Accessibility links

site logo site logo

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“


"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება.

ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც უწოდებენ.

აქციის მონაწილეები 23 მაისს მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.

მოძრაობის წევრები და აქტივისტები ითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ არის აუცილებელი წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის, მუხისა და ძელქვის მოჭრა და მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეაჩეროს ხეების მოჭრის პროცესი, ვიდრე გადაწყვეტილება სათანადოდ არ დასაბუთდება.

ხეების ჭრის პროცესი დაწყებულია. მოსაჭრელად გამზადებული ხეები დანომრილია.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ა(ა)იპ ასოციაცია „ატუს“ ქუთაისში, საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის გამო წითელ წიგნში შეტანილი 60 ძირი იმერული მუხისა და ასევე წითელ წიგნში შეტანილი 49 ძირი ძელქვის მოჭრის უფლება მიეცა.

შესაბამის განკარგულებას ხელი 17 მაისს მოაწერა პრემიერ-მინისტრმა.

საუნივერსიტეტო კომპლექსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორიაზე მეტწილად გამხმარი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად ახალი ხეები დაირგვება.

კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ მურღულია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საკომპენსაციო ღონისძიებები მოჭრილ ხეებთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილია და ის მოიცავს როგორც დასრულებული უნივერსიტეტის ტერიტორიის გამწვანებას, ასევე ბიუჯეტში 15 457 ლარის გადახდას.

თანხას ფონდი „ქართუ“ ფარავს, რომელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას აფინანსებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG