Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკო შეცვალა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრად დანიშვნამდე ტიკარაძეც სერგეენკოს მსგავსად საჩხერის კლინიკას ხელმძღვანელობდა.

18 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დავით სერგეენკო მუშაობას მის მრჩევლად გააგრძელებს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა ჯანდაცვის სისტემაში 2012 წლიდან გატარებული რეფორმა, რომელიც მორგებულია ადამიანზე და ამ სფეროში მიღწეული წარმატება უკავშირდება დავით სერგეენკოს. მამუკა ბახტაძემ გამოჰყო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ნებისმიერ სისტემას სჭირდება ახალი რეფორმები და სამთავრობო პროგრამაში გაწერილია ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების მეორე ფაზის ძირითადი პრიოროტეტები, რომელთა შორისაა ელექტრონული ჯანდაცვა და სერვისების გაციფრულება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდა.

ბახტაძის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ თანხის ე.წ. ჯიბიდან გადახდა, განსაკუთრებით მედიკამენტების შეძენისას და ამ პრობლემის მოგვარებას კონკრეტული ინიციატივით და საბიუჯეტო დაფინანსებით აპირებენ.

პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვან მიმართულებად დაასახელა დევნილებისთვის ბინების მშენებლობა და თქვა, რომ ამ მიზნით 2019-2020 წლებში გამოყოფილია 350 მილიონ ლარზე მეტი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტად რჩება შრომის უსაფრთხოების საკითხებიც.

„ქალბატონი ეკა არის ძალიან გამოცდილი ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება დაუგროვდა ამ სფეროში მოღვაწეობის, მისი მენეჯერული თვისებები არის ძალიან მაღალი. დათოსთან, მისივე ინიციტივით რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა ინტენსიური კონსულტაციები და ჩემთვის დათოს რეკომენდაციას ჰქონდა მნიშვნელოვანი ადგილი, როდესაც ერთობლივად ჩამოვყალიბდით ამ გადაწყვეტილებაზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისივე თქმით, ახალ მინისტრს გასატარებელი აქვს საკმაოდ რთული რეფორმები, მას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დავით სერგეენკოს, როგორც უკვე პრემიერის მრჩევლის როლი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი რეფორმა ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას გადაიყვანს ახალ დონეზე და ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG