Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს


ვაკის პარკი
ვაკის პარკი

თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოებზე.

მერმა, კახა კალაძემ 12 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და იქ უხეში ჩარევა არ მოხდება.

კალაძის განმარტებით, წინასაპროექტო კვლევით, ფუნქციური ზონირება უნდა განხორციელდეს და შედგეს დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაცია, შემდეგ ეტაპზე კი, პროექტის საფუძველზე დაიგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მერის ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება 14 ივნისს დასრულდება, გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება კი 613 600 ლარია.

„ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, იქ რაღაც უხეშ ჩარევებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, მგონი, ამაში ყველა ვთანხმდებით. ვაკის პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და სასურველი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, იგეგმება განათების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობა და ახალი ხე-მცენარეების დარგვა.

„ვაკის პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პარკია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ისე იქნება ყველაფერი, რომ თითოეული ჩვენგანი იამაყებს” - თქვა კახა კალაძემ.

მერის ინფორმაციით, დაგეგმილია ვაკის პარკის კასკადის მოწესრიგებაც, კერძოდ, უნდა აღდგეს ქვის საფარი, კიბეები და მათ გასწვრივ უნდა მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. კალაძის თქმით, უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემაც, კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე და ახალი, თანამედროვე სადგურით უნდა შეიცვალოს კასკადის მუშაობისთვის საჭირო სატუმბი სისტემა.

ვაკის პარკის კასკადზე წინადადებების მიღება 19 ივნისს დასრულდება. პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG