Accessibility links

ახალი ამბები

რუმინელებმა უარი უთხრეს ანტიკორუფციულ კანონების შეცვლას

ეგზიტპოლების თანახმად, რუმინელთა უმეტესობას არ სურს გატარდეს ამ ქვეყანაში ზომები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას გაართულებდა.

26 მაისის კენჭისყრა პირველი გამოცდა იყო მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მცდელობისა, შეცვალოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა.

ცენტრისტი პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოწოდებით ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს. იოჰანისმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა რეფერენდუმში მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, რაც 41 პროცენტს უდრიდა.

რეფერენდუმი შედეგებს 27 მაისს მოელიან, თუმცა პრეზიდენტმა გამარჯვება უკვე 26-ში საღამოს აღნიშნა.

ყველა ახალი ამბავი

შსს განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის წინ მიმდებარე მოვლენებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს:

„როგორც საზოგადოებამ იხილა, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

მიუხედავად სამინისტროს მხრიდან მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტში შეჭრის მცდელობას, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას და ძალადობას და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს მასობრივი არეულობის მოწყობისა და პარალამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას. სამართალდარღევის და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე სამინისტორს მოახდენს რეაგირებას“, - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რამდენიმე საათია დაძაბული ვითარებაა პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო აქციის მონაწილეები შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება,.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში განცხადებას ავრცელებს თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში აცხადებს: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს სიტუაციის დაძაბვას დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის წინ. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, დაიცვან სიმშვიდე, არ მიმართონ ძალადობას და ყველა საჭირო საკითხი დღის შუქზე განიხილონ.

პარლამენტის შენობის წინ აქცია დაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

პარლამენტის შენობა მთლიანად ბლოკირებული აქვთ სპეცრაზმელებს.

არიან დაშავებულები. ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ.

არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. არაოფიციალური ინფორმაცით დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს

„ძალიან დიდი დანაშაული იყო რაც დღეს მოხდა, ქვეყნის და მისი ღირსების შემლახველი ფაქტი. თუმცა ეს არანაირად არ ამართლებს ხელოვნურად აგორებულ ტალღას, ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებს, შიგნით თუ გარეთ გაკეთებულ მოწოდებებს, რომელიც არის მიმართული პარლამენტში შეჭრისკენ და ხელისუფლების გადატრიალებისკენ. რუსეთი ჩვენი მტერია და ოკუპანტია. მის მიერ მართული მეხუთე კოლონა შესაძლოა დღეს უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე ღია აგრესია.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს და დღესეც მისი ყველაზე კარგად გამოცდილი იარაღია. ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია და მისი გეგმების შემსრულებელი. ახლა გადახედეთ და ნახეთ ვინ ცდილობს მუდმივად ნებისმიერი პრობლემა დესტაბილიზაციის კერად აქციოს და ბევრ რამეს ნათელი მოეფინება.
და ბოლოს სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ“,- წერსცსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ რეზინის ტყვიები გამოიყენეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

არიან დაშავებულები, ხილული სისხლმდენი დაზიანებებით. მათთვის დახმარების აღმოჩენას ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ.

მანამდე სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ხალხი მნიშვნელოვნად შემცირდა პარლამენტის შენობის წინ. თუმცა გაფანტული დემონსტრანტები თანდათან ისევ იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებულია სპეცრაზმი. პარლამენტის შენობაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი.

აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ყველა მხარეს, "შეინარჩუნონ სიმშვიდე" და "მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში"

თბილისში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა შემდეგი შინაარსის განცხადება: "ყურადღებით ვაკვირდებით ამ საღამოს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს. გვესმის ის ტკივილი, რომელსაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში".

რუსთაველის გამზირზე სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დემონსტრანტები იშლებიან.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ყელის წვა და ცრემლდენა.

მანამდე, ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ და განახლდა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. დემონსტრანტები სამართალდამცველებს, სავარაუდოდ - სპეცრაზმის წარმომადგენლებს, ართმევდნენ ფარებსა და ჩაფხუტებს. იყო ცარიელი ბოთლების სროლის შემთხვევებიც.

აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ, რომ სამართალდამცველები სათითაოდ შეეთრიათ სიღრმეში და მოექციათ ხალხის ალყაში. სავარაუდოდ, ასეთი ქმედების მიზანი იყო სამართალდამცველთა რიგების შეთხელება.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ „საქართველო, საქართველო“.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები - როგორც აქციის მონაწილეების, ასევე სამართალდამცველების რიგებში.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების არაერთი ავტომობილი.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

ნინო ლომჯარია: პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!

„საზოგადოების პროტესტი და მღელვარება სამართლიანია, მაგრამ ძალადობა მიუღებელია!“ - აცხადებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია.

„შევახსენებ აქციის მონაწილეებს, რომ აქციის დროს ძალადობა ცდება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს! მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები და დროულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები, რათა ჩაცხრეს ემოციური ფონი და თავიდან იქნეს არიდებული დაპირისპირება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები შს მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები უკვე ერთ საათზე მეტია პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციიდან ხელში აყვანილი გამოიყვანეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც ვითარება დაძაბულია, მოქალაქეებმა ხალხმრავალი აქციიდან მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელში აყვანილი გამოიყვანეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას კვლავ ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

მამუკა ბახტაძე: ძალადობას გაეცემა ადეკვატური პასუხი

"მე ვიზიარებ თქვენს გულწრფელ პროტესტს და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს მომხდარზე, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არის პროვიკაცია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ.

მისი განცხადებით, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენა საქართველოს პარლამენტში მიუღებელია თითოეული ქართველისათვის და თავადაც სოლიდარულია საქართველოს საზოგადოების გულწრფელი პროტესტის მიმართ, მაგრამ ის, რაც მისი სიტყვებით საქართველოს პარლამენტში ხდება ამ წუთებში, არის ძალადობა:

"ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიყვანის საქართველო სასამართლებრივი ჩარჩოებიდან. მთელი 7 წლის განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა ცდილობდა შემოეტანა დისონანსი და არ გამოსდიოდა. არც ახლა გამოვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა მიმართა ახალგაზრდებს და თქვა, ძალადობა არის მიუღებელი, რომ საქართველო არის შემდგარი ქვეყანა, რომელიც ძალადობას არ შეურიგდება.

"ძალადობას ექნება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა პრემიერმა ამუკა ბახტაძემ.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს დაიცვან წესრიგი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით იმ ოპოზიციონერთა მიმართ, ვინც ხალხს აქეზებს კანონის პროპორციული ზომები იქნება გამოყენებული.

„მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც აქეზებენ საზოგადოებას დაიცვან კანონი ისევე განუხრელად, ისე როგორც ეს ხდება სახელმწიფოს და პოლიციის მხრიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართ ვინც ორგანიზებას უკეთებს ამ შტურმს და შეტევას საკონსტიტუციო ინსტიტუტზე და წესრიგზე იქნება პროპორციული რეაგირება კანონმდებლობის ფარგლებში“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პრემიერი ბახტაძე პარლამენტში მივიდა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა, თუმცა ჯერჯერობით მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარლამენტის შენობაში ასევე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც.

საკანონმდებლო ორგანოში მივიდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძეც, რომელმაც ჟურნალისტებს პარლამენტიდან გასვლა მოსთხოვა. მისი განცხადებით, სიტუაცია არ არის უსაფრთხო და პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები უნდა დარჩნენ.

პარლამენტის წინ ამ დრომდე გრძელდება ხალხმრავალი აქცია, რომლის მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის და შს მინისტრის გადადგომაა.

კახი კალაძე: იმან, რაც პარლამენტის წინ ხდება "შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი"

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, „ის რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი".

კალაძემ თქვა, რომ პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე.

კალაძემ მოუწოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.

პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ -საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად.

მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას, თქვა კალაძემ.

გიორგი გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, გადავდგები... რაც ახლა ხდება, ტრაგედიაა

ის, რაც ახლა ხდება ტრაგედიაა და დაისჯება ყველა თავდასხმისთვის პოლიციაზე და პარლამენტზე, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტის შენობაში იმყოფება. პარლამენტის შენობის წინ კი, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.

„ის რაც ხდება ახლა, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედიაა... რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მიზეზი იყოს სამართლიანიც... მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ფიზიკური შეტევა და მოწოდება შეტევისკენ... როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს დღევანდელი შემთხვევა, რა შედეგამდეც არ უნდა მივიდეს ეს ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და, რა თქმა უნდა, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით...

მინდა, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვთხოვო და მოვუწოდო - პატივი ვცეთ პოლიციელს, რომელიც ვალდებულია დაიცვას ორივე მხარის უფლებები. მივცეთ პოლიციას საშუალება ღირსეულად შეასრულოს თავისი ფუნქცია... ეს არის დღეს ყველაზე მთავარი.

ამის შემდეგ, ყველა ჩვენგანი შევძლებთ, დავსხდეთ წყნარად, მშვიდად დავსხდეთ, ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა

ის რაც აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა იმისა, რომ პოლიტიკური მოტივით ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ... არანაირი მნიშვნელობა არა აქვს თანამდებობას, ვინ გადადგება, ვინ დარჩება... რომელი მმართველი პარტია იქნება და ვინ იქნება ოპოზიციაში“, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

თქვენ გადადგებით? - ჟურნალისტის ასეთ შეკითხვაზე გიორგი გახარიამ უპასუხა: „უპრობლემოდ. როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები“.

რუსეთის დუმის დეპუტატზე, სერგეი გავრილოვზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ გახარიამ თქვა, რომ ვერ იხსენებს ასეთ გვარს. თუმცა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მოწვეული რუსი დეპუტატების ჯგუფიდან იდენტიფიცირებული იყო ორი პირი, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ საქართველოს კანონმდებლობა.

„არ მახსოვს ეს დეპუტატი...შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ჯგუფიდან ამოაგდო ორი გვარი, რომლებსაც ჰქონდათ დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სხვა პირები, რომლებსაც ეს კანონი დარღვეული ჰქონდათ, ამ სიაში არ ყოფილან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით, ხმაურის ფონზე ჩაიშალა. გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა უკვე დატოვეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო.

გიორგი გახარია: თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.

„ის, რაც ხდება, არის არა სამწუხარო, არამედ ტრაგედია. რა თქმა უნდა, მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს სამართლიანი, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, ან შეტევისკენ მოწოდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი ტრაგიკული შემთხვევა, თავდასხმას პოლიციაზე, რომელიც არის სახელმწიფო ინსტიტუტი და თავდასხმას პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძე: ის რაც პარლამენტთან ხდება ანტიკონსტიტუციურია

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, ის რაც ამ წუთებში პარლამენტის წინ ხდება, გასცდა გამოხატვის თავისუფლების, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ჩარჩოებს და შეიძინა აშკარად ანტიკონსტიტუციური ხასიათი.

"პირდაპირ ერთერში ვაკვირდებით ძალისმიერი შტურმის მცდელობას საქართველოს პარლამენტზე. მოვუწოდებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, არ აყვენენ ავანტიურისტ პოლიტოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.პოლიცია, ძალოვანი უწყებები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებენ -საზოგადოებრივი მართლწესრიგის, კანონიერების, სახელმწიფოს და კონსტიტუციის დასაცავად",- განაცახადა კახა კალაძემ.

მაინ მოუწოდა აქციაზე სეკრებილებს, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და არ მივცემთ საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა.

ტრამპი: აშშ-ის დრონის ჩამოგდება ირანის მიერ „ძალიან დიდი შეცდომა“ იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო დრონის ჩამოგდებას უწოდა „ძალიან დიდი შეცდომა“, რითაც გაძლიერდა შეშფოთება, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში.

ტრამპის განცხადება ტვიტერით გავრცელდა მას მერე, რაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ 20 ივნისს ირანის ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების RQ-4A Global Hawk-ის ტიპის, საზღვაო მზვერავი დრონი, რომელიც მუშაობდა ჰორმუზის სრუტის თავზე. ტრამპის სიტყვებით: „ირანმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა“.

ირანის რევოლუციური გვარდიის თანახმად, 20 ივნისს მან ჩამოაგდო აშშ-ის „ჯაშუში“ დრონი, რომელსაც გამორთული ჰქონდა სანავიგაციო აღჭურვილობა, როცა დაფრინავდა ჰორმოზგანის პროვინციის თავზე, რაც, გვარდიის თანახმად, ჩვენი „წითელი ზოლის“გადაკვეთასწარმოადგენს.

ბოლო ხანს, ომანის ყურეში ტანკერებზე განხორციელებულმა თავდასხმამ უკვე დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. აშშ-მა მომხდარში ირანი დაადანაშაულა, თეირანი უარყოფს ინციდენტებთან კავშირს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ქვეყნის საჰაერო სივრცის „პროვოკაციული“ დარღვევა.

სააკაშვილი პოლიციას მოუწოდებს, გადავიდეს ხალხის მხარეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა პოლიციას, გადავიდეს ხალხის მხარეს. "მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს!", - დაწერა სააკაშვილმა ფეისბუკში.

მანამდე თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიზე პოსტის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მისი გადადგომის მოთხოვნაზე ის სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს. კითხვაზე, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ თითოეული ღონისძიების მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი.

„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, - განუცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედს“.

რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, მისი სიტყვებით პარლამენტის სხდომათა დარბაზში ადგილი ჰქონდა იმპროვიზაციას და იყო ხარვეზი დაშვებული.

„როცა ხარვეზზე ვსაუბრობ არ ვსაუბრობ რუსეთის დუმის წარმომადგენელზე. ეს იყო ჩვენი ხარვეზი, რაზეც მყისიერი იყო რეაგირება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. მე აზერბაიჯანში მივფრინავდი და არ მქონდა მყისიერი რეაგირების საშუალება. ხარვეზი გაიპარა იქ, როდესაც მყისიერი რეაგირება არ მოხდა უშუალოდ ზედა საფეხურზე გავრილოვის მხრიდან ასვლის მომენტში, ეს იყო ხარვეზი და ამას სჭირდება ჩაძიება, როგორ უნდა მომხდარიყო ამის თავიდან არიდება“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი სიტყვებით ღონისძიების დაგეგმვისას არის მარკო და მიკრო მენეჯმენტი და სწორედ ამ დონეზე გაიპარა ხარვეზი, როდესაც ასამბლეის რუსი წარმომადგენელი დაიძრა ტრიბუნიკენ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას მომხდრაზე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ, პასუხისმგებლობა უნდა გაირკევს იმის მიხედვით თუ სად რა დოზით გაიპარა ხარვეზი და ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობა.

აქციაზე გიორგი გახარია მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. მან მოქალაქეებს პოლიციის მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდა.

„თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ახლა დგას ამ მოედანზე და გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებ ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვას ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს.

აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა

პარლამენტთან მიმდინატრე აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა. ამასთან, პარლამენტის შენობის ეზოში შსს-ს დანაყოფები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. დანაყოფები შენობის შემოსასვლელებს იცავენ. ისინი შენობაშიც იმყოფებიან. ამ წუთებში აქციის მონაწილეების შენობაში შესვლას ცდილობენ. რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ამ წუთებში პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები პოლიციელებს საგნებს ესვრიან. სამარათალდამცველები ნიღბებით და ხელკეტებით არიან შეიარაღებული.

თბილისი პრაიდი: სჯობს ოკუპანტსა ნაძრახსა, პრაიდი სახელოვანი!

თბილისი პრაიდი განცხადებას ავრცელებს, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან მიმართვას შეეხება.

"მაშინ როდესაც ქართული სახელმწიფო მის მოქალაქეებს უცხადებს, რომ ის მათ ვერ მისცემს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ვერ დაიცავს ფიზიკური განადგურებისგან, მზადაა უზრუნველყოს რუსეთის დუმის იმ დეპუტატების სტუმრობა, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს საქართველოს და უკრაინის ოკუპაციას.

ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს 300 000 დევნილი, საქართველოს პარლამენტი თავს უფლებას აძლევს უმასპინძლოს რუს დეპუტატებს, მეორეს მხრივ კი საკუთარ მოქალაქეებს გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

❗რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც პატივს არ სცემს არათუ ჩვენი დევნილი მოქალაქეების, არამედ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსაც. რუსეთში ლგბტქი საკითხებზე საუბარი კანონით ისჯება, ხოლო მოსკოვის პრაიდის გამართვის აკრძავა ვლადიმერ პუტინის პირად ახირებად რჩება დღემდე. რუსეთის დიდი ქალაქების ქუჩებში ისევე ნადირობენ ლგბტქი ადამიაენებზე, როგორც კავკასიელ და განსაკუთრებით კი ეთნიკურად ქართველ მოქალაქეებზე.

თბილისი პრაიდი სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეებს, რომლებიც ამ უტიფარ ქმედებას აპროტესტებენ და მოუწოდებს სახელმწიფოს დაუყოვნებლივ მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები; შეწყვიტოს მტერი სახელმწიფოს მიმართ ღია კარის პოლიტიკის წარმოება და დაასრულოს საკუთარი ლგბტქი მოქალაქეების საზოგადოების მტრად წარმოჩენა.

დღეს, „ღირსების მარშის“ მხარდაჭერა გასცდა ლგბტქი თემის უშუალო საჭიროებების მოთხოვნას და ის ჩვენი საზოგადოებსი ღირსების საკითხად იქცა. დღეს შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავსვათ რამდენიმე რამეს შორის:

პრორუსული პოლიტიკა = ჰომოფობიას, ძალადობას, ავტორიტარიზმს, კორუფციას...

დემოკრატიისკენ სწრაფვა = ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და მატერიალური განსხვავებებისა თანასწორუფლებიანი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა." - ნათქვამია განცხადებაში

რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტით გამოწვეული პროტესტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ასამბლეის დილის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი. დუმის წევრს საქართველოს დატოვება ნაჩქარევად მოუწია. სასტუმრო მან დაცვის თანხლებით და აქციის ფონზე დატოვა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ზაქარია ქუცნაშვილის გარდა არიან "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ადა მარშანია. სათადარიგო შემადგენლობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ენძელა მაჭავარიანი და ზვიად ძიძიგური და დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

ნიკა მელია: 10 წუთში პარლამენტში შევალთ

10 წუთში პარლამენტში მშვიდობიანად შევალთ, - ამის შესახებ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა. პარლამენტის შენობის დაცვა გაძლიერებულია.

გიგი უგულავა: აქცია არ შეწყდება კობახიძის, გახარიასა და გომელაურის გადადგომამდე

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, გიგი უგულავას თქმით, კვლავაც ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამი მაღალჩინოსნის - ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე უგულავამ განმარტა, რომ უკან დახევას არავინ აპირებს, ჯერჯერობით შეუსრულებელი ულტიმატუმის მიუხედავად.

პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნა საპროტესტო აქციაზე საათნახევრის წინ გამოცხადდა და ულტიმატუმის ვადად ერთი საათი დასახელდა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გამოცხადდება დაუმორჩილებლობა და „ქართულმა ოცნებამ“ მერე ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს.

"არსებულ მოთხოვნებს ემატება ის, რომ საქართველოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოპარვის საშუალება...",- განაცხადა უგულავამ.

ირაკლი კობახიძე გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ცოტა ხნის წინ განაცხადა. კობახიძის თქმით, ამ თემაზე საუბარი არასერიოზულია.

საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათისთვის დაწყებული აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს, დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას სპიკერატის ტრიბუნიდან უძღვებოდა ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი.

სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით, ხმაურის ფონზე ჩაიშალა. გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა უკვე დატოვეს საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ასამბლეის 26-ე სესია 22 ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG