Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია


ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, უმრავლესობას მხოლოდ ერთმანეთთან ალიანსით სავარაუდოდ, ვეღარ შექმნიან უმსხვილესი ფრაქციები „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი.“

დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის 27 სახელმწიფოში მიცემული ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით, „სახალხო პარტიის“ ფრაქციას ექნება ევროპარლამენტის 751-დან 179 მანდატი, რაც წინა არჩევნების შედეგზე 42 მანდატით ნაკლებია. წინასწარი მონაცემებით, 36 ადგილს კარგავენ და ამ მოწვევის ევროპარლამენტში 150 დეპუტატი ეყოლებათ სოციალ-დემოკრატებს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის მიერ მიღებული ხმების ხარჯზე სავარაუდოდ, 39 წევრით გაიზრდება „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსის“ ფრაქცია, რომელსაც 107 დეპუტატი ეყოლება. წინასწარი შედეგებით, წინა მოწვევის ევროპარლამენტთან შედარებით 18-ით მეტი, საერთო ჯამში 70 დეპუტატი ეყოლება „მწვანეების და „ევროპის თავისუფალი ალიანსის“ ფრაქციას.

წინასწარი შედეგებით, 18 მანდატი დაკარგეს და ახალი მოწვევის ევროპარლამენტში 58 წევრი ეყოლებათ „ევროპელ კონსერვატორებს და რეფორმისტებს.“ 21 ადგილით მეტი მოიპოვა და 58 მანდატით იქნება წარმოდგენილი „ერების და თავისუფლების ევროპა,“ სადაც შედის ფრანგი ნაციონალისტის მარინ ლე პენის პარტიაც.

წინასწარი მონაცემებით, 15 მანდატით მეტი ერგო და 56 დეპუტატი ეყოლება ფრაქციას „ევროპა თავისუფალი და პირდაპირი დემოკრატიისთვის." 12 ადგილი დაკარგეს და 38 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი "გაერთიანებული მემარცხენეების" ფრაქცია. ევროპარლამენტის დანარჩები მანდატები ფრაქციებს მიღმა მყოფ პარტიებზე განაწილდება.

ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც 28 წევრ ქვეყანაში 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა, ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ შეადგინა 52%-მდეა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG