Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს პოლონეთში აშშ-ის სამხედროთა დისლოკაციის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს პოლონეთში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაციის გეგმების შესახებ. ეს იქნება განცხადება „უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შესახებ“, იტყობინება აშშ-ის მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით.

განცხადება გაკეთდება ტრამპსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდას შორის მოლაპარაკებების შემდეგ. დუდამ ადრე თეთრ სახლს მოუწოდა, ნატოს წევრი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე მოაწყოს აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზა და წინადადება წამოაყენა, მას ეწოდოს „ფორტ ტრამპი“.

აშშ-ის წარმომადგენლები არ იტყობინებიან მოსალოდნელი განცხადების დეტალებს, მაგრამ „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში განიხილებოდა პოლონეთში ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა, რომლებიც იქ იქნებოდნენ არა მუდმივად, არამედ როტაციის საფუძველზე და ძირითადად შეასრულებდნენ დამხმარე ამოცანებს.

ახლა პოლონეთში იმყოფება ოთხი ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი. პირველი კონტინგენტი ქვეყანაში 2017 წელს გაიგზავნა. ამის მიზანი იმის ჩვენება, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხის პირობებში აშშ ერთგულია ნატოს მოკავშირეებთან ერთად ერთობლივი თავდაცვის პრინციპებისა. მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიამ და რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტთა მხარდაჭერამ სერიოზული შეშფოთება წარმოშვა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG