Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარიგებული მატჩების საქმე: პატიმრობა შეეფარდა 11-დან 4 პირს


თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საფეხბურთო მატჩების ე.წ. ჩაწყობის საქმეში ბრალდებულებს, ყოფილ ფეხბურთელებს ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს. ასევე პატიმრობა შეეფარდა საფეხბურთო კლუბ "ჭიათურის" ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუას.

გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული კიდევ შვიდი პირი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძესა და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 20 მაისს განაცხადა, რომ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი.

მოქმედი სპორტსმენები კლუბების: „ჭიათურის,“ „ლანჩხუთის გურიის“ და „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები არიან.

სუს-ის ინფორმაციით, "ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.“

სუს-ის ცნობითვე, ამ გზით „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს 93 500 ლარი.”

გამოძიება მიმდინარეობს პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG