Accessibility links

ახალი ამბები

შალვა შავგულიძე არჩევნების შესახებ: ეს იყო ცილისმწამებლური, უღირსი, „შავი“ პიარ-კამპანია

არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, რადგან საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატები- ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

„გუშინ მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 36% მოვიდა არჩევნებზე და მათგან ნახევარზე მეტმა ხმა არ მისცა ხელისუფლების კანდიდატს. ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ხმების 41% და ეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ თაკილობდა, გამოეყენებინა ყველა დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდი არჩევნებში წარმატების მისაღწევად, ეს იყო ცილისმწამებლური, უღირსი, „შავი“ პიარ-კამპანია, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ანგარებით დაპირებების გაცემა ამომრჩეველზე თუ სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მან საზოგადოებას მეორე ტურში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„როგორც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მივიღე არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 37%, დაახლოებით 4%-ით ნაკლები ხელისუფლების კანდიდატზე, მაგრამ საერთო ჯამში ოპოზიციურმა კანდიდატებმა მივიღეთ გაცილებით მეტი რაოდენობის ხმები, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ე.ი. ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა სახელისუფლებოს.

მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის საჭიროა მთაწმინდელი ამომრჩევლის ცოტა მეტი აქტივობა, რადგან 36% არ არის მაღალი აქტივობა. მაღალი აქტივობა განაპირობებს ოპოზიციური ხმების მატებას, რადგან ხელისუფლებამ ამოწურა თავისი მხარდამჭერების მოყვანის რესურსი“, - აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

შალვა შავგულიძის განცხადებით შესაძლოა სწორედ მთაწმინდის ოლქიდან დაიწყოს არსებული ხელისუფლების შეცვლის პროცესი.

ცესკოს საბოლოო წინასწარი შედეგების თანახმად მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შალვა შავგულიძემ ამომრჩევლის ხმათა - 36,83 % ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ 41 % მიიღო.

ყველა ახალი ამბავი

პომპეო ირანის წინააღმდეგ „გლობალური კოალიციის“ შექმნას ესწრაფვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ირანის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის შექმნას სურს. პომპეო 23 ივნისს გაემგზავრას პარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე სამეფო - საუდის არაბეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ვაშინგტონის დატოვებამდე პომპეომ რეპორტიორებს განუცხადა თავისი მიზნის შესახებ, რომ მასპინძლებს დაელაპარაკება იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ გლობალური კოალიციის შექმნა, კოალიციისა არა მხოლოდ სპარსეთის ყურის მიმდებარე ქვეყნებთან ერთად, არამედ აზიასა და ევროპაში, რომელიც მზად იქნება პასუხი გასცეს მსოფლიოში ტერორის უდიდეს დამფინანსებელს. პომპეო გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნათქვამს, რომ მზად არის ირანთან მოილაპარაკოს წინაპირობების გარეშე, რათა ძველი მტრებს შორის დაძაბულობა განელდეს.

დაძაბულობა გამწვავდა მას მერე, რაც აშშ გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული ბირთული შეთანხმებიდან და კვლავ დაუწესა ირანს სანქციები. ტრამპს სურს აიძულოს ირანი დათანხმდეს ბირთვული შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებას. ტრამპის აზრით, შეთანხმება არასაკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ ირანს ხელი ააღებინოს ბირთვული იარაღის განვითარებაზე. აშშ-ის პრეზიდენტს სურს, რომ დაიყოლიოს ირანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვაზე და ხელი ააღებინოს მას ახლო აღმოსავლეთში „უკეთურ“ ქცევაზე.

ბახტაძე: ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ კონსტიტუციას

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უპრეცედენტო უწოდა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩატარების შესახებ.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა ახალ კონსტიტუციაში, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო მათი წარმომადგენლობა პარლამენტში. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს არის ბუნებრივი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო იმის ხილვა, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ სურვილი, აიღონ პასუხისმგებლობა და საზოგადოებასაც აქვს ჯანსაღი განცდა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე“, - განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობენ პარტიები, რომლებსაც პარლამენტში ფართოდ წარმოდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, ამიტომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვრით, ფაქტობრივად, ზღვრის გარეშე ჩატარდეს შემდეგი არჩევნები და პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ფაქტობრივად, ყველა ამომრჩევლის ხმა.

„ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველოს სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო დემოკრატიად. რა თქმა უნდა, განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც დღეს იმყოფება საქართველო, ამას შეიძლება მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით, ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამით ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც არის იმის საფუძველი, საქართველო გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა და უფრო წარმატებით დავძლიოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს წინაშე არსებული მძიმე გამოწვევები“, - განახადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ისინი საუბრობენ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. „იმათ, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული, რომლებიც მოტივირებულნი არიან მუდამ, რომ გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მედიის შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კონსულტაციები არ გაიმართება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საპროტესტო აქციებში მონაწილე სხვა პარტიებთან, ბახტაძემ უპასუხა: „ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, პასუხს გასცემს კანონი და რაც შეეხება კონსულტაციებს, ის გაიმართება ყველასთან, მათ შორის არსებობს შესაბამისი ფორმატი, რომელიც პარლამენტშია შექმნილი.“

„ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე, პარლამენტის გარეთ მყოფ ოპოზიციას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სულხან სალაძე: ნულპროცენტიანი ბარიერი არ არსებობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, ნულოვანი ბარიერი არ არსებობს, პარლამენტში 150 ადგილია და ამ ადგილებზე უნდა გადანაწილდნენ დეპუტატები, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად რაღაც მინიმალური ბარიერი მაინც უნდა იყოს. ყველა ვინც ხმას მიიღებს, ის პარლამენტში ვერ მოხვდება.

„სავარაუდოდ ბარიერი 1 %-ის ფარგლებში იქნება, რაც პარტიამ უნდა გადალახოს, იმისთვის, რომ მისი დეპუტატი მოხვდეს პარლამენტში“, - ამბობს სულხან სალაძე.

მისი სიტყვებით, პროპორციული სისტემის მთავარი ღირსება ის არის, რომ ის ზუსტად ასახავს ამომრჩევლის ნებას. იმისთვის, რომ გაირკვეს დაახლოებით რამდენპროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევს პარტიას საჭიროა, ამომრჩევლის რაოდენობა გაიყოს 150 ანუ პარლამენტში ადგილების რაოდენობაზე და ეს იქნება ერთი მანდატის ფასი:

„რამდენ ხმასაც აძლევს ამომრჩეველი პარტიას, იმდენ მანდატს იღებს ის პარლამენტში“.

სულხან სალაძის ვარაუდით, ასეთი სისტემით ჩატარებული არჩევნები მმართველ გუნდს კოალიციის შექმნას აიძულებს პარლამენტში, რათა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმების მოგროვება შეძლოს, ასევე მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს უჩნდებათ შანსი, მოხვდნენ პარლამენტში, საინტერესო იქნება ასევე როგორ შემადგენლობის იქნება პარლამენტი და როგორ მოხდება მთავრობის ფორმირება, - აცხადება სულხან სალაძე.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თანახმაა, რომ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით.

გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.

"ქართული ოცნება" უპასუხოდ ტოვებს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას

გიორგი გახარია

საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომას არ ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ, როცა პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება, არც მან და არც პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ არ უპასუხეს მედიის შეკითხვას, იგეგმება თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე არ უსაუბრიათ.

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნაა. ამასთან, უმთავრეს მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. სწორედ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას 20-21 ივნისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტებით გამოყენებაში.

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

"ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დათანხმდა

ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თანახმაა, რომ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით.

გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს ნულოვანი საარჩევნო ბარიერით.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ამ შინაარსის განცხადება წაიკითხა:

"პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებასსულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას."

"ქართული ოცნების" მიერ მიღებული, მოქმედი კონსტიტუცია მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მაჟორიტარულის გაუქმებას 2024 წლიდან ითვალისწინებს.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნაა. ამასთან, უმთავრეს მოთხოვნად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. სწორედ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას 20-21 ივნისის აქციის დაშლისას ძალის გადამეტებით გამოყენებაში.

კლინიკაში რჩება პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებული 19 ადამიანი

20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულთაგან 19 კლინიკებში რჩება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე მათგანი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენ 17 ადამიანს კი ჯანმრთელობის მსუბუქი ან საშუალო დაზიანება აღენიშნება.

აქციის დაშლისას სულ დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი.

სააკაშვილი: არ უნდათ მხეცებს ცვლილებები, მაგრამ მაინც მოუწევთ

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან რეგისტრაციაზე უარის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და გაიმარჯვებენ.

„არ უნდათ მხეცებს ცვლილებები, მაგრამ მაინც მოუწევთ“ - ამბობს სააკაშვილი კიევის აეროპორტში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, რომელიც დღეს დილით გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატთა სიის რეგისტრაციაზე უარი პეტრო პოროშენკოს თანამოაზრეთა დამსახურებაა. სააკაშვილმა დაასახელა „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელი შეპილოვი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სევასტიანოვი.

მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პირობებში შეძლებენ „იდიოტიზმის გარღვევას.“ სააკაშვილის განცხადებითვე, მათ იურიდიულ წვრილმანებზე ედავებიან, მაგრამ „ახალ ძალთა მოძრაობას“ საუკეთესო იურისტები ჰყავს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ადგილზე ჯდომას არ აპირებს და მიემგზავრება ოდესაში, სადაც ადგილობრივ ამომრჩევლებს შეხვდება.

23 ივნისს, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატთა სიის დარეგისტრირებაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის მიერ 21 მაისს გამოცემული განკარგულებით დაინიშნა და შესაბამისად, სააკაშვილის პარტიის მიერ 8 მაისს ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვერ იქნებოდა განხილული ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის საკითხი.

რაც შეეხება „ახალ ძალთა მოძრაობის“ მიერ 10 ივნისს გამართულ ყრილობას, რომელზეც კანდიდატთა სია დამტკიცდა, უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასებით, ეს ყრილობა პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა. უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მიერ 8 მაისს და ყრილობაზე 10 ივნისს დამტკიცებული ოქმების ასლებს შესამოწმებლად პოლიციაში გაგზავნიან.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისსაა დანიშნული.

"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

სხდომაზე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. პოლიტსაბჭოს სხდომა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომით გაგრძელდება.

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

მოთხოვნებად რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ძალის გადამეტებაში დამნაშავეთა დასჯა, დაკავებულთა გათავისუფლება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

რუსული მედიის ცნობით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ერთადერთ ზომად დარჩეს

საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, რუსეთის მიერ მიღებულ ერთადერთ ზომად დარჩეს, თუ სიტუაცია ფარგლებს არ გასცდება - ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს თქმით, ამჟამად დგას „ცალკეულ რუსულ გამოხდომაზე შეზღუდული რეაქციის“ საკითხი, ბოლო წლებში საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა კი მიჩნეულია წარმატებულად, რომელსაც გადახედვა არ სჭირდება.

“ვედომოსტის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერება გამოწვეული იყო არა მხოლოდ დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული ინციდენტით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რომ თბილისში სიტუაციის გამწვავებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება.

21 ივნისს, პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს აუკრძალა საქართველოში მგზავრების გადაყვანა. მიზეზად დასახელდა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის მოქალაქეების დაცვა.

საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა ასამბლეის სხდომა. პროტესტის გამო სესია ჩაიშალა, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.

22 ივნისიდან რუსეთში დაიწყო ხელმოწერები პეტიციაზე, რომლითაც ამ ქვეყნის მოქალაქეები საქართველოსთან ავიამიმოსვლას ითხოვენ. პეტიციაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უსაფრთხოდ იმყოფებიან, მიტინგები კი საქართველოს მოქალაქეთა უფლებაა. 24 ივნისის დილის 9 საათისთვის პეტიციას ხელს აწერს 18 ათასზე მეტი ადამიანი.

პარლამენტთან შიმშილობის აქცია დაიწყო

საქართველოს პარლამენტთან გაშლილ კარავში შიმშილობა დაიწყო საპროტესტო აქციების მონაწილე სამმა ახალგაზრდამ. პროტესტის ამ ფორმას სავარაუდოდ, სხვებიც მიმართავენ. ახალგაზრდების განცხადებით, შიმშილობას შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომამდე არ შეწყვეტენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ 20-21 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლებასაც, ძალის გადამეტებაში დამნაშავე სამართალდამცავების დასჯას და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

დღეს, 14 საათზე იგეგმება ავტომანქანებით საპროტესტო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ, 19 საათიდან კი აქცია პარლამენტთან განახლდება.

საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს ასამბლეის სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალ ძალთა გაერთიანება“ კანინდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის ცესკოს განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნები 21 მაისის ბრძანებით დანიშნა და შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს 8 მაისის სხდომაზე ვერ განიხილავდა. ასევე, ცესკოს ცნობით, 10 ივნისს პარტიის რიგგარეშე ყრილობა წესდების დარღვევით ჩატარდა.

ცესკოს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებისა და პარტიის ყრილობის ოქმის ასლებს პოლიციაში გადააგზავნიან, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.

უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილებას ფეისბუქის გვერდზე უკვე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ჯერ პოროშენკოს მიერ მართული ბანკი უშლიდა ხელს, ახლა პოროშენკოს მიერ დანიშნული საარჩევნო კომისია უქმნის პრობლემებს.

23 ივნისის საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია 23 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტული იქნება და გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დასრულდება.

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქცია უკვე მეოთხე დღეა იმართება და მისი მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 23 ივნისს აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობა დაიწყო. აქციის დასრულების შემდეგ კანცელარიასთან 3 მოშიმშილე დარჩა.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია 24 ივნისს, 7 საათზე კვლავ გაგრძელდება პარლამენტის შენობასთან.

აქციის მონაწილე: ერთ ადამიანს დაატყდება მალე ჭექა-ქუხილი, თუ არ შეისმენს ჩვენს ხმას

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია 23 ივნისს დასრულდა მშვიდობიანი მსვლელობით კანცელარიისკენ, სადაც საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და თქვეს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

"ერთ ადამიანს დაატყდება მალე ჭექა-ქუხილი, თუ არ შეისმენს ჩვენს ხმას" - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც აღნიშნა, რომ აქცია პარლამენტის წინ, იქ, სადაც "თვალები დათხარეს".

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქცია უკვე მეოთხე დღეა იმართება და მისი მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 23 ივნისს აქციაზე რამდენიმე მონაწილემ შიმშილობის დაწყების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია. ამ დროისთვის სამი ადამიანი შიმშილობს.

აქცია 24 ივნისს 7 საათზე კვლავ გაგრძელდება პარლამენტის წინ.

ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა

რამზან კადიროვის რეზიდენცია გროზნოში.

გროზნოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი მოკლეს.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია.

ინციდენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რეზიდენციის მახლობლად მოხდა. თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

Twitter-ზე წერენ იმასაც, რომ თავდამსხმელებს შესაძლოა ISIS-ის მებრძოლებთან ჰქონდეთ კავშირი.

რუსული მედიის ინფორმაციით, რამზან კადიროვის რეზიდენციის წინ საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა საბუთების შემოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს, ავტომობილის მძღოლმა პოლიციის თანამშრომელს დანა დაარტყა. ინციდენტის შედეგად დაშავებულია პოლიციელი და გვარდიის თანამშრომელი.

21 ივნისს ეფესბემ პოლიციის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსტრემისტული ორგანიზაციის 11 წევრი დააკავა ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ერთი კი - მოსკოვში. ერბეკას ცნობით, დაკავებულები იყვნენ რუსეთში აკრძალული საერთაშორისო რელიგიურ-ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ატ-ტაკფილ ვალ-ჰიჯრის“ წევრები. როგორც იტყობინებიან, ორგანიზაციის წევრები რადიკალური ისლამის იდეებს ავრცელებდნენ და მუნიციპალური ხელისუფლების ორგანოებში თანამდებობის პირთა გადაყენებას ცდილობდნენ. ორგანიზაციის მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნა შარიათზე დამყარებული მმართველობის წესით.

სანდრა რულოვსი: ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს

„მოთხოვნებს მე შევუერთდები. ეს გახარიას გადადგომაა. ეს იმ ხალხის დასჯაა, ვისაც ზედმეტი მოუვიდა 20-21 ივნისს იმ ღამეს. ასევე არის ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით. ეს არის ძირითადი მოთხოვნები. ასევე პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც ამ ბოლო დღეებში იყო დაკავებული. ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ. " - თქვა სანდრა რულოვსმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც შვილთან ერთად მივიდა.

სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ მან მოინახულა აქციისას დაშავებულები. "გაოცებული ვარ, რა გააკეთეს და რა რეზინის ტყვიები გამოიყენეს“, - აღნიშნა ყოფილმა პირველმა ლედიმ.

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქცია უკვე მეოთხე დღეა იმართება და მისი მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

კახა კალაძე: ემოციურ ფონზე პროექტები არ დავივიწყოთ

"დავამთავრეთ კონკრეტული პროექტი, მაგრამ სანამ ამ პროექტზე დავიწყებ საუბარს, მინდა გამოვეხმაურო დედაქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც რა თქმა უნდა იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე." - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ 23 ივნისს მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი პანდუსის პროექტის გახსნისთვის ჩაწერილ ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში.

"რაც 20 ივნისის საღამოს მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ, ამაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პოლიტიკური შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ამას, რა თქმა უნდა, ამ ლიდერების მიმართულებით აუცლებლად მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

რა თქმა უნდა, ამ ემოციურ ფონზე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ქალაქსა და ქვეყანაში განსახორციელებელი პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

შესაბამისად, მე დღეს მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც არის მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორკვანძიანი პანდუსი, დღეს დამთავრებულია. დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს, აქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ კონკრეტული გზით, ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა” - თქვა ქალაქის მერმა.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ერთი წელია მუშაობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობაზე.

გზაგამტარის გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

"იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს სამსახურში, 24 საათიან რეჟიმში გემსახურებით თქვენ, იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე კომფორტული საცხოვრებლად" - თქვა კახა კალაძემ.

"შეგაკვდებით და არ გაპატიებთ დათხრილ თვალებს" - აქციის მონაწილეების ნაწილი შიმშილობას იწყებს

"შეგაკვდებით და არ გაპატიებთ დათხრილ თვალებს", — განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას.

აქციის მონაწილეების ნაწილის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, შიმშილობას დაიწყებენ. ამის შესახებ აქცია #სირცხვილიას ტრიბუნასთან მათმა წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს.

აქცია უკვე მეოთხე დღეა იმართება და მისი მონაწილეები მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

კიევში გაიმართა უკრაინის ისტორიაში უდიდესი გეი პრაიდი

კიევში ლგბტ უფლებების დამცველებმა უკრაინაში აქამდე უდიდესი გეი პრაიდი გამართეს. ათასობით ადამიანმა გაიარა მარშით ქალაქის ცენტრში. ისინი აფრიალებდნენ ცისარტყელას ფერებიან და უკრაინის სახელმწიფო დროშებს. წესრიგს იცავდა ათასობით პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთის მრავალი ქვეყნის დიპლომატებმა. პრაიდის ორგანიზატორთა თქმით, მასში 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. შარშან მონაწილეთა რიცხვი 5000-მდე აღწევდა.

პოლიციის ცნობით, დააკავეს ცხრა პირი, რომლებიც გეი პრაიდის მონაწილეთა წინააღმდეგ პროვოკაციებში არიან ეჭვმიტანილი. გეი პრაიდი კიევში 2016 წლიდან ტარდება. პარალელურად აქციებს მართავენ ხოლმე მისი მოწინააღმდეგეები, მათ შორის მემარჯვენე აქტივისტები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მდინარაძე გვარამიაზე: "ეს არის გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი ან 1% დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს“

მამუკა მდინარაძე

"ეს არის გვარამიას ფანტაზიის ნაყოფი ან 1 % დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს, რომ ასეთ ინფორმაციებს აწვდის",-ასე შეაფასა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის ძალით აღებისთვის ემზადება.

მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა, როგორც ნიკა გვარამიას, ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს ამბები, რომ მსგავსი თემები ბუნებაში არ არსებობს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან 1% დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს.

არანაირი სახელისუფლებო წყაროდან ასეთი ინფორმაცია ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს. მსგავსი საფრთხეები არის შეუძლებელი არსებობდეს. დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ჰაერიდან ნუ თესავთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში," - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ლიეტუვა თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს იმ ვითარებაში, როცა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს აუკრძალა პირდაპირი რეისების განხორციელება საქართველოს მისამართით, ესტუმრონ საქართველოს და ამით დაეხმარონ ქართულ ტურიზმს განვითარებაში.

ლიეტუვის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში Twitter-ზე ავრცელებს მოწოდებას საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

„მოგიწოდებთ ყველას საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას. მიმდინარე წელს ამ ქვეყანაში გამგზავრებით, თქვენი პირადი თავგადასავლებისთვის შესანიშნავი გარემო გელოდებათ”, წერს ლიეტუვის ელჩი.

ელჩის მოწოდებამდე გაიმართა საქართველოს მხარდამჭერი აქციაც.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები რუსულ ავიაკომპანიებს 21 ივნისს აუკრძალა.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად სახელდება „რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვა დანაშაულებრივი ან სხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“.

„2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა (მათ შორის, კომერციული)“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

იმისათვის, რომ პუტინის ბრძანებას ნეგატიური გავლენა არ ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე, მიმდინარეობს აქტიური სოციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებენ თავიანთ ნაცნობებს, იმოგზაურონ საქართველოში.

სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა საქართველოში ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. ახლახანს ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით "Spend Your Summer in Georgia" ("გაატარე შენი ზაფხული საქართველოში"), რომელშიც უკვე რამდენიმე ათეული ათასი ინტერნეტმომხმარებელია გაწევრიანებული.

სარეკლამო ინდუსტიაში მომუშავე კომპანიების ნაწილმა კი ტურისტულ ობიექტებს შესთავაზა დახმარება მარკეტინგულ კომუნიკაციებში, რათა მათ უკეთ მიაწვდინონ საკუთარი ხმა პოტენციურ კლიენტებს.

კახა კალაძე: პარლამენტის შტურმისკენ მოწოდებას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება

კახა კალაძე

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. იგი ამბობს,რომ მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე.

ის, რაც ხდებოდა პარლამენტის დარბაზში, იყო ძალიან მძიმე სანახავი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ეკისრება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვა მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმდჯომარემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობდა.

თუმცა, ის რაც საღამოს მოხდა, მძიმე სანახავი იყო, ამდენი დაშავებული ადამიანი, უმძიმესი კადრები ვნახეთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, იმ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს, ვინც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ამას ამ ლიდერების მიმართულებით მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

ექრემ იმამოღლუ მედიასთან შეხვედრისას.

თურქეთში მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა სტამბოლის მერის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა თავის ოპოზიციონერ მეტოქეს, ექრემ იმამოღლუს. ილდირიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი მერი ღირსეულად ემსახურება სტამბოლის მოსახლეობის ინტერსებს.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველი პარტიის კანდიდატმა ოპონენტს გამარჯვება მიულოცა რამდენიმე წუთში, მას მერე, რაც თურქეთის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ იმამოღლუს ხმების 53,6% აქვს ბიულეტენების 95%-ის დათვლის შემდეგ, ხოლო ილდირიმს - 45,4%. დამარცხებული კანდიდატის თქმით, არჩევნებმა აჩვენა, რომ თურქეთის დემოკრატია შესანიშნავად მუშაობს.

იმამოღლუს გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ თურქეთის უდიდესი ქალაქის მმართველობა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველად აღარ იქნება ერდოანის პარტიის ხელში.

იმამოღლუმ „ახალი დასაწყისის“ პირობა დადო და განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ერდოანთან.

49 წლის იმამოღლუმ 31 მარტს მცირე სხვაობით მოიგო არჩევნები. მაგრამ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებსა და კორუფციას და ახალი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.

უზენაესმა საარჩევნო საბჭომ 6 მაისს არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა და 23 ივნისისთვის დანიშნა განმეორებითი კენჭისყრა, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

ანალიტიკოსთა აზრით, სტამბოლის მერის არჩევნებში მეორე დამარცხება მძიმე დარტყმა იქნება პრეზიდენტ ერდოანისთვის, რომელმაც თავისი პოლიტიკური აღმასვლა სტამბოლის მერობიდან დაიწყო.

არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრირებულია ათ მილიონამდე ამომრჩეველი.

24 ივნისს 14:00  საათზე საპორტესტო აქციის მონაწილეთა ავტოკოლონა შსს-სკენ  სიგნალებით გაემართება

ხვალ, 14:00 საათზე საპროტესტო აქციის ფარგლებში კიდევ ერთი აქტივობა გაიმართება.როგორც აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, ხვალ, 24 ივნისს რესპუბლიკის მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მანქანების ავტოკოლონა სიგნალებით გაემართება.

„ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით. ვინც ქუჩაში იქნებით, გააჩერეთ მანქანა და დაასიგნალეთ. ვაჩვენოთ რამდენი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მოსამართლე ლევან მურუსიძემ 20 ივნისს დაკავებული სამი პირი სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ გაათავისუფლა

ლევან მურუსიძე

20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე დაკავებულები ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე მოსამართლე ლევან მურუსიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისინი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ვინაიდან მათი სამართალდარღვევა წარდგენილ ბრალდებაში 3 დღე -ღამის ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა, ისინი გათავისუფლდნენ. ეს დრო მათი დაკავების მომენტიდან აითვალა.

"მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს", - განაცხადა განაჩენის გამოცხადებამდე ირაკლი ხვადაგიანმა.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ირაკლი ხვადაგიანს, ცოტნე ცხვედიანსა და იოსებ თხელიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 -21 ივნისს დაკავებული სულ11 პირის საქმე განიხილება. საქმეებს განიხილავენ მოსამართლეები ლევან მურუსიძე და შორენა ყავლაშვილი.

აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სოციალური კამპანია #წადი

#წადი - ასე ჰქვია ახალ სოციალურ კამპანიას, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა წამოიწყეს. აქციის მონაწილეებსა და საზოგადოებას მათ მოუწოდეს გახსნან თავიანთი ფეისბუკგვერდები და დაწერონ პოსტი #წადი.

აქცია პარლამენტის წინ მეოთხე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებულთა გათავისუფლებას და არჩევნების პროპორციული საარჩევნი სისტემით გამართვას.

20-21 ივნისს მშვიდობიანი აქცია, რომელიც რუსეთის დუმის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის მოქმედებების გასაპროტესტებლად დაიწყო, პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და ცრელმსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა ასობით ადამიანი, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი. დაშავდნენ სამოქალაქო პირები, ასევე სამართალდამცველები. დაშავებულებს შორის იყო 31 ჟურნალისტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG