Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას


„მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო თავის განცხადებაში მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას“, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დაიცვან და პატივი სცენ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები.

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს განცხადებაში საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას. მნიშვნელოვანია ყველა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამ ქვეყანაში უზენაესი კანონია, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობისა თუ ღირებულებისა და სხვადახვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, აქვთ უფლება მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე მოვუწოდებ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები ჩვენთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს საპატრიარქომ 14 ივნისს გაავრცელა განცხადება ლგბტქი პრაიდთან დაკავშირებით და მოუწოდა ხელისუფლებას, მათ შორის სახალხო დამცველსაც, „გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და არ წაახალისონ ქვეყანაში მსგავსი აქტივობები.

ამასთან, საპატრიარქო განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მას ემიჯნებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG