Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა


"ამოვედი სოფელ გრემისხევში. სულთმოფენობის მეორე დღეს აქ თიჯრობის დღესასწაულია, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველებსა და ოსებს, ქრისტიანებს. აქ ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ, მაგრამ დღეს, ზევით ხატში, საოკუპაციო ხაზის გამო ვერ ადის სოფლის მოსახლეობა",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობის დაყოფას:

„საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! არავის აქვს უფლება დაარღვიოს ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრების ძველებური ტრადიცია. ამიტომ ამოვედი აქ და მგონია, რომ მისახედია ეს ადგილი. მისახედია იმით, რომ უნდა ამოვიდეთ უფრო ხშირად და ვაჩვენოთ, რომ ეს ხაზი რეალურად არ არსებობს, რომ ეს ხაზი ხელოვნურია“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით გზას 12 კილომეტრი აკლია, რის გამოც სოფელი გარიყულია.

„ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG