Accessibility links

ახალი ამბები

ტრამპმა ღალატი უწოდა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ სტატიას რუსეთის ენერგოსისტემებზე თავდასხმის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ღალატი“ და „ტყუილი“ უწოდა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამერიკის სპეცსამსახურებმა რუსეთის ენერგოსისტემის დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა დაიწყეს.

„ეს არის ღალატის ვირტუალური აქტი ოდესღაც უდიდესი გაზეთისგან, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს ისტორიას, ნებისმიერ ისტორიას, რომელიც თუნდაც დამაზიანებელი იყოს ქვეყნისთვის. თანაც ეს ტყუილია!“ - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ კორუმპირებული მედია ყველაფერს გააკეთებს, ან იტყვის, რაც სჭირდება, თანაც ისე რომ არც კი დაფიქრდება შედეგებზე. ტვიტერის საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპმა მათ მშიშრები და ხალხის მტრები უწოდა.

ყველა ახალი ამბავი

ირანის ხელისუფლება ბრიტანეთის ტანკერის დაკავების მიზეზს აცხადებს

ირანის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის ტანკერი დააკავეს საერთაშორისო საზღვაო კანონების დარღვევის გამო. ტანკერმა არ უპასუხა მეთევზეთა პატარა გემის სიგნალს ავარიის შესახებ, იტყობინებასააგენტო ფარსი ჰორმოზგანის პროვინციისნავსადგურებისა და საზღვაო მიმოსვლის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით.

ტანკერის დაკავება ჰორმუზის სრუტეში მოხდა 19 ივლისს. გემი დააკავა ისლამური რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა. ეს გასამხედროებული ორგანიზაცია აშშ-ის მიერ ტერორისტული გაერთიანებების სიაშია შეყვანილი. გემის ეკიპაჟის 23 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ინდოეთის, რუსეთის, ლატვიის და ფილიპინების მოქალაქეები.

ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, იმავე დღეს სრუტეში ბრიტანეთის კიდევ ერთი ტანკერი დააკავეს, რომელიც ლიბერიის დროშით დაცურავს. თეირანი აცხადებს, რომ მეორე ხომალდი მხოლოდ გააფრთხილეს, დაიცვას ეკოლოგიური ნორმები და გაუშვეს.

ირანის ნაპირებთან ვითარება დაიძაბა მას მერე, რაც აშშ-მა და საუდის არაბეთმა თეირანს ბრალად დასდეს ომანის და სპარსეთის ყურეებში ხომალდებზე თავდასხმა. ივლისში თეირანი დაადანაშაულეს მცდელობაში, დაეკავებინა საუდის არაბეთის ტანკერი. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

19 ივლისს გიბრალტარის სასამართლომ ერთი თვით გაუგრძელა დაკავების ვადა ირანის ტანკერს, Grace-1-ს, რომელიც ბრიტანეთის საზღვაო ქვეითებმა დააკავეს ამ ქვეყნის შორეული ტერიტორიის ზღვის პირას. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ტანკერს ნავთობი გადაჰქონდა სირიის მთავრობისთვის, რითაც არღვევდა ევროპის კავშირის სანქციებს.

ირანის მიერ დაკავებული ტანკერის გამო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ ირანს სერიოზული სირთულეები შეექმნება, თუ ტანკერს არ გაუშვებს. მისი თქმით, ლონდონი ძალის გამოყენებას არ აპირებს და ცდილობს პრობლემა მოაგვაროს დიპლომატიური გზით.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პაციენტს თბილისში სიცოცხლე შეუნარჩუნეს

ახალგორის რაიონში, ქართველმა და ოსმა ექიმებმა, მესაზღვრეებმა და რაიონულმა ადმინისტრაციამ შეთანხმებული თანამშრომლობის შედეგად ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე გადაარჩინეს.

როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იტყობინება, ახლა ადგილზე ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ასეთი ოპერატიულობა ნორმად იქცევა და კრიტიკული პაციენტები აღარ დაიღუპებიან საზღვარზე ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო.

45 წლის ალბერტ კოდალაევს ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომაროების გათვალისწინებით მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.

გაირკვა, რომ პაცინეტს არც საშვი ჰქონდა და არც ქართული პასპორტი. მას მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ჰქონდა, რომელიც მისმა მეზობლებმა კოდალაევის სახლში ვერ იპოვეს.პრობლემა მოგვარდა.ადგილობრივი ხელისუფლების და ქართველი მესაზღვრეების შეთანხმების საფუძველზე. მათ პაციენტის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ნებართვა გასცეს.

ახალგორის საავადმყოფოს ექიმ-ნევროპათოლოგი ჯემალ ბედოევი ამბობს:

„ამ ამბის ყველა მონაწილემ კარგად იმუშავა. მას არ ჰქონდა ქართული საბუთები, მაგრამ ის მაინც მიიღეს. ახლა მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, რომ დაბრუნდება რეაბილიტაციის კურსს ჩავუტარებთ.“

სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, დიდი ხანია არ უნახავს ასეთი შეთანხმებული მუშაობა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

„ოთხი წლის წინ, ასეთივე გარემოებებში გარდაიცვალა ამ ბიჭის მამა. ის საზღვარზე გაატარეს, მაგრამ დაგვიანებით. დიდხანს იღებდნენ გადაწყვეტილებას. როგორც მაშინ თბილისელმა ექიმებმა თქვეს, ის ძალიან გვიან მიიყვანეს და მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. მესაზღვრეები არ აჭიანურებენ პროცესს და უარს არ ამბობენ, ყველაფერი იწელება რაიონის ხელმძღვანელობის დონეზე.“

თამარ მეარაყიშვილი იმედოვნებს, რომ ეს შემთხვევა წესად იქცევა და ადამიანები აღარ დაიტანჯებიან ჩინოვნიკების მოუქნელობის გამო.

სეპარატისტმა სნაიპერებმა ორი უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს აღმოსავლეთ უკრაინაში

უკრაინის არმიის გაერთიანებული სარდლობის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ორი ჯარისკაცი მოწინააღმდეგის მხრიდან, სნაიპიერის ცეცხლის ქვეშ მოყვა იმ დროს, როდესაც სანგრებს თხრიდნენ.

ერთი ჯარისკაცი მიღებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე სამხედრო, რომელსაც ტყვია გვერდში და ხელში მოხვდა, ადგილზე დაიღუპა.

პაატა სალია აცხადებს, რომ "რუსთავი 2" მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია

პაატა სალია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მხრივ შექმნილმა მდგომარეობამ მოლოდინს მეტად გადააჭარბა.

„ამ მიმართულებით, ანუ ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ, ახლა ვფიქრობთ იმ გზებზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაზღაურების ნაწილში ამ და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პრობლემები და ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია რაიმე ფინანსური რესურსი, რათა მისი პირადი ხარჯებით უზრუნველყოს ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პაატა სალიამ განმარტა, რომ ამ ფორმით მას განცხადება არ გაუკეთებია.

ირანი აცხადებს, რომ „კონფისკაცია“ გაუკეთა ბრიტანეთის ტანკერს

სტენა იმპერო

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ „კონფისკაცია გაუკეთა“ ბრიტანეთის ტანკერს, „სტენა იმპეროს“, ჰორმუზის სრუტეში, სადაც, ირანის თანახმად, „დარღვეული იქნა საერთაშორისო ნაოსნობის წესები.“

ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.

"სი-ენ-ენის"თანახმად, ბრიტანეთის ხელისუფლება „საგანგებო რეჟიმში" ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია ამ ინცინდენტის შესახებ.

ამ ინცინდენტის ფონია აშშ-ისა და ირანის ხელისუფლების საჯარო დაპირისპირება იმის თაობაზე, მართლა ჩამოაგდო თუ არა 18 ივლისს, ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა ირანული უპილოტო თვითმფრინავი იმავე ჰორმუზის სრუტეში.

"რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივი მიმართვა

"რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, არხის ახალი მფლობელის და დირექტორის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიას ეხება:

"უკვე 24 საათი გავიდა, რაც ჩვენი არხის ახალი გენერალური დირექტორისგან მოთხოვნის მიუხედავად რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არანაირი მყარი გარანტიები არ მიგვიღია. "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტი - "კურიერი", "პოსტ სკრიპტუმი", საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები კიდევ ერთხელ მივმართავთ არხის ახალ მფლობელს და ხელმძღვანელს:

"რუსთავი 2"- ის მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საერთშორისო საზოგადოებაში წარმოიშვა სერიოზული შეშფოთება არხის სარედაქციო პოლიტიკისა და ქვეყანაში მედია-გარემოს ცვლილების საფრთხის გამო.

ჩვენ საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის "რუსთავი-2"-ის დამოუკიდებელ, ობიექტურ და კრიტიკულ საინფორმაციო-ანალიტიკურ პროდუქტს, მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არხის თანამშრომლებსა და მაყურებლებს სჭირდებათ რეალური გარანტიები, რომ „რუსთავი 2“-მა გააგრძელებს მუშაობას იმ გუნდით და იმ სარედაქციო პოლიტიკით, რომლის წყალობითაც არხი ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, ნდობის მაღალ სტატუსს და ნომერ პირველი ტელევიზიის სახელს ამ ქვეყანაში.

ბოლო წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ახალმა მფლობელმა დაუყონებლივ გაათავისუფლა არხის თანამშრომლებთან კონსულტაციების გარეშე. ამ ვითარებაში გუნდს სჭირდება ახალი გარანტიები, თუმცა ამ დრომდე ჩვენ და ჩვენმა მაყურებელმა მოისმინა ახალი მფლობელისა და მის მიერ დანიშნული დირექტორის მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა დარჩება უცვლელი. ვინაიდან ახალი მფლობელის მხრიდან, მოთხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია ამის დამადასტურებელი არცერთი მექანიზმი, ჩვენ ვთავაზობთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების კონკრეტულ გეგმას:

1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის,"-ნათქვამია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში."

აქციის 30-ე დღე: მსჯელობა შრომით უფლებებზე, უსაფრთხოებაზე

19 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების 30-ე დღე სადისკუსიო პანელს ეთმობა. მსჯელობა შეეხება - შრომით კანონმდებლობასა და პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებს.

სადისკუსიო პანელი მიჰყავს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, შოთა დიღმელაშვილს, ხოლო მონაწილეები არიან გიორგი ცხადაია და გიგა ბედინეიშვილი. აზრის გამოთქმისა და შეკითხვების დასმის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მსურველს.

19 ივლისისთვის დაგეგმილი იყო მუსიკალური პროგრამა, თუმცა ის გადაიდო რამდენიმე დღის წინ თბილისში, მშენებლობაზე, მუშის,16 წლის გიორგი ბეშკენაძის დაღუპვის გამო.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, ყოველდღე სხვადასხვა თემას ეძღვნება. 18 ივლისს, ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილიას" 29-ე დღე რუსთაველის გამზირზე თავისუფალ მედიას მიეძღვნა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. აქციის მონაწილეები შედეგებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სწორედ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებენ.

აქციის #სირცხვილია მონაწილეები მრგვალი ბაღის გახსნაზე არ შეუშვეს

19 ივლისს, თბილისში, რეაბილიტირებული მრგვალ ბაღის გახსნის ღონისძიებაზე პოლიციამ არ შეუშვა საპროტესტო აქციის (# სირცხვილია) მონაწილეები.

სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი თვალზე ხელაფარებული აპროტესტებდა 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. მრგვალ ბაღში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახი კალაძე.

პოლიციამ მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ მათ ღონისძიების ჩაშლის საშუალებას არ მისცემდა. სამოქალაქო აქტივისტები კი აცხადებდნენ, რომ ისინი ღონისძიების ჩაშლას არ აპირებდნენ, უბრალოდ მათი მიზანი იყო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობა შეეხსენებინათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ვიდრე გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე რჩება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან დისკომფორტს ხელისუფლებას. გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქციები უკვე 30 დღეა მიმდინარეობს.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ტრიბუნალის მიერ ეჭვმიტანილი, ტოვებს თანამდებობას

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ განაცხადა გადადგომის შესახებ მას შემდეგ, რაც იგი ეჭვმიტანილად სცნო ჰააგის ტრიბუნალმა, რომელიც 1998-99 წლების კოსოვოს ომის დროს მომხდარ სამხედრო დანაშაულს იძიებს.

„მე ვტოვებ კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტს. მსურს მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ამის მიზეზია ის გამოძახება, რაც მე, როგორც ეჭვმიტანილმა, მივიღე ჰააგის სპეციალური პალატისაგან“, - განაცხადა ჰარადინაიმ პრიშტინაში მთავრობის სხდომის შემდეგ.

კოსოვოს საქმეების სპეციალურ პალატასა და სპეციალურ პროკურატურას, რომლებიც იძიებენ საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებს, 2017 წლის კოსოვოს კონსტიტუციით დაემატა უფლება, რომ მათმა პროკურორებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ აწარმოონ საქმის განხილვა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჰარადინაი პოსტს ტოვებს, ჰააგიდან წამოსული ბრალდებების გამო.

პირველად ეს მოხდა 2005 წელს, ყოფილი იუგოსლავიის საქმეთ გაეროს სისხლის სამართლის ტრიბუნალის მიერ, მისი, როგორც კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (KLA) ერთ-ერთი წამყვანი მეთაურის მიმართ არსებული კითხვების გამო.

ჰარადინაის, რომელიც პოლიტიკური პარტია კოსოვოს მომავლის ალიანსის ლიდერია, 2008 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.

იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია 2017 წლის სექტემბრიდან.

მოსალოდნელი საფრთხის გამო რუსი მორაგბეები აღარ ჩამოვლენ საქართველოში ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად

საქართველო-რუსეთის შეხვედრა, არქივი

რუსეთის რაგბის ფედერაციამ გადაწყვიტა, გააუქმოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან თბილისში დანიშნული ამხანაგური შეხვედრა, რომელიც 27 აგვისტოს იყო დაგეგმილი. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის უწყებაში ამის მიზეზად დაასახელეს საქართველოში შექმნილი ვითარება.

„სამწუხაროდ, საქართველოში მიმდინარე რადიკალურად განწყობილი პირების გამოსვლები მთავრდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებით, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ ქვეყანაშ მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ გარემოებების გამო, იძულებული ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩის გამართვას, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს იყო დაგეგმილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ფედერაცია ღრმად სცემს პატივს „საქართველოს რაგბის კავშირთან დამყარებულ პარტნიორულ ურთიერთობებს“.

ნონა წოწორია „რუსთავი 2“-ზე: ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა

მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით; მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს, - წერს თავის ფეისბუკგვერდზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია „რუსთავი 2“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

წოწორია თვლის, რომ დიდი იმედგაცრუების მიუხედავად, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა და ბრძოლა გრძელდება.

„იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად ევროსასამართლო გააგრძელებს თავისი უპირველესი მისიის - წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს - აღსრულებას.

ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება. ჩემი მხარდაჭერა ყველას თავისუფლების და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - წერს ნონა წოწორია.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

აშშ-ის საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად

აშშ-ის საელჩო საქართველოში, ყურადღებით ადევნებს თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2 ის“ საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას, - ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია.

„ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად და უზრუნველყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სიტყვის თავისუფლების დაცვასა და მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტის შენარჩუნებაში,“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში

8 კაცი შეეწირა აფეთქებას ქაბულის უნივერსიტეტთან

ავღანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ინფორმაციით სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა ქაბულის უნივერსიტეტის წინ მომხდარი აფეთქების შედეგად. დაიჭრა 33 კაცი. თავდასხმაზე მაშინვე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქების შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ორ მანქანას.

უცნობია, დისტანციურად აფეთქდა ნაღმი, თუ თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

აფეთქება მოხდა იმ დროს, როდესაც სტუდენტები შენობის წინ იმყოფებოდნენ გამოცდების მოლოდინში.

წინა დღით, 18 ივლისს 12 ადამიანი დაიღუპა და 90 დაიჭრა თალიბანის მიერ ქალაქ ყანდაარის პოლიციის შენობებზე ორი დანაღმული ავტომობილი განხორციელებული იერიშის შედეგად.

თაკო ჩარკვიანი: „რუსთავი 2“-მა დარტყმა მიიღო, მაგრამ ბრძოლა ახლა იწყება

საქართველოს დამოუკიდებლობას შეექმნა საფრთხე, დარტყმა მიიღო „რუსთავი 2“-მა, - განაცხადა პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, 19 ივლისს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობის წინ.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა გაუმართლებელია, თუმცა მიღებული შედეგი ზუსტად შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის მესიჯებს.

„არ შეგვაქვს ეჭვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში... ძალიან რთულად დასაჯერებელია დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომ ჩვენთან ქვის ხანაა სასამართლოს თვალსაზრისით... ამიტომ არ მიკვირს, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, რთულია გააცნობიერონ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომ ჩვენთან სასამართლო საერთოდ აღარ არსებობს...

გახსოვთ, რამოდენიმე ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა - გამორთეთ „რუსთავი 2“ და ყველაფერი კარგად იქნებაო, ეს იყო მესიჯი... გამორთეთ „რუსთავი 2“ და თქვენს მაცივრებში გაჩნდება საკვები; გამორთეთ „რუსთავი 2“, თქვენ აღარ გექნებათ ინფორმაცია და თქვენ ისე იქცევით რუსეთის გუბერნიად, ვერც გაიგებთ... აი, ეს იყო მესიჯი და მან ეს განახორციელა...

დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობას შეექმნა დღეს საფრთხე - „რუსთავი 2“, ვინაიდან ფლაგმანი იყო სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, ასეთი დარტყმა მიიღო მან“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, შესაძლებელია „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების გადარჩენა და ამისთვის ძალიან ბევრი ადამიანია მზად.

„რუსთავი 2“ არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“... სულ რაღაც თვე დასჭირდება საველე პირობებს და ერთ თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები გვიკავშირდებიან და ანგარიშს გვთხოვენ... ალბათ, ფეისბუკშიც შეამჩნევდით, რომ ადამიანები ანგარიშს ითხოვენ და კითხულობენ - სად ჩავრიცხოთ თანხა?

გამოჩნდნენ ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა, თამამად აპირებენ თანხის ჩარიცხვას და ყველაფერი მოწესრიგებული იქნება... ასე რომ - ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი, რომელი დიდ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სასწრაფოდ მოვაცილოთ“ , - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც ლგბტ+ თემის წევრს ორიენტაციის გამჟღავნებით აშანტაჟებდა - თანასწორობის მოძრაობა

ლგბტ დემონსტრაცია თბილისში. 17 მაისი, 2017

პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც ლგბტ+ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროვებით აშანტაჟებდა.

თანასწორობის მოძრაობა - რომელიც დაზარალებულის უფლებებს იცავს - აცხადებს, რომ თემის წევრს ბრალდებული 1000 ლარის ჩარიცხვა სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა.

"ამ ინფორმაციის გასაჯაროება მის [თემის წევრის] უსაფრთხოებას ეჭვის ქვეშ დააყენებდა", - აცხადებს თანასწორობის მოძრაობა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიცია მიმართვის საფუძველზე დააკავა ბრალდებული.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს 6 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. ეს გულისხმობს გამოძალვას, რასაც ერთვის დაზარალებულის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

ირმა ნადირაშვილი: „რუსთავი 2“ ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ

დღეს „რუსთავი 2“ ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა, 19 ივლისს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობის წინ.

მისი თქმით, რეალური საფრთხის ქვეშ დგას ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა, თუმცა სიმართლე ბოლოს მაინც გაიმარჯვებს და მომავალ არჩევნებზე დამარცხდება ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“.

„რუსთავი 2“-ს ჰქონია კიდევ უფრო მძიმე წუთები, როდესაც თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში ის საერთოდ ვერ მაუწყებლობდა და საერთოდ ვერ გადიოდა ეთერში... ამიტომ მე მინდა, რომ აქედან გავამხნევო „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომელი და გითხრათ ყველას - არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ აუცილებლად ისევ თავისუფლები დაბრუნდებით ეთერში...

"რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა დღეს არის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილისთვის და მას უნდა, რომ გააჩუმოს და დაადუმოს ყველაზე მსხვილი კრიტიკული მაუწყებელი... მაგრამ მე მინდა იმედი გავუცრუო ბატონ ბიძინას და ვუთხრა, რომ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება - როდესაც ადამიანები ვერ იყიდიან წამალს, როდესაც მათ მოექცევიან უსამართლოდ და დაჩაგრავენ, ეს სიტყვა ყოველთვის ამოხეთქავს და მით უმეტეს - ტექნოლოგიების საუკუნეებში...

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, 2020-ში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ოკუპაცია გააკეთა „რუსთავი 2“-ის, აუცილებლად წავა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ადვოკატი: სტრასბურგში დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ხელყო ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლი

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და მოხელეებისთვის გაკვეთილი უწოდა 2006 წელს, თბილისში, პოლიციის მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

„დადასტურდა ის, რასაც აქამდე დაუდასტურებლად ვიძახდით, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლება, როგორიცაა სიცოცხლის უფლება“ - განაცხადა მოსიაშვილმა 19 ივლისს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატის თქმით, „ადამიანი ისე ჩაცხრილეს, რომ მისი სახელი და გვარიც არ იცოდნენ იმ პერიოდისთვის.“

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, პროპორციული და აუცილებელი არ იყო, მომხდარის თავდაპირველი გამოძიება კი დარღვევებით წარიმართა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა.

2006 წლის 2 მაისს, პოლიციამ თბილისში ჩაატარა ოპერაცია, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, მიმართული იყო ყაჩაღური ჯგუფის წევრების წინააღმდეგ. პოლიციელებმა ავტომანქანაშივე მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებდა, სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის გამოძიება განახლდა. 2015 წლის ოქტომბერში, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა შსს-ს იმ დროისთვის უკვე ყოფილ ხუთ თანამშრომელს. ორ მათგანს, კრიმინალური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა 12-12 წლით პატიმრობა.

იმავე წლის იანვარში იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

გრიგოლ ვაშაძე: „რუსთავი 2“-ით იქნება თუ „რუსთავი 2“-ის გარეშე, არჩევნებს მოვიგებთ

თავისუფალი სიტყვის დამცველი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც აფერხებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციის ხმის მიტანას საზოგადოებამდე - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ 19 ივლისს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობის წინ.

ვაშაძის თქმით, ეჭვქვეშ არ დგება სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ევროპული სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა კონტექსტსა და ხელისუფლების განზრახვებს.

„ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგები არის, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ იმასაც, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით.

შედეგად ვღებულობთ იმას, რომ დამოუკიდებელი, ობიექტური, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას, ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან, საგრძნობლად ასუსტებს. ჩვენს ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეისმინა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მოწოდება - არ გადაეფორმებინა „რუსთავი 2“ ახალი მფლობელისთვის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, „როგორც მან ეს არაერთხელ გააკეთა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, კერძოდ - ბატონ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში“. თუმცა, ამის ნაცვლად, ვაშაძის თქმით, „ტელევიზია გადაუფორმდა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სასოწარკვეთილების მიზეზსა და საჭიროებას ვერ ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები ყველაფერს თავის ადგილას დააბრუნებს.

„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ ამ ხელისუფლებას. ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს, ქვეყანას - მოქალაქეს, დააბრუნებენ განვითარებას ეკონომიკაში და ადამიანის უფლებებს - საზოგადოებაში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - ასე იქნება. ყველა სოციოლოგიური კვლევა ამას ადასტურებს, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ საათზე 12-ს უკვე რამდენიმე წამი აკლია. პირობას გაძლევთ, რომ „რუსთავი 2“-ით იქნება თუ „რუსთავი 2“-ის გარეშე, ამ არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეს... აღარასოდეს პირადი ხელშეუხებლობა, არასოდეს კერძო საკუთრება არ გახდება არავის ხელყოფის საგანი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ პროდასავლური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე..

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

"იცურე მშვიდად" - რუსთავის ხელოვნურ ტბასთან აქცია გაიმართა

რუსთავის ხელოვნურ ტბასთან, სადაც 17 ივნისს, 11 წლის ბავშვი დაიხრჩო გაიმართა აქცია "იცურე მშვიდად".

ეს არის პირველი შემთხვევა,, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ხელოვნურ ტბაში ბანაობის უსაფრთხოებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

აქციის ორგანიზატორმა ალეკო ცქიტიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2016 წელს, რუსთავის ხელოვნურ ტბაში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო და მას შემდეგ ტბას მაშველები მიუჩინეს.

"თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი, რადგან, მაშველების თვალწინ, დღისით, მზისით, ბავშვი დაიხრჩო".

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, მერიის მიერ უსაფრთხოების თვალსაზრისით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ტრაგედია მეორდება.

"ბანაობის ამკრძალავი ნიშნები არ არის თვალსაჩინო, გარდა ამისა, მაშველებსაც სპეციალური გადამზადება სჭირდებათ ", - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

აქციის მონაწილეები მოგვიანებით რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას შეხვდნენ. მისი განცხადებით, პარკის ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერების დაყენებას აპირებენ,

რაც შეეხება ბოლო ტრაგიკულ ფაქტს, 11 წლის ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დასრულებული არ არის.

რუსთავის ხელოვნურ ტბას მონაცვლეობით სამი მაშველი აკვირდება. 24 ჰექტარზე განლაგებული პარკის ტერიტორიას, მათ შორის ტბას, სულ დაცვის 12 თანამშრომელი იცავს.

"მაღლივის" ბიბლიოთეკის კედლები ქუჩის მხატვრებმა მოხატეს

თსუ-ს მაღლივი კორპუსის ცენტრალური ბიბლიოთეკის 6 კედელი ქუჩის მხატვრებმა მოხატეს. ყველა ნახატი თავისუფალ თემაზეა შექმნილი.

პროექტი თსუ-სა და ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკოს“ გაკეთებულია.

"ნიკოს" მიზანი არის მხატვრების დახელოვნება დიდ მასშტაბებზე ხატვაში იმისთვის, რომ შემდეგ ქუჩის ე.წ. სტრიტარტ ფესტივალებში მეტ მხატვარს ჰქონდეს მონაწილეობის მიღების სურვილიც და რაც მთავარია, ცოდნა და გამოცდილება.

„ნიკოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, სანდრო კვანტალიანმა გვითხრა, რომ თსუ-ს ბიბლიოთეკის კედლების მოხატვის შემთხვევაში, მხატვრებს მხოლოდ 4 შეზღუდვა ჰქონდათ:

  • ნახატი არ უნდა ყოფილიყო რეკლამა;
  • მასში არ უნდა ყოფილიყო უწმაწურობა;
  • ნახატში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი რელიგიის არც ხოტბა და არც გინება;
  • ნახატში არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური შინაარსის.

სანდრო კვანტალიანი ამბობს, რომ ქუჩის მხატვრობის ფესტივალებზე, როგორც წესი, პროტესტის შინაარსის შემცველი ნახატები არ იხატება.

„ამიტომაც არის, რომ მაგალითად, ბენქსი, ასეთ ფესტივალში მონაწილეობას, არასოდეს მიიღებს“, - ამბობს სანდრო კვანტალიანი.

"ნიკო" იყო ინიციატორი ქუჩის ხელოვნების ფესტივალისა "ნიკო 2018", რომელიც შარშან თბილისის მერიამ დააფინანსა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მოხატვის ხარჯები კი ერთ-ერთმა კერძო ფირმამ გაიღო.

"რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი ყალბია

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია

„რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია.

ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, სასამართლო დავის დაწყებისთანავე დააყენეს პოზიცია, რომ დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, გაყალბებულია.

სალიას თქმით, ოქრუაშვილს ჰქონდა ფულადი მოთხოვნა, თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ასესხა ხალვაშს და მას ეს თანხა სარგებლით, ანუ პროცენტით უნდა დაებრუნებინა და ამასთან „რუსთავი 2“-ზე ყველა უფლება მას ეკუთვნოდა.

„ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია და ექსპერტიზა ამას დაადასტურებს“ - უთხრა ჟურნალისტებს პაატა სალიამ.

პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ყადაღა დაედოს "რუსთავი 2"-ის წილებს. გიორგი ზედელაშვილის მტკიცებით, სამი ექსპერტიზითაა დადასტურებული, რომ ოქრუაშვილთან გაფორმებულ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერაა.

ტელეიმედის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცხვიტავაა

ტელეკომპანია იმედის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა გიორგი ცხვიტავა.

ცხვიტავა - რომელიც აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტად მუშაობდა - რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეორგანიზაცია და არხიდან დასაქმებულთა წასვლა არ იგეგმება.

"არსებობს ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამჟამად ვეცნობით მას და ვაპირებთ, რომ მივყვეთ მას და ბევრად ყურებადი გავხადოთ იმედი, მრავალფეროვანი ახალი ამბებით", - ამბობს ცხვიტავა.

გიორგი ცხვიტავას თქმით, იმედის ერთ-ერთი სახე ნანა ლეჟავა ქრონიკის წამყვანი აღარაა და 8 საათიანი ქრონიკის გამომშვები რედაქტორი იქნება.

ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს შეიცვალა ტელეიმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძეც და ის ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა წინადადება წამოაყენა, მოხდეს რუსეთთან პატიმრების გაცვლა

ოლეჰ სენცოვი (მარცხნივ) და კირილ ვიშინსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა წინადადება წამოაყენა, მოხდეს რუსეთთან პატიმრების გაცვლა - უკრაინელი კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც რუსეთში იმყოფება პატიმრობაში, გაიცვალოს რუს ჟურნალისტ კირილ ვიშინსკიზე, რომელიც უკრაინაშია დაკავებული. ეს წინადადება მოჰყვა ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 11 ივლისის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც პატიმრების გაცვლას შეეხნენ.

ზელენსკის პრესმდივანმა იულია მენდელმა კიევის წინადადება ფეისბუკით გამოაცხადა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კიევს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას ორ მეზობელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე და გაათავისუფლოს ვიშინსკი.

კირილ ვიშინსკი, უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის ოფისის ხელმძღვანელი, 2018 წლის მაისში დააპატიმრეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

"რუსთავი 2"-ის ახალი დირექტორი ჟურნალისტებთან შეხვედრას საღამოს გეგმავს

პაატა სალია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, საღამოსთვის დაიგეგმა ჟურნალისტებთან შეხვედრა.

დღის პირველ ნახევარში სალია შეხვდა კომპანიის ფინანსურ დირექტორს, ირაკლი ნიჟარაძეს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, თამილა გველესიანს.

„თამილასთან მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი საუბარი. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, გამაცნო ზოგადად, კომპანიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია“ - უთხრა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს პაატა სალიამ.

მისი ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრა საღამოსთვის, ყველა საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იგეგმება.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.

სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

აშშ-ის სადესანტო ხომალდმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ჰორმუზის სრუტის თავზე

აშშ-ის სამხედრო გემი "ბოქსერი".

აშშ-ის სადესანტო ხომალდმა "ბოქსერმა" ირანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ჰორმუზის სრუტის თავზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, დრონი ჩამოგდებულ იქნა მას შემდეგ, რაც ის ათას მეტზე ნაკლებ მანძილზე მიუახლოვდა ხომალდს და უგულებელყო რამდენიმე გამაფრთხილებელი სიგნალი. აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუსახელებია დრონის ტიპი, მაგრამ განაცხადა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა გემის ეკიპაჟს. როდის მოხდა ინციდენტი, არ იტყობინებიან.

ირანმა განაცხადა, რომ ამ დღეებში არავითარი დრონი არ დაუკარგავს და მისი ყველა უპილოტო საფრენი აპარატი მშვიდობიანად დაბრუნდა მისიიდან.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG