Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა


მამუკა ბახტაძე, ლინდსი გრემი
მამუკა ბახტაძე, ლინდსი გრემი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ სენატორს, ლინდსი გრემს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სენატორი გრემი მაღალ შეფასებას აძლევს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში. ლინდსი გრემის განცხადებით, მისასალმებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა, რომელიც აფასებს აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილს მიღწეულ წარმატებაში და მზად არის კიდევ უფრო გააღრმავოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე პარტნიორობა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მაღალ დონეზე და ხაზი გაესვა უდიდეს მნიშვნელობას იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესის წარმომადგენლობითი პალატისგან.

მამუკა ბახტაძემ ლინდსი გრემს მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG