Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ხორავას საქმეზე: გამოძიებამ მკვლელობაში  პასუხისმგებელი ყველა პირი ვერ გამოავლინა


თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, სახალხო დამცველის აპარატმა სრულად შეისწავლა ხსენებული საქმის მასალები და დაადგინა, რომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტი არ იყო სრულყოფილად და ეფექტიანად გამოძიებული.

განცხადებაში ასევე წერია, რომ გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რამაც არსებითი ნეგატიური გავლენა იქონია ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის პროცესზე და რომ საქმის მასალების ანალიზით დასტურდებოდა, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობდნენ სხვა პირიც/პირებიც.

„შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს, რათა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით, პარლამენტის დადგენილების შემუშავების პროცესში, გაეთვალისწინებინა ერთ-ერთი რეკომენდაცია - დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე პირის მიმართ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალის წარდგენის მიზნით. საქართველოს პარლამენტმა, სამწუხაროდ, აღნიშნული რეკომენდაცია არ გაიზიარა. ასევე, დღემდე არ მომხდარა დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობისთვის სხვა პირის პასუხისგებაში მიცემა“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ დავით სარალიძე მოკლულ იქნა ჯგუფურად, მინიმუმ ორი პირის მიერ. გამოძიების მიერ კი გამოვლენილია მხოლოდ ერთი პირი - გ.ჯ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:

  • გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი;
  • დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, კერძოდ, კი საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა განაპირობა მტკიცებულებების განადგურება და გამოძიების გაჭიანურება;
  • გააცნონ სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები და პროკურატურაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ და სრულად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG