Accessibility links

დავით სერგეენკოს თქმით, ახალ მინისტრს რეკომენდაცია თავად გაუწია


დავით სერგეენკო და ეკატერინე ტიკარაძე

„მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ ათ წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროში და ძირითადად, ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი“ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უკვე ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

მის ნაცვლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

დავით სერგეენკოს თქმით, რამდენიმე კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან ჰქონდა ინტენსიური კონსულტაციები, თუ სწორად და ოპტიმალურად როგორ უნდა დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო რეფორმების ახალი ფაზა.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, მე ვთხოვე პრემიერს რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო“ - განაცხადა სერგეენკომ, რომელიც მუშაობას პრემიერ-მინისტრის მრჩევლად გააგრძელებს.

დავით სერგეენკოს თქმით, ანალიზზე დაფუძნებით სჯერა, რომ რეფორმები ასე უკეთ განვითარდება.

„ერთი მხრივ, მეც მეტი საშუალება მექნება, რომ სტრატეგიულ განვითარებაზე და დაგეგმარებაზე ვიყო კონცენტრირებლი და მხარში ამოვუდგე პრემიერ-მინისტრს და ახალ ჯანდაცვის მინისტრს, და მეორე მხრივ, ქალბატონ ეკას ექნება საშუალება, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ამ მართლაც ძალიან რთული სისტემის მართვას“ - თქვა სერგეენკომ.

მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და სამინისტროს გუნდს და ახალ მინისტრს წარმატება უსურვა

დავით სერგეენკო 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად. "ქართული ოცნების" მთავრობაში გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული საკადრო ცვლილებები სერგეენკოს დღემდე არასდროს შეხებია.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პირველ ადგილს ინაწილებდა პოლიტიკოსებისადმი დადებითი განწყობის მხრივ. სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-მა გამოხატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG