Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ში პარტნიორთა კრება დაინიშნა


სამაუწყებლო კომპანიის „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით, 25 მაისს, 15 საათზე პარტნიორთა კრება გაიმართება. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნება დავის ალტერნატიული გზებით გადაჭრის შესაძლებლობა. ყავლაშვილის თქმით, იმის გამო, რომ ნინო ნიჟარაძის პარტნიორები და „რუსთავი 2“-ის დირექტორი ქართულ სასამართლოს არ ენდობიან, სთავაზობს, რომ დავა არბიტრაჟის ან აუდიტორული კომპანიის საშუალებით გადაწყდეს.

„ჩვენ ვთავაზობთ „რუსთავი 2“-ის დირექტორს კიდევ უფრო მარტივ გზას და ეს გახლავთ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემა მსოფლიოში წამყვანი აუდიტორული კომპანიებისთვის” - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თუ აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადგინდება, რომ თანხები, რომელსაც ნინო ნიჟარაძე ედავება პარტნიორებს და დირექტორს, კომპანიის სასარგებლოდ არ არის გაფლანგული, ან რაიმე სხვა ფორმით დაკარგული, სასამართლოდან სარჩელს გაიტანს

„თუ სხვა პოზიცია დადგინდება დასკვნიდან გამომდინარე, შევთანხმდებით სასამართლოთი გაგრძელდეს ეს დავა, თუ არბიტრაჟის მეშვეობით” - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის სურვილია, რომ პარტნიორთა კრებას „რუსთავი 2-ის“ გარდა სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც დაესწრონ, რათა არ მოხდეს ამბის ერთი პოზიციიდან გაშუქება.

მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნინო ნიჟარაძე სხვა მოწილეებისა და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორისგან სასამართლოს გზით ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით - სულ 28 მილიონ ლარს.

ეს მოთხოვნა ხელისუფლების დაკვეთით არხზე მორიგ შეტევად შეაფასა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა ეს მაშინვე უარყო და განაცხადა, რომ წილის მფლობელმა პარტნიორებთან კომუნიკაციის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ დაიწყო სამართლებრივი დავა, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და პარტნიორებს ედავება 28 მილიონ ლარს - მილიონნახევარს თავის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენს ტელეკომპანიის სასარგებლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG