Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაჯიმბა და მისი ოპოზიცია ე.წ. არჩევნების გადადებაზე შეთანხმდნენ


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად 25 აგვისტოს გაიმართება.

დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმებას გვიან ღამით მიაღწიეს რაულ ხაჯიმბას და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ე.წ. არჩევნების 25 აგვისტოსთვის გადატანა ხაჯიმბას წინადადება იყო.

მოლაპარაკებაში ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობდნენ სერგეი შამბა, ნოდარ კაკუბავა და თეიმურაზ ხიშბა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებიდან ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია და ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი შამბა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ოპოზიციის მიერ შექმნილი „სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის“ შტაბის უფროსმა, თეიმურაზ ხიშბამ სოხუმში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიცია დათანხმდა ხაჯიმბას წინადადებას. თუმცა, ხიშბამ არჩევნების თარიღად არა 25, არამედ 26 აგვისტო დაასახელა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის საკითხზე დღეს იმსჯელებს.

ხაჯიმბას ოპოზიციამ 20 მაისს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

ოპოზიცია არჩევნების გადადებას მოითხოვდა ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG