Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია


არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქმიანი ფორმატის უარყოფად და ფეხების ბაკუნად შეაფასა ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა.

თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ, როცა სამუშაო ფორმატი შეიქმნა და რეკომენდაციებზე მუშაობა დაიწყო, ამბობენ, რომ ეს მეორეხარისხოვანია.

„დღეს ოპოზიცია ისე აჩვენებს ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს?! მათგან განსხვავებით, ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ოპოზიციას ტრადიციულად არ უნდა პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა შემდეგ იყენებს ყველა სიკეთეს, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მოაქვს.

„სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია. კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ. მიუხედავად ამისა, სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და დასავლელ პარტნიორებთან ერთად“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიების „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სამუშაო ჯგუფის სხდომა დასრულებამდე დატოვეს და განაცხადეს, რომ მეორეხარისხოვანი საკითხები განიხილება, მაშინ როცა მთავარი მოთხოვნაა უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით და არა 2020 წლის შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG