Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ ფალავანდიშვილი: პრემიერი ლგბტ-ზონდერად იქცა


პრემიერ-მინისტრი ლგბტ-ზონდერად იქცა, მთავრობა ბიბლიის საწინააღმდეგო კონსტიტუციას იცავს და თუკი ვინმეს დაიჭერენ, მთავრობას გადადგომა ემუქრება, - აცხადებს ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი.

„ბატონი პრემიერი გახდა ლგბტ-ექსტრემისტი, ლგბტ-ზონდერი და უცხოეთში დაამტკიცა როცა თქვა, რომ ყველა გზით, საქმეს აღძრავს რათა ეს დაცემულობა, ანტიქრისტეობა, ანტისახარება... შენ კონსტიტუცია რომ მიიღე, ბიბლიის საწინააღმდეგო, იმას არ უნდა დაემორჩილო. მე არ ვამბობ, რომ ვიღაც უნდა სცემო და მოკლა, მაგრამ არ უნდა დაემორჩილო“, - ამბობს ფალავანდიშვილი.

მისი აზრით, პრემიერის ამჟამინდელი მოქმედებები არ შეესაბამება მის სხვა მოქმედებებს, როცა მან ღვთისმშობლის ხატთან დაიფიცა და ქვეყანაში წილხვდომილობის ოფიციალურად გამოცხადებას დაუჭირა მხარი.

ფალავანდიშვილის თქმით, პრემიერი და მთავრობა ახლა ყოფნა-არყოფნის არჩევნის წინაშე დგას.

„თუ ეს კანონი მას მიაღებინეს და დამნაშავე არ არის, პრემიერმა ელჩებთან, სოდომისტებთან, სხვადასხვა მასონებთან და არ შეირცხვინოს თავი ერთან და ბერთან და არ გაბედოს ტერიტორიის გადასაკეტად ზვარაკად დამდგარი ხალხის ჯოხებით ცემა... თუ მან ხალხის დახვრეტა დაიწყო, ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება, ამას არც ვასაძე სჭირდება და არც არავინ... თუ ისინი მოახდენენ ვიღაცეების დაჭერას, ვიღაცეების ცემას ან თუნდაც - ტყვიის სროლას, უბრალოდ იმდენი კაცი გამოვა ქუჩაში, როგორც სომხეთში გამოვიდა, რომ სამ დღეში თუ არა, ერთ კვირაში - მაქსიმუმ, მთავრობა, რომელიც არის მოღალატე და ლგბტ-ზონდერობაში ჩართული, გადადგება“, - ამბობს ფალავანდიშვილი.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ" - განაცხადა 16 ივნისს ვასაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG