Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვაზე დაიბარეს ლევან ვასაძის "სახალხო ლეგიონის" წევრები


ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიღმის მთავარ სამმართველოში რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს; ესენი არიან: გიორგი მამარდაშვილი, დავით ბერიძე და ლევან ჩაჩუა. გამოკითხვაზე დაბარებულები გაწევრიანებული არიან ვასაძის ორგანიზებით შექმნილ "სახალხო ლეგიონში".

გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ასევე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი - ალექსანდრე ფალავანდიშვილი. უწყებები მათ შს სამინისტროს თანამშრომლებმა 17 ივნისს ვერის ბაღში მიუტანეს, თუმცა მამა-შვილი მათ იქ არ დახვდათ.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„სახალხო ლეგიონის“ რიგებში 17 ივნისს არაერთი ადამიანი ჩაეწერა. ლეგიონში გაწევრიანებულია ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატი ემზარ კვიციანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG