Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთს ივლისში მიაწვდის ანტისარაკეტო სისტემას S-400


რუსეთმა 11 ივლისს განაცხადა, რომ გეგმავს თურქეთს ივლისში მიაწოდოს S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა. რუსეთის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ვაშინგტონმა ანკარას 31 ივლისი დაუწესა ბოლო ვადად ამ სისტემის შესყიდვის შესაჩერებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი გამოეთიშება მეხუთე თაობის ამერიკული გამანადგურებელი ბომბდამშენის, F-35-ის პროექტს.

ნატოელი მოკავშირეები, თურქეთი და აშშ, უკვე თვეებია კამათობენ ანკარის მიერ S-400-ის შეკვეთაზე, რადგან ეს აღჭურვილობა არ არის თავსებადი ალიანსის სისტემებთან. საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველმა, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს 11 ივნისს მოსკოვში უთხრა, "რუსეთსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება დროულად შესრულდება, კონტექსტის გათვალისწინებით. ორმხრივი პრობლემები არ არის".

8 ივნისს აშშ-მა თურქეთს 31 ივლისამდე დაუწესა ვადა, რათა გააუქმოს გარიგება რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაკარგავს წილს F-35 სამხედრო თვითმფრინავების პროექტში, რომელსაც აშშ უძღვება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ელენ ლორდმა ასევე თქვა, რომ გარიგება თუ არ გაუქმდა, შეწყდება თურქი მფრინავების აშშ-ში გაწვრთნის პროგრამა F-35 გამანადგურებლებისთვის, რომლებსაც თურქეთი აშშ-ისგან ყიდულობს.

კითხვას, აპირებენ თუ არა ამ სისტემის ივლისში ჩატანას, უშაკოვმა უპასუხა, "დიახ, ამას ვგეგმავთ გარკვეული ფორმით".

თურქეთის მიერ S-400-ის მიღება გამოიწვევს აშშ-ის მიერ ანკარისთვის სანქციების დაწესებას, რაც თურქეთის ეკონომიკის რეცესიას კიდევ უფრო გააღრმავებს და ბიძგს მისცემს მისი ნატოს 67-წლიანი წევრობის შესაძლო გადასინჯვას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 10 ივნისს დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც თურქეთს მოუწოდებს გააუქმოს S-400-ის შეძენა და გამოდის სანქციების დაწესების მოწოდებით იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი ამ სისტემას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG