შეწყალება“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბრიდან იხდის 9-წლიან სასჯელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გიორგი მამალაძე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მისი ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიორგი მამალაძის ოჯახმა დეკანოზის შეწყალება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სთხოვა. შეწყალების გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუღია.

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ძმა თორნიკე მამალაძე აქციას საქართველოს პარლამენტთან მართავს. მან კარავი 19 სექტემბერს, ღამით გაშალა. მანამდე თორნიკე მამალაძე აქციებს მართავდა საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

15 ოქტომბერს ის აქციის გამართვას გეგმავს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში ქადაგებისას: უნდა დავაფასოთ პიროვნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე განაცხადა, რომ „საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი“.

„პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, - თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო ჩვენ მე-4 საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით ჩვენ?“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს ქადაგებისას უთხრა, რომ „წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ, უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლობა მთელ საქართველოს მიულოცა და დალოცა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს, კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით, სვეტიცხოვლობის დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მიულოცა.

14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის 12 პოლიტიკოსს გამოუტანა განაჩენი 2017 წლის რეფერენდუმში მათი როლისთვის

დემონსტრანტები ბარსელონის ქუჩებში აპროტესტებენ ესპანეთის უზენაესი სასამართლოს განაჩენს.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს კატალონიის თორმეტ პოლიტიკოსს გამოუტანა განაჩენი მათი როლისთვის რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე 2017 წლის რეფერენდუმის ორგანიზებაში.

ცხრა პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს ამბოხებისკენ მოწოდებაში და მათ 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კიდევ სამი ადამიანი ცნეს დამნაშავედ ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობაში. მათი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. სასამართლომ მოხსნა ყველაზე მძიმე ბრალდება - ამბოხება.

ყველაზე მძიმე სასჯელი - 13 წლით პატიმრობა - გამოუტანეს კატალონიის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, ორიოლ ჟუნკერასს.

კატალონიის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, და პარლამენტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა როჟერ ტორენმა განაჩენი გააკრიტიკეს და მას დემოკრატიასა და მოქალაქეთა უფლებებზე თავდასხმა უწოდეს.

ევროპის კავშირის საბჭომ სანქციები გაუგრძელა ქიმიური იარაღის გამოყენებაში ბრალდებულ რუსებსა და სირიელებს

რუსლან ბოშიროი და ალექსანდრ პეტროვი RT-ის გადაცემაში.

ევროპის კავშირის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, 2020 წლის 16 ოქტომბრამდე გააგრძელოს სანქციები, რომლებიც 2019 წლის დამდეგს შემოიღეს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. შეზღუდვები, რომლებიც ითვალისწინებს ევროკავშირში შესვლაზე აკრძალვებს და აქტივების გაყინვას, მოქმედებს ცხრა პირის - ხუთი სირიელისა და ოთხი რუსის წინააღმდეგ.

რუსებს შორის არიან რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ყოფილი გრუ-ს) ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმირ ალექსეევი, ასევე ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი. ისინი სიაში შეიყვანეს ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელებით. ევროკავშირის ხელმძღვანელობა მათ მიიჩნევს გრუ-ს ოფიცრებად, რომლებსაც კავშირი აქვთ ორგანიზებულ თავდასხმასთან ყოფილ აგენტ სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე ინგლისის ქალაქ სოლსბერიში.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია შარშან მარტში მოიწამლნენ, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად გადაურჩნენ სიკვდილს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი, რომ მას კავშირი აქვს ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სკრიპალების მოწამვლასთან. ლონდონის თანახმად, მოწამვლაში ეჭვმიტანილია ორი რუსი - ოფიციალური დოკუმენტებით რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი. ბრიტანეთის გამოძიება აცხადებს, რომ ისინი არიან რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

სალომე ზურაბიშვილი: არა, რატომ უნდა ვიყო [პროკურატურაში]?

არა, რატომ უნდა ვიყო [პროკურატურაში]? - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ჰკითხეს. მედია დაინტერესდა, იმყოფებოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში მიმდინარე საქმის ფარგლებში. პრეზიდენტმა ეს კომენტარი გააკეთა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ. იგი ესწრებოდა სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას.

"შეწყალების საქმეზე" ორჯერ გამოკითხეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსი ანგი ხუციშვილი. ამავე საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც.

შეწყალების საქმე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის:

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა სია ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

თავად სალომე ზურაბიშვილს კი შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

დავით ბაქრაძე: მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ, გვესმის ტალახის სროლა

დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძის თქმით, რომ სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილისგან საფუძვლიანი კრიტიკის საპასუხოდ ისევ ტალახის სროლას იღებენ. მედიასთან გაკეთებულ კომენტარში დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არცერთ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება არ არის:

„როგორც ჩანს, ეს განცხადებები გამოწვეული იყო გიგა ბოკერიას კრიტიკით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, თუ მიხეილ სააკაშვილს დღემდე ასეთი რეაქცია აქვს განსხვავებულ აზრზე და საფუძვლიანი და შინაარსიანი კრიტიკის საპასუხოდ გვესმის ტალახის სროლა და უსაფუძვლო ბრალდებები. კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩვენს პოზიციას – ოპოზიციას სჭირდება ერთიანობა, რადგან ოპოზიციის ერთიანობა იქნება გადამწყვეტი დღევანდელი ხელისუფლების დამარცხებაში, ამიტომ ჩვენი ამოცანა არანაირად არ არის დაპირისპირება არცერთ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვსაუბრობთ ივანიშვილის ინტერესსა და თამაშზე, ივანიშვილის ინტერესი და თამაში, პირველ რიგში, არის ის, რომ გამოაჩინოს პროცესები ისე, თითქოს საქართველოში დღეს არის ორი არჩევანი, ივანიშვილი ან სააკაშვილი. ამ ორი არჩევანის პირობებში აპირებს ივანიშვილი მოგებას, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არჩევანი არის ბევრად მეტი. ამ სპექტრში გამორჩეული ადგილით არის „ევროპული საქართველო“. ამიტომ ყველას მოვუწოდებდი, ტალახის სროლისა და ბრალდებების მაგივრად, ნუ დავწვავთ ხიდებს და ვიმუშაოთ, რათა 2020-ში შესაძლებელი იყოს ფართო ოპოზიციური კოალიციური ხელისუფლების შექმნა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის, საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მიულოცა:

„ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე, მალე საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. მანამდე კი ამავე პოსტში ამბობს, რომ „თუ ადამიანი გამოიყურება, როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით „ყველა მინუს მიშა“, ის არის ოლიგარქის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება“.

მიტროპოლიტი ანანია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე: ჩვენი რიგიც ალბათ მოვა

საქართველოს საპატრიარქო

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ჯაფარიძე ამბობს, რომ ავტოკეფალიის მოპოვება პროცესია, რომელიც შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.

მიტროპოლიტს ჟურნალისტებმა მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის აღნიშვნისას ჰკითხეს ელადის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების და საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ.

„ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ასე შემდგომ და ჩვენი რიგიც ალბათ მოვა“, - თქვა მეუფე ანანიამ.

„მხარს ვუჭერთ, რომ ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდევაც. დადგება დრო მაგისა. ანუ, ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს ერთ წელში და ორ წელში არ ხდება. ჩვენ რომ წაგვართვეს რუსებმა ავტოკეფალია, ამის აღდგენას დასჭირდა 100 წელი და კიდევ 50, რუსეთს რომ ეცნო და შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. მისი თქმით, ავტოკეფალიის აღიარება შესაძლოა ათეულობით წელი გაგრძელდეს: „მთავარია, თვითონ ხალხმა უნდა ისურვოს, უკრაინის ერმა“.

12 ოქტომბერს, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა 12 ოქტომბერს, სააგენტო „რიას“ უთხრა, რომ სინოდი გადაწყვეტს, თუ რა შედეგი ექნება ელადის ეკლესიის გადაწყვეტილებას მისი და მოსკოვის საპატრიარქოს შემდგომ ურთიერთობაზე. ნიკოლაი ბალაშოვის თქმით, განსხვავებით ელადის ეკლესიისგან, რომლის იურისდიქცია საბერძნეთის მთელ ტერიტორიას არ მოიცავს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალეროვნულია და მისი წევრია უკრაინის მილიონობით მოქალაქე, რომლებსაც არანაირი ავტოკეფალია არ უთხოვიათ.

ელადის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემდეგ მეორეა, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო. მანამდე, 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს.

თენგიზ ცერცვაძე: შიდსით დაავადებულ პაციენტებში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 95, 6 %-ია

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შიდსით დაავადებულ პაციენტებში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 95, 6 %-ია. საერთაშორისო კონფერენციის „ C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ დაწყებამდე თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ შიდსით დაავადებულთა გამოსავლენად უნდა იზრუნოს:

„შედეგები ჯერ-ჯერობით კარგია. თუ C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებლები გვაქვს მსოფლიოში სარეკორდო, 98.7%, შიდსით ავადმყოფებში ეს დაბალია, მაგრამ 95,6 % -ი შიდსიანებისთვის მაღალი მაჩვენებელია. ინტენსიურად უნდა გამოვავლინოთ შიდსით ავადმყოფები. ახლა პრობლემაა ისინი, ვინც არ იცის, რომ შიდსი აქვთ. ისინი უნდა გამოვავლინოთ და ყველა მათგანში C ჰეპატიტი განვკურნოთ. ესაა ამ პროგრამის მიზანი", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი ელიმინაციის ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიას მიკროელიმინაციები წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, მიკროელიმინაციის პროგრამა შიდსით დაავადებულთა შემდეგ მოიცავს პატიმრებს, ჰემოფილიით ავადმყოფებს, დიალიზზე მყოფებსა და ინტრავენულ ნარკომანებს.

ზელენსკი აქციის მონაწილეებს სთხოვს, რუსულ ტელეკომპანიებს სურათს ნუ შეუქმნიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 14 ოქტომბერს დაგეგმილი მარშის მონაწილეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ მათ პროვოკაციას, ვისაც ძალიან სურს რუსული ტელევიზიისთვის სურათის შექმნა.

უკრაინის დამცველთა დღის აღსანიშნავად კიევში ჩატარდება მარში „არა კაპიტულაციას“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზელენსკის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ნაციონალისტური და მკვეთრად მემარჯვენე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მარშის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ზელენსკიმ დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად არ გამოიყენოს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა.

უკრაინის პრეზიდენტმა ფეისბუკით გაავრცელა მიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ 14 ოქტომბერი ეროვნული დღესასწაულია და ამ დღეს, საკუთარი ხელით საჩუქარი არ უნდა გაუკეთონ არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც ოცნებობენ უკრაინელების დაპირისპირებასა და ქაოსზე, და მათი ერთიანობის ეშინიათ.

ზელენსკიმ მარშის მონაწილეებს მოუწოდა, კანონის შესაბამისად იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვეტერანებს და მოხალისეებს მიმართა, რომ არასდროს დაუშვებს მათი დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნის ღალატს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამართალდამცავებსაც მოუწოდა, პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის კონსტიტუციურ უფლებას და უზრუნველყონ მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება.

იაპონიაში 36-მდე გაიზარდა ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვი

იაპონიაში 36-მდე გაიზარდა დამანგრეველი ტაიფუნის „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, 14 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი.

ტაიფუნმა, რომელიც იაპონიას თავს გასული კვირის ბოლოს დაატყდა,15 პრეფექტურაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ოცამდე მდნარეზე დანგრეულია დამბები. ყველაზე მეტად დაზარალდა ნაგანოს პრეფექტურა. ტოკიოსა და მის შემოგარენში ელექტროენერგიის გარეშეა 50 ათასზე მეტი შენობა.

პოლიციამ დააკავა თბილისში უკრაინელი ქალის ცემაში ბრალდებული

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში, უკრაინელ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა 13 ოქტომბერს, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1967 წელს დაბადებული გ.თ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ​გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი კუთვნილი ნივთები დააზიანა.

გამოძიება მიმდინარეობს ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილებით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს სირიიდან სამხედროების გაყვანა დაავალა

აშშ სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე სამხედროს გაყვანას აპირებს - ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ს განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა. მისი მტკიცებით, საუბარი არ არის სირიიდან ამერიკული კონტინგენტის სრულად გაყვანაზე. ამასთან, სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვი დაახლოებით შეესაბამება სირიის ჩრდილოეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების რაოდენობას.

მარკ ესპერს რეგიონიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. თავდაცვის მინისტრის თქმით, სირიის ჩრდილოეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთების ფორმირებებს შორის აღმოჩნდნენ. ესპერის განცხადებით, სიტუაცია თურქეთის მიერაა პროვოცირებული.

სირიის ჩრდილოეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები და ადგილობრივი ქურთები მოკავშირეები იყვნენ ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში. სირიის ამ ნაწილში მეორე კვირაა მიმდინარეობს თურქეთის სამხედრო ოპერაცია ქურთების დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებს უწოდებს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, როგორც ჩანს, თურქეთს სურს შეტევა გააგრძელოს სამხრეთ და დასავლეთ მიმართულებებით, ხოლო სირიის „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებს უნდათ შეთანხმება ასადთან და რუსეთთან, რათა თურქეთს კონტრშეტევით უპასუხონ. მარკ ესპერის თქმით, მსგავსი სიტუაცია ამერიკელი სამხედროებისთვის მიუღებელია.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპისგან მიღებულია დავალება სირიის ჩრდილოეთიდან ამერიკელი სამხედროების კარგად გააზრებული გაყვანის შესახებ. ესპერი არ იზიარებს კონგრესმენების, მათ შორის პრეზიდენტის თანაპარტიელი რესპუბლიკელების კრიტიკას, რომ აშშ-მა ქურთები მიატოვა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აშშ ცდილობდა თურქეთი დაერწმუნებინა, რომ სამხედრო ოპერაცია არ უნდა დაეწყო, მაგრამ ანკარის გადაწყვეტილება მტკიცე იყო მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებდა ვაშინგტონი. ესპერის მტკიცებით, აშშ დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ თურქეთმა თავის განზრახვაზე უარი თქვას. ესპერმა აღიარა, რომ სირიის ჩრდილოეთში უმძიმესი ვითარებაა და თურქეთის შეტევის შედეგად იღუპებიან როგორც ქურთი მებრძოლები, ისე მშვიდობიანი სამოქალაქო პირები.

ასადმა სირიის ჩრდილოეთში ჯარი გაგზავნა "თურქეთის აგრესიის" შესაჩერებლად

ხედი სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რას-ალ-აინზე

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა არმიის ქვედანაყოფები გაგზავნა ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც მეორე კვირაა მიმდინარეობს თურქეთის სამხედრო ოპერაცია.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ სამთავრობო ძალები წინააღმდეგობას გაუწევენ თურქეთის აგრესიას. ასადის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში სამხედრო ნაწილების გაგზავნა ქურთების დაჯგუფებებთან შეთანხმებით გადაწყვიტა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ასადის მთავრობის და მისი მოწინააღმდეგე „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელთა მოლაპარაკება გაიმართა ლატაკიაში მდებარე საავიაციო ბაზაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. ანკარის ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გაეროს მონაცემებით, თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების რაიონი 130 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

სირიაში ციხიდან გაიქცა "ისლამური სახელმწიფოს" ასობით მომხრე

ჩრდილოეთ სირიაში 13 ოქტომბერს ციხიდან გაიქცა ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" 700-მდე მომხრე, იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს მძიმე შეტაკებები თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს და ქურთ მებრძოლებს შორის.

პარალელურად, აშშ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიიდან გაიყვანს იქ დარჩენილ სამხედროებსაც, რათა მიმდინარე შეტაკებებში ისინიც არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში 13 ოქტომბერს თქვა, რომ აშშ "მიზანმიმართული ოპერაციის" ფარგლებში 1000-მდე სამხედროს გაიყვანს იმ ადგილებიდან.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის მოლოდინში, ამ ადგილებიდან უკვე გაყვანილ იქნა 50-მდე ამერიკელი სამხედრო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ სირიიდან ჯარს მთლიანად გამოიყვანს. ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები, რომლებიც გამოდიან გაფრთხილებით, რომ ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, მოიტანს "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალ აღორძინებას.

ქურთთა ძალების მეთვალყურეობის ქვეშ პატიმრობაში იმყოფება "ისლამური სახელმწიფოს" 10 000-მდე წევრი, და ექსპერტები შიშობენ, რომ ისინი ციხიდან გაიქცევიან, ქურთთა ძალების და თურქეთის ჯარის შეტაკებების ფონზე.

გამოვლინდა რადიო თავისუფლების ჰაკათონის გამარჯვებული

13 ოქტომბერს რადიო თავისუფლების ჰაკათონის გამარჯვებული გამოვლინდა. თემისი - ასე ჰქვია გამარჯვებული გუნდის ჩეთბოტს, რომელიც გიორგი შუბლაძემ, აკაკი თითბერიძემ და საბა ლანჩავამ შექმნეს.

თემისი არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ ფეისბუკმომხმარებლებს. ბოტი პასუხობს ამ თემის ირგვლივ დასმულ კითხვებს და შედის დიალოგში აუდიტორიასთან.

ჟიურიმ გამარჯვებული 4 კრიტერიუმის მიხედვით გამიავლინა: ჩეთბოტის ადეკვატურობა ამოცანასთან, მისი სირთულის ხარისხი, ჩეთბოტის პერსონალობა და კავშირი მედიასთან.

გამარჯვებული გუნდი რადიო თავისუფლებაში ანაზღაურებად პრაქტიკას გაივლის. გუნდის წევრები იმუშავებენ რადიო თავისუფლების ჩეთბოტის განვითარებაზე.

ჰაკათონში 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ისინი 48 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ჩეთბოტებზე.

ვეტერანმა ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

თბილისში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ვეტერანებს შორის. 8-13 ოქტომბერს გამართული შეჯიბრების პირველ სამ დღეს სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. შემდეგ კი მედლები თავისუფალ ჭიდაობაშიც გათამაშდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა ორმოცდაერთი ქვეყნის შვიდასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. საქართველოს ნაკრების სახელით კი მსოფლიო კონკურენციაში ორმოცდახუთი ვეტერანი მოჭიდავე ჩაება და ცხრამეტმა მედალი მოიპოვა. მათ შორის ოთხმა - ოქრო.

მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: ზურაბ წიქარიძე, აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე და ლუკა კურტანიძე.

გარდაიცვალა კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე

80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) კობახიძე.

კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს, თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

ფილმების გადაღება დაიწყო სტუდენტური პერიოდიდან. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 1967 წელს კობახიძემ გადაიღო ფილმი "ქოლგა", რომელმაც პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი მოიპოვა. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მუსიკოსები", რომლის გამოც მას საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო და დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

1996 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, საფრანგეთში. 1996 წელს ვენეციის კინოფესტივალზე მოეწყო მისი ფილმების რეტროსპექტივა.

მიხეილ კობახიძე იყო მსახიობ გეგა კობახიძის მამა, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის მონაწილის, რომელსაც 1984 წელს ამ საქმის გამო მაშინდელი სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა.

აბაშიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ ქალს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე ქალს თავს დაესხნენ.

შს სამინისტროში ადასტურებენ ქალზე თავდასხმის ფაქტს და აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დამატებით კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა ტაქსის მძღოლმა მიაყენა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG