Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ


შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას ორი არასრულწლოვანი გოგოს გაუჩინარებასთან დაკავშირებით. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, შს სამინისტროში შეტყობინება 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს და დაწყებულია გამოძიება.

„შეტყობინება მივიღეთ მას შემდეგ, რაც სკოლაში არ გამოცხადდნენ და შესაბამისად, მანდატურის სამსახურმა ამის შესახებ აცნობა მშობლებსა და პოლიციას.

დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები სს კოდექსის 143-ე მუხლის შესაბამისად, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებს არ აკონკრეტებენ. თუმცა ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, მეცხრეკლასელი მოსწავლეები აღარ გამოჩენილან მას შემდეგ, რაც ისინი დილით სახლიდან გავიდნენ. მოსწავლეები 6 ივნისს სკოლაში არ გამოცხადებულან.

,,გოგონები არიან საუკეთესო მოსწავლეები, არასდროს აცდენდნენ გაკვეთილებს და ყოველთვის მოწესრიგებული მოდიოდნენ სკოლაში. დილით რომ არ მოვიდნენ, მშობლები ჩავაყენე საქმის კურსში. ერთ-ერთის დედა ბანკში მუშაობს, სკოლასთან ახლოს, გადავედი და ვუთხარი. თანამშრომლებთან ერთად იყო. თქვა, რომ სკოლაში ტყუპები და გოგონა ერთად გამოუშვა.

დაახლოებით საათნახევარის განმავლობაში ოჯახი თავად ცდილობდა გოგონას მოძებნას, მერე გაირკვა, რომ მისი კლასელი გოგონაც არ იყო სკოლაში, ჩვენ ამის შემდეგ დავუკავშირდით პოლიციასა და მანდატურის სამსახურს, მათ მალევე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კლასის დამრიგებელმა, ნათელა ღლონტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში ნაპოვნია მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG