Accessibility links

site logo site logo

პრაღაში ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება


ზურაბ აბაშიძე, გრიგორი კარასინი

13 ივნისს, პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა.

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, განიხილავენ ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს და იმსჯელებენ 2011 წლის შეთანხმებაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი არ მოიცავს, კარასინთან ყველა შეხვედრაზე აყენებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის, მილიტარიზაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხებსაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სააგენტო „ტასს“ უთხრა, რომ ტრადიციული საკითხების გარდა განიხილავენ ზოგიერთ პრობლემაზე ურთიერთქმედების შესაძლებლობას. „მხედველობაში მაქვს როგორც სავაჭრო, ისე სოფლის მეურნეობის სფერო, რადგან როგორც იცით, კვლავ აქტუალურია აზიურ ფაროსანათან ბრძოლა“ - განაცხადა კარასინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG