Accessibility links

site logo site logo

პრემიერი: უმუშევრობა ბოლო 15 წლის რეკორდულ ნიშნულამდე შემცირდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების ტექსტის თანახმად, უმუშევრობის დონე შემცირდა და ის ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მონაცემებით, პირველად დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას, დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8% შეადგინა.

თვითდასაქმებულები გადადიან დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში და მათი დასაქმება ხდება ეკონომიკის უფრო პროდუქტიულ სექტორებში“, - ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.

მოხსენება 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში წარადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

პრემიერი პარლამენტარების წინაშე ივნისის ბოლომდე წარსდგება.

მოხსენების ტექსტის თანახმად, „2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ეს წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს“.

დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის განმავლობაში პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 1008 პროექტი:

  • მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება − მხარდაჭერილია 899 პროექტი - 2800-მდე სამუშაო ადგილი;
  • ინდუსტრიული მიმართულება − მხარდაჭერილია 65 პროექტი - 2350 სამუშაო ადგილი;
  • სასტუმროს მიმართულება − მხარდაჭერილია 36 პროექტი - 820 სამუშაო ადგილი;
  • კინოინდუსტრიის განვითარების მიმართულება − მხარდაჭერილია 8 პროექტი - 4800-მდე სამუშაო ადგილი.

პრემიერის მოხსენების თანახმად, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, ამ მიმართულებების ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 23 პროექტი, რაც დამატებით 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

პრემიერის მოხსენებაში დასმულ აქცენტს დასაქმების შემცირების შესახებ, ქვეყანაში უმუშევრობის თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG