Accessibility links

ახალი ამბები

თალიბებს ადანაშაულებენ ავღანელ ტყვეებთან ცუდად მოპყრობასა და წამებაში

ავღვანეთი, 2019 წლის 1 მაისი: თალიბები ღაზნის პროვინციაში

გაეროს ინფორმაციით, თალიბანის ტყვეობაში მყოფ ავღანელებს ცუდად ეპყრობიან, რაც, ზოგ შემთხვევაში, წამებად უნდა შეფასდეს. ამ შეფასებას გამოთქვამს ავღანეთში გაეროს დახმარების მისია (UNAMA).

UNAMA-ს 26 მაისს გამოქვეყნებული განცხადებით, მან გამოჰკითხა 13 ადამიანი, რომელიც - დანარჩენ 40-თან ერთად - გასულ თვეში გაათავისუფლეს თალიბანის ტყვეობიდან სამხრეთში მდებარე ურუზგანის პროვინციაში.

25 აპრილს გათავისუფლებულების უმრავლესობას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრები შეადგენენ, მაგრამ დაკავებულებს შორის იყვნენ სამოქალაქო პირებიც. უმრავლესობა 2018 წლიდან იყო ტყვეობაში, სამი ადამიანი - 2016 წლიდან.

UNAMA-მ დაადგინა, რომ ტყვეებს მძიმე პირობების ატანა უხდებოდათ და თალიბები მათ იძულებით ამუშავებდნენ, დიდი უმრავლესობა ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა.

თვითმხილველების ჩვენებით, თალიბებმა მოკლეს, სულ ცოტა, 11 ტყვე.

ყველა ახალი ამბავი

ბულგარეთში ფეხბურთის ექვსი გულშემატკივარი დააპატიმრეს ინგლისის ნაკრებთან თამაშისას რასისტული გამოხდომებისთვის

ბულგარეთში ფეხბურთის ექვსი გულშემატკივარი დააპატიმრეს რასისტული ჟესტებისთვის, მათ შორის ნაცისტების მისალმებისთვის, რომლებსაც ისინი იყენებდნენ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს ბულგარეთისა და ინგლისის ნაკრებ გუნდებს შორის.

ბულგარელი გულშემატკივრები ასევე შეურაცხყოფას აყენებდნენ ინგლისის ნაკრების შავკანიან მოთამაშეებს 14 ოქტომბერს სოფიაში გამართულ მატჩში, რომელიც მსაჯმა ორჯერ შეწყვიტა რასისტული გამოხდომების შესაჩერებლად. ინგლისის ნაკრებმა 6:0 გაიმარჯვა.

ამ მატჩზე მომხდართან დაკავშირებით 15 ოქტომბერს გადადგა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ბორისლავ მიხაილოვი. ფედერაციის ოფისებში რეიდი ჩაატარეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა.


ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა კრასიმირ ბალაკოვმა, რომელმაც ადრე თქვა, რომ არ შეუნიშნავს რასისტული გამოხდომები, მოგვიანებით ბოდიში მოუხადა ინგლისის გუნდს.

გენერალური პროკურატურა: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებითაა გამყარებული

.

გენერალური პროკურატურა ავრცელებს ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის წერილს. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა, რომელიც პროკურატურას უწევს კონსულტაციას, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ წარდგენილი ფულის გათეთრების ბრალდება შეისწავლა.

საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

წერილში, რომელიც გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზეა გამოგზავნილი და რომლის ქართულ ენაზე თარგმნილ ვარიანტსაც პროკურატურა ავრცელებს, ვკითხულობთ:

„ბატონო შალვა,
თქვენი თხოვნით ჩამოვაყალიბეთ ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ჯგუფი“), რათა პერიოდულად მოგვეწოდებინა ჩვენი წერილობითი მოსაზრება მიმდინარე გარკვეულ გამოძიებებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შევაფასოთ სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად საჭირო მტკიცებულებების მიზანშეწონილობა და შესაბამისობა.
ახლახან გვთხოვეთ შეგვესწავლა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებული სესხების მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებები. აღნიშნული სესხები 2007-2008 წლებში გაცემულია სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ ავთანდილ წერეთლის საკუთრებაში არსებულიორი ქართული კომპანიისთვის - შპს „სამგორი M“-ისა და შპს „სამგორი თრეიდისთვის“.
2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა 2008 წელს განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის (ე.ი. ფულის გათეთრება) 16,664,000 აშშ დოლარის ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. მოგვიანებით, ბრალი წარედგინა ავთანდილ წერეთელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ჩვენ პირადად შევხვდით თქვენს თანამშრომლებს თბილისში. გარდა ამისა, გვქონდა დისტანციური საუბრებიც. ჩვენი ანგარიში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე წერილს, სრულად ეყრდნობა თქვენს მიერ მოწოდებულ მასალებს და ჩვენს განხილვებს. აღნიშნული ანგარიშის მიზანი არ არის სრულად მიმოიხილოს ამ ან მასთან დაკავშირებული საქმეების ფაქტობრივი გარემოებები.ანგარიშის ავტორები ასევეარ აცხადებენ, რომ ისინი არიან ქართული საპროცესო სამართლისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ექსპერტები.
ჯგუფისთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას და მისი პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა. მტკიცებულებები ცხადყოფს მრავალ დარღვევას, მათ შორის იმ ფაქტს, რომ „თიბისი ბანკი“-სგან თანხების მიღების შემდეგ, შპს „სამგორი M“-მა და შპს „სამგორი თრეიდ“-მა აღნიშნული თანხები უმოკლეს ვადებში გადაურიცხეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ სს „თიბისი ბანკში“.
გამოძიების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების ცალ-ცალკე განხილვით, შესაძლოა არ დადგინდეს 2007 და 2008 წლებში გაცემულ სესხებთან დაკავშირებით უკანონო ქმედებების არსებობა, მხოლოდ საბანკო სამართლის ტექნიკური დარღვევა. თუმცა, ფაქტები ცალკეულად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენთვის მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით მივიჩნევთ, რომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლისთვის წარდგენილი ბრალდებები უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს, რომლებიც ცხადყოფს საჭირო პრედიკატი დანაშაულის - თაღლითობის არსებობას.
როგორც ჩვენს სრულ ანგარიშში დეტალურადაა განხილული, რომელიც უფრო სიღრმისეულად აფასებს კანონს, ფაქტებსა და შესაბამის საკითხებს, რასაც ყურადღებას მიაქცევს და შეაფასებს სასამართლო, ჯგუფი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები საკმარისია ბრალდების მხარდასაჭერად და ამართლებს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურებს.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
პოლ კოფი მოშე ლადორი“, - ვკითხულობთ წერილში.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთლის კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ისთვის „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ამავე საქმეზე, 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

ავთო წერეთელს 500-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

შსს-მ ლისის ტბაზე მომხდარი დანაშაული გახსნა, ბრალდებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, - ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემულია: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძულებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მათ გ.ვ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაულის მოტივი გახდა ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ვინაიდან ხუთივე ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათზე გამოცხადებულია ძებნა. მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახალგორის დე ფაქტო რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ფატიმა ფარასტაევას თავმჯდომარეობით გამოტანილი განაჩენი. მან დააკმაყოფილა მეარაყიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ახალგორის პროკურატურაში დაბრუნების თაობაზე.

მოსამართლე დაეთანხმა მტკიცებას, რომ მეარაყიშვილის მიმართ საბრალდებო დასკვნა შედგენილი იყო დარღვევებით. კერძოდ, საქმეში არ იყო მითითებული ჩადენილი დანაშაულების ადგილები და გარემოებები, მეარაყიშვილის კონკრეტული ქმედებები.

დე ფაქტო პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. უმაღლეს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენება და მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება.

თამარ მეარაყიშვილი ხშირად გამოდის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკით, ამიტომ ამ საქმეების აღძვრისთანავე ის მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავდნენ. თამარ მეარაყიშვილის დასაცავად არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აიმაღლა ხმა.

მეარაყიშვილს ორი წელია, რაც დოკუმენტები ჩამორთმეული აქვს და ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალება არ ეძლევა.

სუს-ის უფროსობის კანდიდატმა "ევროპულ საქართველოს" აკაკი ბობოხიძის განცხადება გაახსენა

გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონდა იმ შინაარსის ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეეძლო საქართველოში არ შემოეშვა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისი განარტებით, გავრილოვს არ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ამიტომ ქვეყანაში მისი არშემოშვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა გრიგოლ ლილუაშვილს ჰკითხა, სერგეი გავრილოვის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, რატომ არ გასცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეკომენდაცია, რომ ის საქართველოში არ შემოეშვათ.

კანდელაკის თქმით, ივნისის ბოლოს გავრილოვმა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში განაცხადა, რომ ომის დროს ნამდვილად იყო აფხაზეთში და ქრისტიანებს ეხმარებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ სპეცსამსახურების ბიოგრაფია აქვს, იყო კოსოვოში, დნესტრისპირეთში, ერაყის ორივე ომის დროს იყო, მათ შორის, პირველი ომის დროს სადამ ჰუსეინის ოფისში. ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი რომ ამბობს - ათასობით ადამიანი რომ დაიღუპა, ჩვენი თანამოქალაქე - იქ(აფხაზეთში) ვიყავი, ოღონდ ქრისტიანებს ვეხმარებოდიო, ესე იგი, არ გაგიჩნდათ მაინც სურვილი, რომ ამ ადამიანის არშემოშვების რეკომენდაცია გაგეცათ“, - მიმართა გიორგი კანდელაკმა გრიგოლ ლილუაშვილს.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის საპასუხოდ გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ არშემოშვების პოლიტიკას აწარმოებენ მკაცრად სამართლებრივ საწყისებზე და არა ინტერვიუების და საჯარო განცხადებების მიხედვით.

ლილუაშვილმა კანდელაკს შეახსენა მისი თანაპარტიელი აკაკი ბობოხიძის განცხადება, რომ აფხაზეთში ვიღაცას ხოცავდა.

„შეიძლება, მსგავსად თავი მოიწონა ვიღაცამ უბრალოდ, მიკროფონთან სალაპარაკოდ, გავრილოვს ვგულისხმობ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. მან გიორგი კანდელაკს ჰკითხა, გავრილოვს ომში მონაწილეობა ბიოგრაფიაში უწერია? ლილუაშვილის თქმით, მათი მონაცემებით, გავრილოვი ომში არ მონაწილეობდა.

სუს-ის უფროსობის კანდიდატი დაინტერესდა, როგორ უკავშირებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები 2008 წლიდან მოქმედ ანტისაოკუპაციო კანონს 90-იან წლებში აფხაზეთში ყოფნას.

საპასუხოდ, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ გავრილოვი საქართველოს სუვერენიტეტისთვის არასასურველი პირია და ქვეყანაში ამიტომ არ უნდა შემოეშვათ.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარეს, რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს სხდომა მიჰყავდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან.

20-21 ივნისს, სამართალდამცავებმა პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები სპეციალური საშუალებების, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობა. დაშავდა 240-მდე ადამიანი, 305 დააკავეს.

აშშ-ის ანონიმი წყაროების თანახმად, სექტემბერში ამერიკამ საიდუმლო კიბერშეტევა განახორციელა ირანის წინააღმდეგ

მას შემდეგ რაც გასულ თვეში საუდის არაბეთის ნავთობის ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, აშშ-მა საიდუმლო კიბერშეტევა განახორციელა ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროთა თანახმად, კიბერშეტევა სექტემბრის ბოლოს განხორციელდა და მიმართული იყო „თეირანის მიერ პროპაგანდის გავრცელების“ წინააღმდეგ. ერთ-ერთმა მათგანმა ასევე განაცხადა, რომ კიბერშეტევის სამიზნე იყო ირანის ტექნიკა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რომელი.

პენტაგონში ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

13 სექტემბერს ღამით საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუხსნეს უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით. ამან ნედლი ნავთობის მოპოვების მოცულობა თითქმის გაანახევრა.

იერიშისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს ირანთან დაკავშირებულმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა. მაგრამ ვაშინგტონმა და ელ-რიადმა თეირანი დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიმართავს.

ჯორჯ კენტი: უკრაინის მიმართ პოლიტიკას განსაზღვრავდნენ ტრამპთან დაახლოებული პირები და არა სახელმწიფო დეპარტამენტი

ჯორჯ კენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარდგა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მისი თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავდნენ პრეზიდენტთან დაახლოებული ადმინისტრაციის წევრები და არა სახელმწიფო დეპარტამენტი.

კენტის თქმით, მიმდინარე წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, თეთრ სახლში გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის აპარატის ხელმძღვანელის, მიკ მალვანის თავმჯდომარეობით. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ უკრაინის მიმართ პოლიტიკისთვის პასუხისმგებელი იქნება სამი ადამიანი - ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ეთქვათ, ხელი არ შეეშალათ მათი მუშაობისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, პერი, სონდლანდი და ვოლკერი არწმუნებდნენ პრეზიდენტ ტრამპს, ზელენსკი თეთრ სახლში მიეწვია. სონდლანდმა და ვოლკერმა შეადგინეს დოკუმენტი, რომელშიც გამოხატული იყო სურვილი, რომ უკრაინის პრეზიდენტს გაეკეთებინა განცხადება, რომ აპირებს გამოიძიოს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობა და 2016 წლის არჩევნებში უკრაინის სავარაუდო ჩარევა. როგორც Bloomberg-ი წერს, კენტმა ასევე უარყოფითად დაახასიათა ტრამპის პირადი იურისტის, რუდი ჯულიანის როლი უკრაინელ მოხელეებთან მოლაპარაკებებში.

ზელენსკი არ გამოვიდა განცხადებით, რომლის პროექტი, როგორც ამტკიცებენ, ვოლკერმა და სონდლანდმა შეათანხმეს. იმ მომენტისთვის მას არც თეთრ სახლში მიწვევა მიუღია. ვოლკერი გადადგა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა იმპიჩმენტის ფარგლებში გამოძიების დაწყების შესახებ.

ის ტარდება სავარაუდო ზეწოლის თაობაზე, რომელსაც ტრამპი ახორციელებდა უკრაინაზე, რათა ზიანი მიეყენებინა პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისთვის. პრეზიდენტის თქმით, მას სურდა, რომ უკრაინას უკეთ ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. აშშ-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურად თქვა უარი გამოძიების საკითხში წარმომადგენელთა პალატასთან თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმა მისცა ჩვენება.

აფხაზეთიდან დევნილები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

აქცია იმართება ოკუპირებულ რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთიდან დევნილები სამინისტროსგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მათი განცხადებით, ბინების გადანაწილებისთვის სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემა უსამართლოა.

დევნილები ასევე მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია, შეაჩერონ ბინების გაცემის პროცესი და ხელახლა განიხილონ ეს საკითხი. მათი თქმით, ბინებს ქულათა მინიჭების საფუძველზე გასცემენ, მაგრამ არის შემთხვევები როცა სამინისტროსგან გარიგების საფუძველზე გაიცემა ბინები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვა დაკმაყოფილდა.

„ერთი თვეა ველოდებოდით მინისტრის ჩამოსვლას. 27 წელი გავიდა და რით ვერ დავაკმაყოფილეთ კრიტერიუმები?! დღეიდან მოვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას. ჩვენ მინისტრს ერთ საათს ვაძლევთ ვადას და თუ არ ჩამოვა, ჩვენ ავალთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თითქმის 1 თვეა რაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ათეული ოჯახი დევნილთა სამინისტროს შესასვლელში იკრიბება. იქ მათ კარავიც გაშალეს. ისინი მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ დროულად დააკმაყოფილოს აფხაზეთიდან დევნილი „ძირი ოჯახები“ ბინებით. ერთ-ერთმა დევნილმა - რომელმაც ბინა ახალი სიითაც ვერ მიიღო - თვითდაზიანებაც სცადა.

11 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილე დევნილთა უმეტესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა.

ჟურნალისტებს ატოცისკენ წასვლის უფლება მისცეს

რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ატოცში. 2018 წლის 18 ნოემბერი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩასვლის ნებართვა მისცა.

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ატოცში გაემგზავრნენ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც.

ჟურნალისტები ორ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთში მდებარე პოლიციის საგუშაგოსთან, საიდანაც სამართალდამაცვები ატოცისკენ არ უშვებდნენ.

მედიის წარმომადგენლები ატოცში მიდიოდნენ საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წაღვლი-ყობის ტყეში შექმნილი ვითარების გასაცნობად.

15 ოქტომბერს, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ და ძალიან დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.

15 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება, ყობის ტერიტორიაზე კი „ბორდერიზაცია“ არ მიმდინარეობს.

კატალონიაში საპროტესტო აქციების დროს 70 ადამიანი დაშავდა, პოლიციამ 50 აქტივისტი დააკავა

კატალონიაში ღამით გამართული საპროტესტო აქციების დროს 70 ადამიანი დაშავდა, პოლიციამ 50 აქტივისტი დააკავა არეულობებში მონაწილეობისთვის. ბარსელონისა და სხვა ქალაქების მოსახლეობა კვლავ გავიდა ქუჩებში, რათა გამოხატოს უკმაყოფილება კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერთა დაპატიმრებების მიმართ. ესპანეთის სასამართლომ ცხრა ადამიანს მიუსაჯა 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ესპანეთიდან რეგიონის გამოყოფის კამპანიის ორგანიზებისთვის.

წუხანდელ საპროტესტო აქციებში 40 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მანამდე დემონსტრანტებმა გადაკეტეს ბარსელონის აეროპორტ ელ-პრატისკენ მიმავალი გზა, რის გამოც ასობით რეისი გადაიდო.

კახა კალაძე: არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკს“ ფულის გათეთრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და ბანკის გადარიცხვებთან ბიძინა ივანიშვილი არაფერ შუაშია.

„პროგრეს ბანკის“ საშუალებით - იმ პერიოდში, როცა ბიძინა ივანიშვილი ბანკის თანამფლობელი იყო - ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს ოპოზიციური „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

„თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ როგორ შეიძინა? არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია“, - ამბობს კალაძე.

კახა კალაძის მტკიცებით, როცა მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, „პროგრეს ბანკს“ დაუწყეს ბრძოლა და გაკოტრება. მისივე თქმით, ერთადერთი მოტივი, რატომაც ბიძინა ივანიშვილმა „პროგრეს ბანკის“ წილი შეიძინა, ბანკის გადარჩენა იყო.

„პროგრეს ბანკი“ და ფულის გათეთრების ეჭვები

  • 2007 წელს „პროგრეს ბანკი“ კახა კალაძემ დააფუძნა;
  • 2011-2012 წლებში ბანკის 22%-მდე ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა;
  • 2013 წელს კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ დატოვა;
  • 2015-დან 2016 წლამდე, ბიძინა ივანიშვილთან ერთად ბანკის თანამფლობელი იყო ილია გავრილოვი, რომელიც საკონტროლო პაკეტს ფლობდა;
  • 2016 წელს, „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი TBC ბანკმა შეიძინა;
  • 2016 წლის 19 ოქტომბერს „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა გაუუქმა.

iFact-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად

საქართველოში შემოსვლიდან მალევე ილია გავრილოვის “ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს” რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერდა.

ჩრდილოკავკასიურმა პატარა ბანკმა “რაზვიტიემ” კი 2015 წელს 12 მილიონი აშშ დოლარი “პროგრეს ბანკში” დეპოზიტზე განათავსა. 2016 წლის ოქტომბერში კი ბანკმა ლიცენზია დაკარგა, სავარაუდოდ, ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრების გამო.

"მთავარი არხის" ვერსიით

არსებობს დოკუმენტები, რომლებითაც მტკიცდება, რომ „პროგრეს ბანკის“ განხორციელებული გადარიცხვებით, დიდი ალბათობით, მოხდა ფულის გათეთრება. "მთავარი არხის" მტკიცებით, ამ პერიოდში ბანკს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით

მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი მოლაპარაკებული იყო "სოსიეტე ჟენერალთან" ბანკ "რესპუბლიკის" აქციების შეძენაზე, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ტრანზაქცია გააჩერა ახსნა-განმარტების გარეშე.

"მე ეს გულის ტკივილით, თუ საყვედურის ტონით ვთქვი, რომ ამდენი ხანია საქართველოში ვაშენებ და რატომ ხდება ასე. ეს ვუთხარი ივანიშვილს. იქ ითქვა ასეთი რაღაც, თუ პროგრეს ბანკსაც იყიდით, იქნებ ეს გარიგება გამოვიდეს", - ამბობს ხაზარაძე.

TBC ბანკმა „პროგრეს ბანკის“ აუდიტი დაიწყო. აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა აღმოაჩინა, რამაც მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს ფულის გათეთრების ეჭვი აღუძრა. TBC ბანკმა შეიძინა „პროგრეს ბანკის“ მხოლოდ რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, ასევე, ბანკი "რესპუბლიკის" 94%-მდე წილი, 315 მილიონ ლარად.

„პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 19 ოქტომბერს გაუუქმა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „პროგრეს ბანკიდან“ საეჭვო გადარიცხვებისა და შესაძლო ფულის გათეთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ აქვთ.

პოლიციამ ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზისკენ გადაადგილება შეუზღუდა

ატოცი

სამართალდამცავები მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცისკენ. პოლიციამ ჟურნალისტები გააჩერა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთის საგუშაგოსთან. იქ იმყოფებიან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც, რომლებიც რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ატოცში მიდიოდნენ. პოლიციამ მათ გადაადგილების უფლება მისცა, მაგრამ მოძრაობის წარმომადგენელმა ჯანო ჟვანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და მათთან ერთად საგუშაგოსთან რჩებიან.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი გვეუბნება, რომ სამართალდამცავები გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ნორმალურ პასუხს არ სცემენ. საგუშაგოსთან იმყოფებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტები ატოცის მიმართულებით მიდიოდნენ საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წაღვლი-ყობის ტყეში შექმნილი ვითარების გასაშუქებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ვითარებას არკვევენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მედიასაშუალებებს სამინისტროდან აცნობეს, რომ 24 საათით ადრე უნდა შეატყობინონ, თუ კონფლიქტის ზონაში გადაადგილებას გადაწყვეტენ. შსს ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ტრადიციულად, მათივე უსაფრთხოების მიზნით ხსნის.

15 ოქტომბერს, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ და ძალიან დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.

15 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება, ყობის ტერიტორიაზე კი „ბორდერიზაცია“ არ მიმდინარეობს.

„ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს

რა თქმა უნდა, ხელშეკრულების არშეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა საჭიროა, რომ ორივე მხარე და, მათ შორის, მთავრობაც ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე, სადაც გამოეხმაურა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე აძლევს.

„რა თქმა უნდა, თვითონ არშეწყვეტის გადაწყვეტილება მისასალმებელია, მაგრამ ახლა, საჭიროა, რომ ორივე მხარე და, მათ შორის, მთავრობაც, ერთობლივი ძალისხმევით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის არსებული საკითხი, რომელიც გადასაჭრელია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით. ჩვენ მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც არის გადასაჭრელი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ინვესტორებთან დაკავშირებითაც.

„ინვესტორებთან მიმართებით ნაბიჯებია გასაკეთებელი, თუნდაც წერილი გასაგზავნი, შეხვედრაა ჩასატარებელი. ასევე ვფიქრობ, დაუყოვნებლივ შეხვედრაა ჩასატარებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ის საკითხები, რომლებიც აქამდეც იყო, ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ერთობლივი ძალებითაა გადასაწყვეტი“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ის გამოეხმაურა მთავრობისადმი 10 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის გასაჯაროების საკითხსაც და განმარტა, რომ, ჯერჯერობით, ეს არ იგეგმება.

„ეს არის წერილი, რომელიც დაიწერა იურისტების მიერ, კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით და, ასე ვთქვათ, ამ დაძაბული ვითარების ფონზე. ჩვენ ვთვლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე და წამოვა დიალოგისკენ, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს პროცესებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 10 ოქტომბერს მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც, როგორც კონსორციუმში აღნიშნავენ, პროექტის წინ წაწევის გეგმაზე იყო საუბარი. თუმცა, თავის მხრივ, ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ წერილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ხედვებს არ მოიცავს.

მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე იძლევა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვას და ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. განაცხადა, რომ "ეს უნდა იყოს ბოლო შანსი" კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესასრულებალდ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობას იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში სამინისტრომ მისი „საბოტაჟირება“ მოახდინა. მისივე თქმით, კონსორციუმმა სამინისტროს ჩააბარა დოკუმენტაცია კონკრეტული ხედვებით და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა.

15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.

ბათუმის ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში რჩება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

სასამართლომ უარი თქვა, წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა კიდევ ორი ბრალდებულისთვის, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების, არჩილ ვანაძისა და ეგარსლან ლომაძისთვის. ადვოკატები 100-100 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

გარდა ამისა, დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა გიორგი ერმაკოვის ოჯახსა და ბათუმის მოქმედ მერს, ლაშა კომახიძეს შორის 7 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმება. ყოფილი მერის ოჯახი მზად არის, ერმაკოვისთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საკუთარი ქონების საფასური, 384 ათასი ლარი გადაიხადოს ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად.

პროკურატურის პოზიცია ის იყო, რომ შეთავაზებული ქონების საფასურსა და სახელმწიფო ბუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს - 1 370 000 ლარს შორის დიდი განსხვავებაა, მერიასთან შეთანხმება კი ახალი არსებითი გარემოება არ არის და აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი ვერ იქნება. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ბათუმის მოქმედ მერს, ლაშა კომახიძეს ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლება საკრებულოს თანხმობის გარეშე არ ჰქონდა. ამ არგუმენტს არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი იყო 2014-2017 წლებში. ერმაკოვი და ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის კიდევ 6 ყოფილი მაღალჩინოსანი 2019 წლის მაისში დააკავეს სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში, სოციალური პროექტის, „იაფი სახლის“ განსახორციელებლად 2015 წელს ჩატარებულ ტენდერს, რომლის შედეგად, ბიუჯეტიდან გაიფლანგა 1 370 000 ლარი.

7 ბრალდებულიდან წინასწარ პატიმრობაში 3 რჩება. 24 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა ბაგრატ მანველიძეს, ბაგრატ ხალვაშს, თენგიზ პეტრიძეს და ვლადიმერ ხინთიბიძეს.

"ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსობის კანდიდატის მოსმენა უნდა შეწყდეს

პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა უნდა შეწყვიტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა.

„საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ კანონის მოთხოვნა ორწლიან სტაჟთან დაკავშირებით, არ აქვს ბატონ ლილუაშვილს შესრულებული“, - თქვა თინა ბოკუჩავამ 16 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი მთავრობამ უკვე განმარტა. „რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატურა და მისი სამუშაო გამოცდილება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს“, - თქვა თალაკვაძემ. მან ბოკუჩავას და სხვა დაინტერესებულ დეპუტატებს მიმართა, დაესწრონ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომას და ინფორმაცია თავად კანადიდატთან გადაამოწმონ.

15 ოქტომბერს, სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის განმარტება, რომლის თანახმად: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართლდამცავ ორგანოებში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი სრულად აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მათ შორის სამუშაო სტაჟის ნაწილში. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდა, გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა თანამდებობებს კანონით სამართალდამცავი სტატუსის მქონე სახელმწიფო ორგანოებში (საბაჟო ორგანოები). შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის წარდგენა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 16 ოქტომბერს, დილის 10 საათზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა. საკომიტეტო მოსმენა 15 საათისთვის უნდა გაგრძელდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

გრიგოლ ლილუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებსა და ასოციაცია „ატუ“-ში. 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წლის დეკემბერში დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის გამო.

მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის კონსორციუმთან“ დაკავშირებით - ეს უნდა იყოს ბოლო შანსი

ეს უნდა იყოს ბოლო შანსი. მგონია, რომ საზოგადოებაშიც უკვე არსებობს კონსენსუსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ გადავადებას, - განაცხადა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე, სადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შესრულების ვადის ამოწურვას და ამასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„გადავწყვიტეთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დრო წლის ბოლომდე მივცეთ, რათა შეასრულოს დროულად ეს ვალდებულებები, რაც აქვს აღებული და ნაკისრი საინვესტიციო ხელშეკრულებით და წლის ბოლომდე მოახერხოს, როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან 400 მილიონი დოლარის მოზიდვის ნაწილში საკუთარი ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ბოლო შანსი, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა:

„დიახ, ეს უნდა იყოს ბოლო შანსი, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2017 წლის აგვისტოს შემდეგ ვავადებთ ვალდებულებების შესრულებას და ეს უკვე მეექვსე გადავადებაა. ბოლო გადავადებით სწორედ რომ წლის ბოლომდე ჰქონდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დადგენილი ეს ვადა. ფაქტობრივად, უკვე ორი წლით გადავავადეთ ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის შესრულება. ამდენად, ალბათ დაგვეთანხმებით და მგონია, რომ საზოგადოებაშიც უკვე არსებობს კონსენსუნსი, რომ ჩვენ უსასრულოდ ვერ მოვახდენთ გადავადებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე იძლევა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა 15 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობას იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში სამინისტრომ მისი „საბოტაჟირება“ მოახდინა. მისივე თქმით, კონსორციუმმა სამინისტროს ჩააბარა დოკუმენტაცია კონკრეტული ხედვებით და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა.

15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.

სუს-ის უფროსობის კანდიდატმა რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებზე ილაპარაკა

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოში მოქმედებს ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები, საინფორმაციო ომი, რბილი ძალა, ეკონომიკური ექსპანსია და ფარული ოპერაციები.

16 ოქტომბერს, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ლილუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ბერკეტებზე, რომლებსაც რუსეთი იყენებს საქართველოს განვითარების შესაფერხებლად.

„მიმდინარე კონფლიქტები, ბორდერიზაციის მცოცავი პროცესი არ არის მხოლოდ ქართული მიწების დატაცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ეს გახლავთ ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებისაკენ, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შანსის შემცირებისაკენ და ამას ძალიან ეფექტურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან მიმდინარე არეულობებით და ექსცესებით ცდილობს საქართველოს შეუქმნას არასტაბილური ქვეყნის სტატუსი, სადაც არა მარტო ეკონომიკური ინტერესები და ინვესტიციები, არამედ ადამიანის უფლებებიც კი შესაძლოა, იყოს დაუცველი. სწორედ ეს არის ამ ექსპანსიის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ფარული ოპერაციები, რომლებიც ძირითადად, მიმართულია ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევისა და ეთნიკურ, რელიგიურ, თუ სხვა ნიადაგზე სამოქალაქო შუღლის გაღვივებისაკენ.

გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით, ფარული ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია კიბერსივრცე და ამ მიმართულებით საფრთხეები მომდინარეობს არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც: „სულ უფრო დახვეწილი გახდა კიბერსაშუალებების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ფსიქოლოგიური გავლენის ღონისძიებების წარმოება, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ფორმირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი რისკია სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელებაც, ამიტომ სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დაცვა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დილის 10 საათზე დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის განხილვა.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

მთავრობა "ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას არ წყვეტს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადას წლის ბოლომდე იძლევა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე“.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და დროულად აწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

ვინაიდან გუშინ, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრაქტიკულად ყველა ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა 2017 წლის 15 აგვისტოდან არაერთხელ, ხოლო ბოლო, მე-12 ცვლილებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;

- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.

იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი ამჯერად შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.

ელენე ხოშტარია: სუს-ი არის პოლიტიკური პოლიცია

„ვფიქრობ, რომ სუს-ი არის დიდი გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის და ზოგადად, ასეთი ტიპის უსაფრთხოების სამსახური აღარ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, როგორც ადრე კუდ-ი იყო და ახლა რაღაც სუს-ი. იმიტომ, რომ რეალურად თქვენი მთავარი ფუნქცია არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, განსხვავებული აზრის დევნა და პოლიტიკური პოლიცია“, – მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს,საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

„მე, მაგალითად, ვიცნობ ძალიან ბევრ თქვენს თანამშრომელს აქციებიდან. შეხუმრებულებიც კი ვართ ხოლმე, იმდენად კომიკურია უკვე სუს-ის მოგზავნა, ვითომ, როგორც სტუდენტის სახით. ან მანქანა რომ დგას,ხელს ვუქნევ ხოლმე,„ნუ წუხდებით“,„ჩემზე ნუ იხარჯებით“, „ტერორიზმის საფრთხეებია და ა.შ“, გარდა ამისა, ეს დემოკრატიის თვალსაზრისით კატასტოფაა“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეს ყველაფერი ხდება, მაშინ როდესაც არსებობს სერიოზული გამოწვევები ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეზე, ასევე მაჩალიკაშვილის საქმეზე, რომელსაც ელენე ხოშტარიას თქმით, სუს-ი ტერორისტს უწოდებს, თუმცა, სერიოზულ არგუმენტებს არ წარმოადგენს ამის დასამტკიცებლად.

„მე არ გთხოვთ ამაზე, პასუხებს, იმიტომ, რომ პასუხი უკვე გაცემულია, თქვენ არ ხართ დაინტერესებული, სახელმწიფო არ არის დაინტერესებული რომ რუსეთი დაისაჯოს ოთხოზორია- ტატუნაშვილთან დაკავშირებით ჩადენილზე. მუხთარლიზე უკვე პასუხი გაცემულია, თქვენ ახლა მართლა გგონიათ, რომ ველოდებით, რომ რაღაც სიახლეს გვეტყვით?“- მიმართა ელენე ხოშტარიამ გრიგოლ ლილუაშვილს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. მანამდე ლილუაშვილი ამ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი შეხვედრა გამართა, სამივე მოიგო და ელიტრაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი მასპინძელთა ნაკრების ძლევით გახსნა - 4:2. ქართველმა ახალგაზრდებმა ყაზახ თანატოლებსაც ორბურთიანი უპირატესობით მოუგეს - 3:1 და ელიტრაუნდის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდეს, ისევე, როგორც ხორვატებმა. ბოლო ტურში კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სწორედ ხორვატიას დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ელიტრაუნდის შეხვედრები 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები

ჟიურიმ დაასახელა 2019 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტები 6 კატეგორიაში.

წლის საუკეთესო რომანი

  • აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  • ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“ (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  • გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  • ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
  • ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“ (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“)
  • დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“ (წიგნები ბათუმში)
  • ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)
  • სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  • ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

  • მიხო მოსულიშვილი, „ობობა“ (saba.com.ge)
  • ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  • ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)

„საბას“ ცერემონიაზე გაიცემა კიდევ ერთი ჯილდო „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

ფინალისტები კატეგორიაში „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი“ მოგვიანებით დასახელდება. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ამ კატეგორიაში ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

გაიზარდა საპრემიო თანხა - სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები 4000 ლარის ნაცვლად 6000 ლარს მიიღებენ, ასევე გაიზარდა ჯილდო „ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ 8000 ლარის ნაცვლად პრიზი 10 000 ლარი იქნება.

2019 წლის ლიტერატურულ პრემია „საბას“ დაჯილდოება ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

გრიგოლ ლილუაშვილი: ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა რუსული ოკუპაციაა

გრიგოლ ლილუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას. მანამდე ლილუაშვილი ამ სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

16 ოქტომბერს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყნისთვის ყველაზე მთავარ გამოწვევად რუსული ოკუპაცია დაასახელა.

„ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები თავისთავად წარმოადგენენ მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისათვის“, - განაცხადა ლილუაშვილმა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და სუს-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ძალები ყოველდღიურად ახორციელებენ უკანონო ქმედებებს - „ბორდერიზაციას“, გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და უკანონოდ დაკავებას და ეს ინსტრუმენტები ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად: „აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა სოფელ გუგუტიანთკარში და ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. ასევე, საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკების არსებული ფორმატები“.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორების - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოსა და გაეროს დახმარებით აგრძელებს ადგილზე მუშაობას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

ამასთან, ლილუაშვილმა აღიარა, რომ ეს მუშაობა ძალიან ეფექტური არ არის, რადგან რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებათა ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბრის გამო, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის შეხვედრები მეტწილად, ნაკლებად შედეგიანია.

„რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყველაზე მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო, საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავება საერთაშორისო პარტნიორების სათანადო ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად, შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსობის კანდიდატმა ისიც თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიცაა.

გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოში მოქმედებს ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები, საინფორმაციო ომი, რბილი ძალა, ეკონომიკური ექსპანსია და ფარული ოპერაციები.

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებში და ასოციაცია „ატუ“-ში. 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წელს დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის გამო.

საია: შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს.

საია-ს განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევები. კერძოდ, ამ ტიპის საქმეთა განხილვისას სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან იყენებს ინფორმაციას ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული.

საია-ს განმარტებით, პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა ეწინააღმდეგება არსებულ კანონმდებლობას, რომლის ცვლილებას საფუძვლად დაედო საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს მოგებული საქმე.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. გადაწყვეტილების შემდგომ განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს ერთი წლის ვადით.

საია-ს განცხადებით, მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ერთ წელზე მედი ვადით ინახავს.

საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები კანონთან შეუსაბამო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

გოგა ბითაძე „ინდიანას“ რიგებში პირველსავე მატჩში ბომბარდირი გახდა

„ინდიანა პეისერსში“ გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების 20 წლის ცენტრმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სეზონისთვის მოსამზადებელ შეხვედრაში ძალიან კარგი თამაშით გაახარა ქომაგები.

„ინდიანა“ „მინესოტას“ დაუპირისპირდა და ბითაძე თავის გუნდში ბომბარდირი გახდა - ინდიანელთა ქართველმა ლეგიონერმა მოედანზე გატარებულ 24 წუთში 14 ქულა ჩააგდო და 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარებაც მიითვალა. გოგა ბითაძემ სადებიუტო მატჩში 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანქულიანი გამოიყენა.

24 ოქტომბერს, „ინდიანა პეისერსი“ NBA-ის 2019-2020 წლების სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს, საკუთარ არენაზე, „დეტროიტ პისტონსთან“.

ტრამპი თურქეთში პენსს და პომპეოს აგზავნის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

16 ოქტომბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარაში მიემგზავრებიან. ვაშინგტონის ოფიციალური დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებას სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, დელეგაცია, რომელსაც მაიკ პენსი უხელმძღვანელებს, თურქეთისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა ანკარას უკვე დაუწესა სანქციები და თუ თურქეთი სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

15 ოქტომბერს პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მიზნის მიღწევამდე არ აპირებს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას და სანქციების არ ეშინია.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 9 ოქტომბერს დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.

სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა კი, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.

სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს და თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ოპონენტებმა ტრამპი დაადანაშაულეს ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG