Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე იმსჯელებს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმსჯელებენ სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.

„მას შემდეგ, რაც გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის აღწერილობით ნაწილს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩატარდება სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე“ - განაცხადა ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს, სანამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაეცნობიან.

ბორცვაძის ინფორმაციით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უმოკლეს დროში ჩატარდება.

„ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე შსს აწარმოებს გამოძიებას და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. არ გასულა არც ერთი დღე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე და ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი მივეცით პასუხისგებაში“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გ.ბ დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ამასთან, მას სასჯელი დაუმძიმდა და პირველი ინსტანციის მიერ მისჯილი 10 წლით და 6 თვით პატიმრობის ნაცვლად შეეფარდა 11 წლით და 3 თვით პატიმრობა.

პროკურატურა ითხოვდა, რომ გ.ბ. დამნაშავედ ყოფილიყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობაშიც.

რაც შეეხება მეორე მსჯავრდებულს, გ.ჯ-ს, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად და 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს განაჩენით გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG