Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძემ ამერიკელებს შესთავაზა საქართველო სამი რიცხვით დაიმახსოვრონ


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კალიფორნიის "თანამეგობრობის კლუბში"
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კალიფორნიის "თანამეგობრობის კლუბში"

„საქართველო პატარა, თუმცა დიდი ხედვის მქონე ქვეყანაა, რომელიც იმ გზაჯვარედინზე იმყოფება, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი სამხრეთს, უძველესი ტრადიციები ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს და სადაც ეკონომიკური შესაძლებლობები უხვადაა“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა კალიფორნიის „თანამეგობრობის კლუბში“ გამოსვლისას.

ეს კლუბი აშშ-ის უძველესი და უმსხვილესი საზოგადოებრივი ფორუმი და არაპარტიული, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებზე წელიწადში 450-ზე მეტ ღონისძიებას მართავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ დამსწრეებს მიმართა, რომ შეეცდება საქართველო სამი რიცხვით დაამახსოვროს - 1-ით, 28-ით და 8000-ით.

„საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ის პირველი ქალი პრეზიდენტია საქართველოში და მთელ რეგიონში და არჩეულია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 6-წლიანი ვადით. თავად არჩევნებიც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის წინსვლის, მრავალფეროვნებისა და დემოკრატიის მიმართულებით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება 28-ს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ზუსტად ამდენი წელია საქართველო გათავისუფლდა საბჭოთა კავშირისგან და დემოკრატიული განვითარების საკუთარ გზას დაადგა. „სიამაყით ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა ამ გზაზე ყველა ნაბიჯის გადადგმისას“ - თქვა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომუნიზმისგან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველო მტკიცედ შეუდგა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზას, რაც მოიცავს ისეთი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ქმედითი და წარმომადგენლობითი დემოკრატიაა და ამომრჩევლების წინაშეა ანგარიშვალდებული.

"განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო ყველაზე რეფორმატორ ქვეყნად მიიჩნევა მსოფლიოში. ეს არის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყანა რეგიონში და ფართოდ არის აღიარებული ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო განაკვეთების სიმცირით. კაპიტალდაბანდება ჩვენს ხალხში და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში განვახორციელეთ, რაც ნაბიჯ-ნაბიჯ აყალიბებს საქართველოს რეგიონის ცენტრად. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, დღეს ნატოსა და ევროკავშირის ზღურბლზე ვიმყოფებით, სავაჭრო შეთანხმებებს ვაფორმებთ ისეთ მეგობრებთან და მოკავშირეებთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეფასებებით, საქართველო მე-6 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, „ფრეიზერის ინსტიტუტის" რეიტინგით მე-7 ადგილზე ვართ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, ხოლო ღია მმართველობით ნაკისრი ვალდებულების საფუძველზე მე-5 ადგილზე ვართ ღია ბიუჯეტის ინდექსში. ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი სწორი მიმართულებით ვითარდება" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მესამე რიცხვი 8000 გამოჰყო იმიტომ, რომ ამდენი წლის ისტორიას ითვლის ღვინის წარმოება საქართველოში.

"არქეოლოგების კვლევების შედეგად, საქართველო მსოფლიოში მეღვინეობის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წლის წინ დაიწყო, დამწერლობის შექმნამდე 3 000, ხოლო რკინის ხანის დაწყებამდე 5 000 წლით ადრე. ქართული დამწერლობაც კი ვაზის ლერწმის მოხაზულობას წააგავს. ქართული წარმოშობისაა ვაზის ბევრი ჯიში, რომელიც დღეს ევროპასა და აზიაში მოჰყავთ. ამ სასმელის აღმნიშვნელი სიტყვა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში განსხვავებულადაა დამკვიდრებული, თუმცა ყველა მათგანი სავარაუდოდ ქართული ძირისაგან წარმოდგება და ჟღერადობითაც წააგავს ღვინოს“ - თქვა მამუკა ბახტაძემ.

კალიფორნიის „თანამეგობრობის კლუბში“ გამოსვლისას პრემეირ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, რომლის შედეგად მოსახლეობის 80%-ზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

"8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციისა და საბჭოთა ოკუპაციის 70-წლიანი გამოცდილების შემდეგ რუსეთს არ მივცემთ ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლებას. სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედისწერას და მომავლის ხედვას, რაც შემდეგ ამბიციას ეფუძნება: საცხოვრებლად, სამუშაოდ და განსავითარებლად შევქმნათ მსოფლიო დონის ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ეს ნამდვილად არ მოხდება ძალის გამოყენებით. მხოლოდ დემოკრატიული გზით, შესაძლებლობების გაჩენის, განვითარებისა და ჰუმანური გზით", - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც და თქვა, რომ საქართველო აშშ-ის ძლიერი სამხედრო მოკავშირე და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამწევი დემოკრატიის შუქურაა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე, თქვა, რომ საქართველო გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება კალიფორნიელ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოში მრავლად არსებულ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. „ჩვენი რეგიონული ბაზარი გულისხმობს ნახევარ მილიარდ მომხმარებელზე წვდომას. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო უნიკალურ შესაძლებლობებს ვთავაზობთ ამერიკელ ბიზნესმენებს, რომლებიც ევროპისა და აზიის ბაზრებზე გასვლას ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მოახერხებენ"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ინფრასტრუქტურაში, მათ შორის თანამედროვე გზებში, პორტებში და მაღალი პროფესიული უნარების მქონე, კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნაში.

მამუკა ბახტაძე 5 ივნისიდან იმყოფება აშშ-ში, სადაც უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებს აცნობს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს და მონაწილეობს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG