Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იწყება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია


დღეს საღამოს, თბილისში იხსნება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობას მიიღებს 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.

სესია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება. მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავს. ფორუმს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას გააცნობს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სესიის პარალელურად სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება გამოფენა „აღდგომა იესო ქრისტესი,“ რომელზეც წარმოდგენილია ხატწერის საერთაშორისო კონკურსის ექსპერტების ჟიურის მიერ შერჩეული 63 ნამუშევარი. ექსპოზიცია ათენიდან ჩამოიტანეს.

20-21 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმუშავებენ. დღის წესრიგშია ფინანსური ანგარიშის დამტკიცება, ოფიციალური პირებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა, განვლილი საქმიანობის მიმოხილვა და მომავალი საქმიანობის დაგეგმვა, ასამბლეის ორგანოთა შემადგენლობის განახლება და სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე გაიმართება პრეზენტაცია „რელიგიურ ნიადაგზე დევნის მონიტორინგის საპილოტე პროგრამის დაარსების შესახებ“ და წარმოდგენილი იქნება მოხსენება „ახლო აღმოსავლეთის ფართო რეგიონში ქრისტიანთა წინსვლის ცენტრის ან ინსტიტუტის დაარსების შესახებ.“

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში გაერთიანებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 25 ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG