Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკი და საწვავის ხარჯი


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) გამოკვლევას, რომელიც გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკსა და საწვავის ხარჯს ეხება, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი თვლის, რომ 2 წლის განმავლობაში გაწეული საწვავის ხარჯი მაღალი არ არის, რადგან მათ პრემიერისგან აქვთ დავალებული მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და თუკი ისინი დიდ მანძილებს გადიან, მხოლოდ მათ აქტიურ მუშაობაზე მიუთითებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ საწვავის გამოყენების ლიმიტისთვის არ გადაუჭარბებია. IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, გოგა თუშურაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამ ლიმიტების არარაციონალურობაზეც ლაპარაკობს: „თუ ვნახავთ სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშებს, იქაც არის აღნიშნული, რომ გუბერნატორების ადმინისტრაციების საწვავის ხარჯების ლიმიტები არის ძალიან დიდი და ამიტომაც ეტევიან ლიმიტებში“. IDFI ხელისუფლების ყველა ორგანოს ადმინისტრაციულ ხარჯებს აკვირდება. გუბერნატორების ადმინისტრაციების ხარჯების შესწავლას რაც შეეხება, გამოთხოვილი ინფორმაციის მიღების შედეგად ასეთი რამაც გამოვლინდა: „ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა გუბერნატორებს ავტოპარკი გადაეცემათ უსასყიდლოდ. იყო ასევე შემთხვევები, როცა თვითმმართველობის ორგანოებიდან ხდებოდა გუბერნატორებისთვის ავტომობილების გადაცემა, რაც მიგვაჩნია, რომ ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პრინციპებს. ბოლო ასეთი შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა, როცა რუსთავის მერმა იმავე დღეს ნაყიდი ავტომობილი გადასცა გუბერნატორის ადმინისტრაციას ხელშეკრულებით, რაც ადასტურებს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტიდან გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის მოხდა შესყიდვა“. 2017-2018 წლების მონაცემების მიხედვით გუბერნატორების ადმინისტრაციების საწვავის ხარჯი ასეთი იყო: „იყო მაგალითად ის, რომ ყოველდღიურად შეიძლება 200 კილომეტრი გაიაროს კონკრეტულმა ავტომობილმა, წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 50 ათასზე მეტ კილომეტრს ფარავენ და აგრეთვე ის, რომ შვიდმა გუბერნატორმა 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 130 ათასი ლიტრი ბენზინი მოიხმარა, ბუნებრივია, აჩენს კითხვებს რამდენად მიზნობრივი და რაციონალურია ეს ხარჯები“. გოგა თუშურაშვილი თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, თავად საჯარო მოხელეების ინტერესებში შედის ხარჯების ოპტიმიზაცია. საუბრის დასასრულს, „დილის საუბრების“ სტუმარი შენიშნავს, რომ საზოგადოებაში მაინც არ არის სათანადოდ გააზრებული, რომ საჯარო მოხელეები მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხებით ფინანსდებიან და პასუხისმგებლები არიან საზოგადოების წინაშე თითოეულ თეთრზე.

XS
SM
MD
LG