Accessibility links

site logo site logo

კახა კალაძე: მიდგომა, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, არ გამოვა


თბილისის მერი კახა კალაძე

„ის მიდგომები და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა“ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე.

კალაძის თქმით, მსგავსი დამოკიდებულება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მერის განცხადებითვე, სამშენებლო სექტორი და ბიზნესიც გადაეწყო თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებსა და მიდგომებზე და სწორედ ასე იქნება შესაძლებელი ქალაქის სწორად განვითარება.

თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა მერიის დაკვეთით ჩაატარა კომპანიამ „Deloitte საქართველო“-მ. კვლევა მოიცავს თბილისის მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, არსებული სექტორების შეფასებას, საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს.

კვლევის მიხედვით, პრიორიტეტი მიენიჭა სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ფარმაცევტულ და კრეატიულ სექტორებს. იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით მომზადდა დეტალური რეკომენდაციები ინვესტორებისა და თბილისის მერიის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

„Deloitte საქართველომ“ იდენტიფიცირებული სექტორების მიხედვით შეისწავლა წარმატებული მაგალითები რამდენიმე ევროპული ქალაქის მიხედვით და თბილისის მერიას წარუდგინა რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ სექტორების ხელშეწყობა ინვესტიციების მოზიდვის და განვითარების მიმართულებით, მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით.

„ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. ჩვენ ეს პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც არის სახეზე ის, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის და არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კალაძის თქმით, უნდა გაიზარდოს ინტერესი ამ ეტაპზე ნაკლებად განვითარებული სექტორებისა და ქვესექტორების მიმართ, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი აქვთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG