Accessibility links

site logo site logo

დონალდ ტრამპმა კვლავ შეაქო ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი


აშშ-ჩრდილოეთ კორეის პირველი სამიტის წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც სინგაპურში გაიმართა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ მაღალი შეფასება მისცა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.

ტრამპის თქმით, სინგაპურის სამიტის შემდეგ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში საგრძნობლად შესუსტდა დაძაბულობა, ჩრდილოეთი კორეა კი თავს იკავებს ბირთვული იარაღისა და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების გამოცდისგან. თუმცა, როგორც კრიტიკოსები შენიშნავენ, კორეის სახალხოო-დემოკრატიული რესპუბლიკა, დეკლარაციების მიუხედავად, ოდნავაც არ წაწეულა წინ ბირთვული განიარაღების მიმართულებით და საშინაო პოლიტიკაში რეპრესიები კიდევ უფრო გააძლიერა.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლახან მიიღო კიმისგან პირადი წერილი. „მე ვერ შეგატყობინებთ მის შინაარსს. მაგრამ ეს წერილი ძალიან პირადი და ძალიან თბილია... რაც შეეხება კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას, დაწყებულია დიალოგის ჩიხიდან გამოყვანის მექანიზმი“, დასძინა ტრამპმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ უხსენებია კიმთან თბილი პირადი ურთიერთობები.

ჟურნალისტების თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ინფორმაციაზე, რომ კიმ ჩენ ინის ძმა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტი იყო, ტრამპმა აღნიშნა, რომ თავად „არასოდეს გასცემდა სანქციას კიმის ოჯახის წევრებს შორის აგენტების გადაბირებაზე“.

თეთრი სახლის თანახმად, ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის მეორე სამიტი, რომელიც ზამთარში გაიმართა ჰანოიში, იმის გამო ჩავარდა, რომ ფხენიანი განიარაღების სფეროში საკმაოდ მოკრძალებული ნაბიჯების სანაცვლოდ ითხოვდა აშშ-ის სანქციების სრულ გაუქმებას. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა აცხადებს, რომ მოთხოვნები ასე შორს არ მიდიოდა.

მაისში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მზადაა მესამე სამიტი გამართოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG