Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინს მეათე ქულა მსაჯთა კონსილიუმმა გაუუქმა


სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, მაისის ბაშოს დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ტოჩინოშინის შიკონათი მოჭიდავე ლევან გორგაძეს ოძეკის წოდებას ისევ ერთი ბრძოლის მოგება აშორებს. უმთავრესი მიზნის მისაღწევად ქართველ რიკიშის ათი გამარჯვება სჭირდება მიმდინარე სუპერტურნირზე. დღეს გამართულ მეცამეტე ტურის შეხვედრაში მიზანთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ... უკვე აღებული მეათე ქულა დოჰიოს მიღმა მყოფმა მსაჯებმა მოუხსნეს.

ავტორიტეტულ მსაჯთა ხუთეულმა ჩათვალა, რომ გიოჯის (დოჰიოს მსაჯის) გადაწყვეტილება საკამათო იყო და მონოი (კონსილიუმი) შეიკრიბა. დაახლოებით ათწუთიანი მსჯელობის შემდეგ გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს. მონოის ვერდიქტმა დარბაზში შეკრებილი მაყურებლის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ტოჩინოშინი, რომელიც „იმპერატორის თასის“ ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იყო, საჩემპიონო ბრძოლას ფაქტობრივად გამოეთიშა. ასანოიამა კი ნაჩუქარი ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

ცამეტი ტურის შემდეგ, ლევან გორგაძის ანგარიშზე ცხრა მოგება და ოთხი წაგებაა. ტოჩინოშინი ასანოიამას ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ იოკოძუნა კაკურიუს - ერთით.

25 მაისს, მეთოთხმეტე ტურში ქართველი რიკიში ოძეკის წოდების დაბრუნებას კაკურიუსთან შეხვედრაში შეეცდება. აქამდე მას ოცდაექვსჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ სამჯერ აჯობა.

რანგით მეორე ჯურიო ლიგაში, გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელისთვის კი მეცამეტე ტური წარმატებული გამოდგა - მერვე გამარჯვება იზეიმა და საბოლოო დადებითი ბალანსი - კაჩი-კოში ვადაზე ადრე გაინაღდა. მომავალ ბაშოს ჯუღელი გაუმჯობესებული რეიტინგით შეხვდება.

XS
SM
MD
LG