Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს ექსკურსიების დროს დაიცვან რეკომენდაციები


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის საჯარო და კერძო სკოლებს, მოუწოდებს დაიცვან სამინისტროს მიერ უკვე მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას სასკოლო ექსკურსიებისას.

უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტს რეკომენდაციების ხასიათი აქვს, თუმცა, სკოლების მხრიდან მკაცრად შესასრულებელია. რაც შეეხება უშუალოდ უბედურ შემთხვევას, რომელიც ლაგოდეხში მოხდა, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს და გამოძიების შემდეგ დადგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი გადაცდომებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილის ინფორმაციით, სკოლებს წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები მოიცავს პასუხისმგებლობას ორგანიზატორების მხრიდან როგორც ექსკურსიების მარშრუტებზე, ისე მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროცესში:

„ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. მძღოლს უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მართვის მოწმობა და პასპორტი. უშუალოდ ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია სკოლის ექსკურსიაში მონაწილე პირების შესახებ, უნდა იცოდნენ მონაწილეობს თუ არა ექსკურსიაში შშმ პირი. დირექტორს უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ექსკურსიის ლოკაციაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ. საკვები უნდა იყოს ჰიგიენური წესების დაცვით დაცული. აღნიშნული პუნქტების ეფექტურობაზე პასუხისმგებელია უშუალოდ ორგანიზატორი. ეს არის რეკომენდაციების სახით, თუმცა სავალდებულო შესასრულებელია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებისთვის“.

ეკა ხუციშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი ცენტრალიზებულად ვერ ხორციელდება და მასზე უშუალოდ სკოლის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი.

26 მაისს, თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის 16 წლის მოსწავლე ლაგოდეხში ექსკურსიისას, ნინოს ხევის ჩანჩქერში ჩავარდა და დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG