Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სლავ ხალხთა კონგრესის" წინადადებას პარლამენტში არ დაეთანხმნენ


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს, „დრო და სივრცის,“ „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ და „საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (თენგიზ ჩხიკვაძე, ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე) მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ინიციატორები წინადადების მიზნად ასახელებდნენ ყოველწლიურად ზრდადი ნარკომანიის, ნარკომოხმარების და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლებას.

ამ წინადადების თანახმად, პარლამენტს მთავრობისთვის უნდა დაევალებინა შექმნა სახელმწიფო პროგრამისა, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებას, გარდა ბავშვთა კლინიკებისა, დაავალდებულებდა პოლიციის მიერ ნარკომოხმარების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ნარკომანის საჭირო მკურნალობის დაწყებას. პირის მეორედ მხილების შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო სპეციალურ დახურულ დაწესებულებაში, მესამედ მხილებას უნდა მოჰყოლოდა პირისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება და საპატიმრო პირობებში მკურნალობა, ხოლო მეოთხედ მხილების შემთხვევაში, ნარკომომხმარებელი უნდა დასჯილიყო არანაკლებ 10 წლიანი პატიმრობით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინიციატორების მიერ წარდგენილი იყო არა კანონპროექტი, არამედ იდეა და ამასთან, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნარკომომხმარებელთა მკურნალობის საკითხსაც. აპარატის განმარტება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა და საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

ამ წინადადების ერთ-ერთი ავტორი, „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ ბოლო წლებია 9 მაისს, ფაშიმზმზე გამარჯვების დღეს, საქართველოშიც მართავს რუსეთში დაარსებული „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG