Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება: დავით გარეჯში აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მუშაობდნენ


დავით გარეჯში გარკვეული საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობდა ქედს მიღმა ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებს, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია.

სწორედ ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომაზე, რომელიც 23-24 მაისს ბაქოში გაიმართა.

„საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რაიმე სახის სამუშაოების შესრულება ანდა სტატუს კვოს ცვლილება წარმოუდგენელი და შეუძლებელია. თუკი აზერბაიჯანის მხარე აწარმოებდა რაიმე სამუშაოებს თავის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს არ ნიშნავს რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს კვო.

თუმცა სწორედ იმიტომ, რომ არ შეიქმნას რაიმე აღქმა, თითქოს ხდება რაიმე სახით სტატუს კვოს ცვლილება, ჩვენ დავსვით ეს საკითხი (კომისიის ფორმატში), რომ სასურველი და მნიშვნელოვანია მკვეთრი ნაბიჯებისგან თავის შეკავება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაგრძელდება თუ არა ე.წ. საინჟინრო სამუშაოები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე - ლაშა დარსალიამ არ იცის.

„ფაქტია, რომ ახლა ეს სამუშაოები არ მიმდინარეობს... შესაბამისად, ასეთი შეკითხვები აზერბაიჯანულ მხარეს უნდა დაუსვათ“.

დარსალიას თქმით, ერთობლივი სადელიმიტაციო კომისია ხელმძღვანელობს არა ემოციებით, არამედ ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებით, კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტებითა და სამართლებრივი ბაზით. ამასთან, კომისია ხელმძღვანელობს „ურთიერთპატივისცემისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებიდან გამომდინარე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ემოციები ართულებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების საკითხზე მუშაობას.

„მე მესმის საზოგადოების ემოციები - საზღვრების საკითხი ჩვენთვის, ყველასთვის ემოციურია... ეს ის საკითხია, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართული, ჩვენი მშობლები იყვნენ ჩართული. მაგრამ ამ საკითხისადმი ჩასაფრებულის პოზიციიდან მიდგომა ანდა დაძაბულობაზე ორიენტირებული ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის დელიმიტაციის პროცესს.

არის ბევრი მონაკვეთი და ფიზიკურად ბევრი სამუშაოა ასევე, რადგან ყველა ამოდის თავისი ეროვნული ინტერესებიდან და ვცდილობთ მივაღწიოთ შეჯერებულ პოზიციას ერთობლივი კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარე გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებდა.

ამჟამად პროცესი შეწყვეტილია, თუმცა ერთი ვერსიით - აზერბაიჯანულმა მხარემ დასახული ამოცანა უკვე შეასრულა.

25 მაისს დავით გარეჯში ჩავიდა საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე. მისი ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. ის ამბობს, რომ გაყვანილი ახალი გზა საკმაოდ ახლოს არის მისული ჩიჩხიტურის მონასტერთან.

„ეკლესია ვერაფრით შეეგუება იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები ირღვეოდეს. ჩვენ ვიცით, რომ 1996 წელს ორ სახელმწიფოს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზღვრის დადგენისას უნდა ეხელმძღვანელათ 1938 წელს შედგენილი რუკის მიხედვით...

შემდგომში სადემარკაციო კომისიის მუშაობამ ძალიან სავალალო შედეგი დადო. იმ საზღვრიდან გაცილებით შიგნით არის, კომისიის მიერ დადგენილი ხაზები... საპატრიარქო ძალიან ყურადღებით იქნება შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები და ჩართული იქნება ამ პროცესებში“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG