Accessibility links

მაია ცქიტიშვილი: ჩინური კორპორაცია ახალ ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებს


მაია ცქიტიშვილი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ჩინური კორპორაცია გააგრძელებს მუშაობას საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე და მხოლოდ ახალ ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა.

"ეს შეზღუდვა შეეხება 9-თვიან პერიოდს ამ კომპანიისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტენდერებს. ეს კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 9 თვის განმავლობაში იმ ახალ ტენდერებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გამოაცხადებს. ამასთან ერთად, ეს და მასთან აფილირებული კომპანიები ვალდებულები იქნებიან, კვლავ გააგრძელონ ყველა ის ურთიერთობა და იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ჰქონდათ აღებული წინასწარი ხელშეკრულების საფუძველზე”, – ამბობს მინისტრი, რომლის კომენტარს "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

მსოფლიო ბანკმა 5 ივნისს განაცხადა 9-თვიანი აკრძალვის შესახებ, რომელიც ეხება ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს - ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას (CRCC International) და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს (CR23), ასევე, კორპორაციასთან აფილირებულ 730 კომპანიას. მსოფლიო ბანკის განცხადებით, სამმა კომპანიამ წინასწარი კვალიფიკაციისა და ფასის შეთავაზების ეტაპებზე პერსონალთან აღჭურვილობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მოამზადა და მიაწოდა მსოფლიო ბანკს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორის გაუმჯობესების პროექტის ღირებულება $164 მილიონია, საიდანაც $140 მილიონის ოდენობის სესხი საქართველოს მსოფლიო ბანკმა გამოუყო.

პროექტის მიზანია საგზაო ხარჯების შემცირება და გზების ქსელის მართვასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის უნარების გაძლიერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG