Accessibility links

ახალი ამბები

სააკაშვილი: მხარს ვუჭერ სანდრას მოწოდებას, გავიდეს და მოიაროს საქართველოს თითოეული ქალაქი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველოში "არჩევნები გაუქმდა" და დასძენს, რომ მხარს უჭერს სანდრა რულოვსის მოწოდებას, "გავიდეს და მოიაროს საქართველოს თითოეული ქალაქი".

"იმისათვის, რომ ჩვენ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში, ან ქვეყნის მასშტაბით, ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარების, მეგობრებო, ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ შორდება ივანიშვილი, და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში არის შეუთავსებელი. ეს მე შემეძლო გადმომეცა ხელისუფლება მშვიდობიანად, ეს კაცი არაფრის გადმოცემას არ აპირებს არც ერთი ფორმით" - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ მხარს უჭერს სანდრა რულოვსის მოწოდებას "გახვიდეთ და მოიაროთ საქართველოს თითოეული ქალაქი, ქუჩა და უბანი".

"ჩვენ სხვა რამ გვჭირდება ხარისხობრივად, ეს აღარ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო, ცოტა ვიბუზღუნეთ და დავიშალეთ. ბრძოლა გამარჯვებამდე" - აცხადებს ექსპრეზიდენტი.

მანამდე ზუგდიდის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. "თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“ - განაცხადა რულოვსმა.

პარლამენტის სპიკერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი, გეგა შენგელია იმარჯვებს, ხმათა 54.08 პროცენტით.

ყველა ახალი ამბავი

საპარტიარქო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

„დღეს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალებია შეყვანილი.

მამუკა ბახტაძე: რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა

"სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.

მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართული კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული" - თქვა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებსაც სამართალმდაცველები წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით შლიდნენ.

აქცია პარლამენტის წინ სპონტანურად დაიგეგმა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის წევრმა, სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიმართა პარლამენტში მართლმადიდებლური ანსამბელის მონაწილეებს და ქართველ დეპუტატებს.

აქციაზე რეზინის ტყვიებით დაშავდნენ ჟურნალისტები

თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ ჟურნალისტები. სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა რამდენიმე მათგანს.

რეზინის ტყვიით დაშავდა როიტერსის კორესპონდენტი სამხრეთ კავკასიაში მაკა ანთიძე.

დაშავდნენ მედიასაშუალება On.ge-ს ჟურნალისტები გვანცა ნემსაძე და ანა ვახტაგაძე მათაც რეზინის ტყვიები მოხვდათ.

რეზინის ტყვია მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. რეზინის ტყვია მოხვდათ ტვ პირველისა და რუსთავი 2-ის ოპერატორებსაც.

პარლამენტის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლის

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლის.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა.

აქციის მონაწილეები სპეცრაზმს წინ უწვებიან.

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შემოჰყავთ

GEORGIA-PROTESTS/POLICE

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის დამატებითი ძალები შემოჰყავთ. ვითარება პარლამენტის წინ უკიდურესად დაძაბულია.

დაშავებულები ჟურნალისტებიც.

დაპირისპირებაა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის

პარლამენტის წინ სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. მათ შორის ხელჩართული ჩხუბია. მოქალაქეთა ნაწილი რკინის ჯებირებით ცდილობს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც მათი მისამართით კვლავ ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებსა და ხელკეტებს იყენებს.

დაიძაბა ვითარება პარლამენტთან

დაიძაბა ვითარება რუსთაველის გამზირზე. კვლავ ისმის სროლის ხმა, სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს იყენებს. სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ამ დროისათვის, პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

მათი მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და პარლამენტის თავმჯდომარე.

საპროტესტო აქცია მოჰყვა, 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას მართლმადიდებლობის ასამბლეაზე, რომელიც თბილისში 19-22 ივნისს იყო დაგეგმილი.

სერგეი გავრილოვმა და რუსეთის დუმის სხვა დეპუტატებმა თბილისი მწვავე პროტესტის ფონზე, ნაჩქარევად დატოვეს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას.

ჯანდაცვის სამინისტრო: აქციაზე 17 მოქალაქე და 38 სამართალდამცველი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად, 17 მოქალაქე დაშავდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ამ ეტაპზე ყველა მათგანი თბილისის სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, დაშავებულია 38 სამართალდამცველი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოთხ მათგანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ხოლო დანარჩენებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დემონსტრანტების მისამართით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები ისროლეს.

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ხალხს რეგიონებიდან თბილისისკენ დაიძრან

„მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში მიმართვას ავრცელებს.

„მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო აქციის მონაწილეების გამბედაობის მიმართ, ძალიან მაგარი ხალხია. ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც ერთდროულად ეთერში უყურებს დაახლოებით 18 500 ადამიანი, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია საქართველოში ნებისმიერი ფეისბუკ-აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და ქართველები მსოფლიოს მასშტაბით ფეხზე არიან. მე მინდა, მოვუწოდო რეგიონებიდან ჩვეულებრივ ადამიანებს, ყველას, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია ან იმ ხალხს, რომელიც არ მეთანხმება, ამას მნიშვნელობა არ აქვს: ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დაიძრათ თბილისისკენ ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად. ვიცი, რომ სენაკიდან, წალენჯიხიდან, აჭარიდან მოდის ხალხი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ, რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას. მოლდოვამ, სომხეთმა, უკრაინამ მოიშორეს, საქართველო არავიზე ნაკლები არ არის. თქვენ იცით, დაიძარით, ყველანაირ საორგანიზაციო დახმარებას აღგითქვამთ, მაგრამ ახლა უკვე ვისაც შეუძლია, თავისი რესურსებით უნდა დაიძრას უახლოეს წუთებში, უახლოეს საათებში. ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს, არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, თავი დაიძვრინოს აქედან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

პარლამენტის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ცოტა ხნის წინ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. არიან დაშავებულები.

შსს განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის წინ მიმდებარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:

„როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტორს მოახდენს რეაგირებას“, - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე საათია დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო აქციის მონაწილეები შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება,.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში განცხადებას ავრცელებს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში აცხადებს: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ.

პარლამენტის შენობის წინ აქცია დაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

პარლამენტის შენობა მთლიანად ბლოკირებული აქვთ სპეცრაზმელებს.

არიან დაშავებულები. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ.

არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაცით დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

„ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ“,- წერსცსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

არიან დაშავებულები, ხილული სისხლმდენი დაზიანებებით. მათთვის დახმარების აღმოჩენას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ხალხი მნიშვნელოვნად შემცირდა პარლამენტის შენობის წინ. თუმცა გაფანტული დემონსტრანტები თანდათან ისევ იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცრაზმი. პარლამენტის შენობაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, "შეინარჩუნონ სიმშვიდე" და "მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში"

თბილისში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: "ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში".

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დემონსტრანტები იშლებიან.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ყელის წვა და ცრემლდენა.

მანამდე, ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ და განახლდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები სამართალდამცველებს, სავარაუდოდ - სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ართმევდნენ ფარებსა და ჩაფხუტებს. იყო ცარიელი ბოთლების სროლის შემთხვევებიც.

აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, რომ სამართალდამცველები სათითაოდ შეეთრიათ სიღრმეში და მოექციათ ხალხის ალყაში. სავარაუდოდ, ასეთი ქმედების მიზანი იყო სამართალდამცველთა რიგების შეთხელება.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ „საქართველო, საქართველო“.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები - როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სამართალდამცველების რიგებში.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების არაერთი ავტომობილი.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

ნინო ლომჯარია: პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!

„საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!“ - აცხადებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია.

„შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები უკვე ერთ საათზე მეტია პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან ხელში აყვანილი გამოიყვანეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც ვითარება დაძაბულია, მოქალაქეებმა ხალხმრავალი აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელში აყვანილი გამოიყვანეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას კვლავ ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

მამუკა ბახტაძე: ძალადობას გაეცემა ადეკვატური პასუხი

"მე ვიზიარებ თქვენს გულწრფელ პროტესტს და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს მომხდარზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არის პროვიკაცია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ.

მისი განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენა საქართველოს პარლამენტში მიუღებელია თითოეული ქართველისათვის და თავადაც სოლიდარულია საქართველოს საზოგადოების გულწრფელი პროტესტის მიმართ, მაგრამ ის, რაც მისი სიტყვებით საქართველოს პარლამენტში ხდება ამ წუთებში, არის ძალადობა:

"ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიყვანის საქართველო სასამართლებრივი ჩარჩოებიდან. მთელი 7 წლის განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა ცდილობდა შემოეტანა დისონანსი და არ გამოსდიოდა. არც ახლა გამოვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მიმართა ახალგაზრდებს და თქვა, ძალადობა არის მიუღებელი, რომ საქართველო არის შემდგარი ქვეყანა, რომელიც ძალადობას არ შეურიგდება.

"ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა პრემიერმა ამუკა ბახტაძემ.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს დაიცვან წესრიგი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით იმ ოპოზიციონერთა მიმართ, ვინც ხალხს აქეზებს კანონის პროპორციული ზომები იქნება გამოყენებული.

„მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც აქეზებენ საზოგადოებას დაიცვან კანონი ისევე განუხრელად, ისე როგორც ეს ხდება სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართ ვინც ორგანიზებას უკეთებს ამ შტურმს და შეტევას საკონსტიტუციო ინსტიტუტზე და წესრიგზე იქნება პროპორციული რეაგირება კანონმდებლობის ფარგლებში“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პრემიერი ბახტაძე პარლამენტში მივიდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა, თუმცა ჯერჯერობით მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარლამენტის შენობაში ასევე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც.

საკანონმდებლო ორგანოში მივიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძეც, რომელმაც ჟურნალისტებს პარლამენტიდან გასვლა მოსთხოვა. მისი განცხადებით, სიტუაცია არ არის უსაფრთხო და პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები უნდა დარჩნენ.

პარლამენტის წინ ამ დრომდე გრძელდება ხალხმრავალი აქცია, რომლის მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის და შს მინისტრის გადადგომაა.

კახი კალაძე: იმან, რაც პარლამენტის წინ ხდება "შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი"

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, „ის რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი".

კალაძემ თქვა, რომ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.

კალაძემ მოუწოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.

პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ -საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად.

მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას, თქვა კალაძემ.

გიორგი გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, გადავდგები... რაც ახლა ხდება, ტრაგედიაა

ის, რაც ახლა ხდება ტრაგედიაა და დაისჯება ყველა თავდასხმისთვის პოლიციაზე და პარლამენტზე, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფება. პარლამენტის შენობის წინ კი, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.

„ის რაც ხდება ახლა, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედიაა... რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიზეზი იყოს სამართლიანიც... მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა და მოწოდება შეტევისკენ... როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დღევანდელი შემთხვევა, რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და, რა თქმა უნდა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით...

მინდა, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო - პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის უფლებები. მივცეთ პოლიციას საშუალება ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია... ეს არის დღეს ყველაზე მთავარი.

ამის შემდეგ, ყველა ჩვენგანი შევძლებთ, დავსხდეთ წყნარად, მშვიდად დავსხდეთ, ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა

ის რაც აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური მოტივით ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ... არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თანამდებობას, ვინ გადადგება, ვინ დარჩება... რომელი მმართველი პარტია იქნება და ვინ იქნება ოპოზიციაში“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

თქვენ გადადგებით? - ჟურნალისტის ასეთ შეკითხვაზე გიორგი გახარიამ უპასუხა: „უპრობლემოდ. როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“.

რუსეთის დუმის დეპუტატზე, სერგეი გავრილოვზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გახარიამ თქვა, რომ ვერ იხსენებს ასეთ გვარს. თუმცა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მოწვეული რუსი დეპუტატების ჯგუფიდან იდენტიფიცირებული იყო ორი პირი, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობა.

„არ მახსოვს ეს დეპუტატი...შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ჯგუფიდან ამოაგდო ორი გვარი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაში არ ყოფილან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით, ხმაურის ფონზე ჩაიშალა. გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა უკვე დატოვეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG