Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობები აღარ გაგრძელდება


მშენებლობა ჟვანიას ქუჩაზე
მშენებლობა ჟვანიას ქუჩაზე

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ვარაზისხევის ზედა ნაწილში, ჟვანიას ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერების სისწორე ჩატარებული კვლევის შედეგმა დაადასტურა.

12 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მიზანი იყო მერიას ჰქონოდა ინფორმაცია რამდენად საფრთხის შემცველია მშენებლობა ამ ტერიტორიებზე.

„ჩვენ ბევრი კრიტიკა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ იყო ძალიან ბევრი სამშენებლო მოედანი გამზადებული მშენებლობების განსახორციელებლად. ძალიან დიდი შემოტევა იყო ინვესტორებისგან, თუმცა უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაჩერეთ ყველა ეს სამშენებლო ნებართვები, რომელიც იყო გამზადებული და დავუკვეთეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად არის თუ არა საფრთხის შემცველი ფერდები და ქუჩები. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, მშენებლობა ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კვლევის შედეგი წარმოადგინა მერის მოადგილემ მაია ბითაძემ. მისი ინფორმაციით, 200 ჰექტარზე ჩატარდა ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის და ფერდების კვლევა.

"სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით გვქონდა, დადასტურდა. განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მდგრადობაზე. ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა შეუსაბამოდ გამოცხადდა. კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, დამატებითი ზომები იქნება მიღებული მარჯვენა ფერდზე უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, მათ შორის ქვათა ცვენის წინააღმდეგ.

ბოლო წლებში ჟვანიას და მის მიმდებარე ქუჩებზე არაერთი მრავალსართულიანი სახლი აშენდა. რამდენჯერმე იყო კლდის ჩამოშლის შემთხვევა. ერთ-ერთი ბოლო ფაქტი 2019 წლის მარტში მოხდა. დაზიანდა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო და გაზის მილი..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG