საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა გამოხატვის თავისუფლება ვერ იქნება.
„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში ამ დღეებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საპასუხოდ, ნაციონალისტური ჯგუფები კონტრაქციებს აპირებენ და ძალადობით იმუქრებიან.
„აზრის გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის, ადეკვატურ პასუხს“ - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
შეკითხვას, იქნება თუ არა „ღირსების მარშზე,“ სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ იქნება ყველგან, სადაც საფრთხე შეექმნება გამოხატვის თავისუფლებას.
„ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დაწერეთ კომენტარი