Accessibility links

site logo site logo

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვებით "ნილი" აღარ მოამარაგებს


თბილისის მერია ხელშეკრულებას უწყვეტს კომპანია „ნილს,“ რომელიც კვების პროდუქტებით უზრუნველყოფდა დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღებს.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ბოლო ხანს კომპანია სკოლამდელ დაწესებულებებს საკვებს დაგვიანებით აწვდიდა და ზოგჯერ უხარისხო პროდუქტსაც, რის გამოც 21 მაისიდან ხელშეკრულება შეუწყდება.

ელოშვილის განმარტებით, ახალი კომპანიის შერჩევამდე ბაგა-ბაღები საკვებს თავად შეიძენენ.

„უკვე მეორე სასაწავლო წელია კომპანია "ნილი" ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და ასევე, unicef-ის სტანდარტების დაცვით ახორციელებდა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ბაღებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მიწოდება ხდებოდა საკმაოდ ჯეროვნად, მიუხედავად მცირედი გადახვევებისა. საკვები იყო ხარისხიანი და კარგი. ჩვენ მუდმივად მხარდაჭერას ვუცხადებდით კომპანია "ნილს". საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციების მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს და ბაღების მონიტორინგის მიერ. ბოლო პერიოდამდე "ნილი" საკმაოდ კარგად ასრულებდა თავის მოვალეობას, რასაც ვერ ვიტყვით უკანასკნელ ორ კვირაზე. არის მუდმივი შეფერხებები, დაგვიანებით საკვების მიტანა, საკვები ხშირ შემთხვევაში იყო უხარისხო და შეუძლებელი იყო მისი გამოყენება და მოგვიწია ჩანაცვლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ხარისხიანი საკვებით ხდებოდა მომარაგება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ვიცე-მერის თქმით, „ნილი“ გაფრთხლებულიც იყო და სხვადასხვა გადაცდომისთვის დაჯარიმდა კიდეც, თუმცა პრობლემები არ მოუგვარებია.

„ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ შეუწყდეს ხელშეკრულება. რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითონ ბაღები განახორციელებენ შესყიდვებს და არანაირი შეფერხება და ხარისხში გაუარესება ამ პერიოდში არ იქნება. ხოლო შემდგომში მოხდება კომპანიის ჩანაცვლება. საუბარია თვენახევრიან-ორთვიან პერიოდზე, სანამ გამოცხადდება საზაფხულო არდადეგები. არდადეგების პერიოდში რომელიმე სხვა კომპანიით ჩანაცვლება განხორციელდება. მომავალი წლისთვის კი გამოცხადდება ახალი ტენდერი“, - თქვა ილია ელოშვილმა.

მისი ინფორმაციით, მერიამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG