Accessibility links

site logo site logo

პოლიციამ გიორგი კაპანაძე გაათავისუფლა


გიორგი კაპანაძის დაკავების გამო, ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია

სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაკავებული, ინტერნეტ მედია ჯგუფის (itv.ge, presa.ge, droni.ge) დირექტორი გიორგი კაპანაძე.

ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტის სუზი მკრტიჩიანის ინფორმაციით, იმყოფებოდნენ სოფელ რუხში და ათვალიერებდნენ პოლიციის „პიკაპებს,“ სადაც ხელკეტები შენიშნეს. მკრტიჩიანის მტკიცებით, პოლიციელებმა კაპანაძე ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

"13 საათისთვის, ზუგდიდში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩაზე, გიორგი კაპანაძე, მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, რომ შეეწყვიტა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანასა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმება და დათვალიერება, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და ამავე დროს დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მოგვიანებით, დაახლოებით 15 საათზე, ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, რესტორან „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, გიორგი კაპანაძემ განახორციელა ანალოგიური ქმედება, რა დროსაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება" - განუცხადეს სააგენტო "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

გათავისუფლების შემდეგ, გიორგი კაპანაძემ თქვა, რომ „გახარიამ პოლიციელები აქცია ჩვეულებრივ კრიმინალებად და მათ მოაწყვეს პროვოკაცია."

"ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას და დაახლოებით 15 პოლიციელი მოვიდა. ოპერატორის, ჟურნალისტის და ჩვენი მეგობრების თვალწინ პროვოკაცია მოაწყვეს, თითქოს მე მათ რაღაც სახის წინააღმდეგობა გავუწიე, თითქოს არ დავემორჩილე“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

კაპანაძის დაკავების გამო, ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები და მხარდამჭერები და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლებმაც ხელისუფლება მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

ზუგდიდში მომხდარი ფაქტი პოლიციელებზე თავდასხმად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„ის, რაც თქვენ გააკეთეთ, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფაქტობრივად თავს დაესხით და ის პოლიციელები მოთმინებით გიყურებდნენ, ამას, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს და შეფასებაც“, - უთხრა ჟურნალისტებს სენაკში მყოფმა გიორგი გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG