16 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო 28 მაისს დააკავეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი კ. ქ.
როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა კ.ქ.-მ ბოლნისის შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის დროს, ქურდობაში მხილებულ არასრულწლოვან თ.ა.-ს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა. ცემის დროს, დარტყმის შედეგად თ.ა.- გადავარდა სკამიდან და მოტყდა მარჯვენა ხელი:
„მას აფურთხებდა, სახეში ურტყამდა, ფეხი ჩაარტყა მუცელში, ამის გამო არასრულწლოვანი გადაყირავდა სკამიდან და მოიტეხა ხელი“, - ასე აღწერს მოზარდზე პოლიციელის მიერ ძალადობის ფაქტს საოლქო პროკურორის მოადგილე ლევან ლაზერიშვილი.
ბოლნისის რაიონული სამმართველოს ყოფილი დეტექტივ გამომძიებელი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რაც ითვალისწინებს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
28 მაისს ქვემო ქართლის პროკურატურაში იმ პოლიციელთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა, რომლებსაც 16 წლის მოზარდი, ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დეტექტივ-გამომძიებელი ამოცნობის პროცედურის შემდეგ, ადგილზე დააკავეს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურიდან გათავისუფლებულია ორი პოლიციელი.
მოზარდის ადვოკატის, ფრიდონ სუხიაშვილის სიტყვებით, 16 წლის ბიჭის წამებაში ჯამში შვიდი პოლიციელი მონაწილებდა. მათგან ოთხი, მოზარდმა უკვე ამოიცნო:
„საგამოძიებო მოქმედება კვლავ გრძელდება. კიდევ მინიმუმ სამი სამართალდამცავის ამოცნობა უნდა მოხდეს, სულ 7 პოლიციელი ღებულობდა მონაწილეობას ფიზიკურ ძალადობაში, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობას, გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი“.
ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოზარდზე ძალადობის შესახებ 16 მაისს გავრცელდა. როგორც მოზარდი ამბობს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის აღიარების მიზნით აწამეს:
„გამიყვანეს პოლიციაში. შემიყვანეს უკნიდან, როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც არის, მგონი, პოლიციის უფროსი. ის დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში მცემდა. როდესაც ვერაფერი მათქმევინა, თან ეჩქარებოდა, უთხრა ბიჭებს, მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთო. ბოთლი მოიტანეს. შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან, ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ“...
მოზარდის წამების ფაქტი 10 აპრილს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ დაადასტურა და ის დაზარალებულად სცნო.