Accessibility links

site logo site logo

საია: გამოიკვეთა ამომრჩევლის ნების კონტროლის ნეგატიური ტენდენცია


არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“(საია) შეფასებით, 19 მაისს, კენჭისყრის პროცედურები ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც დაძაბულ გარემოსა და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

საია-ს დამკვირვებლების ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის ფაქტები დაფიქსირდა ზუგდიდის ოლქის მე-9, 95-ე, 97-ე და 87-ე საარჩევნო უბნებზე. საია მიიჩნევს, რომ ამგვარი ფაქტები ამომრჩეველში აჩენს ხმის მიცემის პროცესისგან დისტანცირების სურვილს და უარყოფით გავლენას ახდენს მათ მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებითვე, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაც. საია-ს ინფორმაციით, ეს პირები ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები დამკვირვებლებმა ვიდეო კადრებზეც დააფიქსირეს ზუგდიდის პირველ და მეოთხე საარჩევნო უბნებზე

„მართალია, არცერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და კონტროლის განცდას უჩენს. ეს ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG