Accessibility links

site logo site logo

არჩილ თალაკვაძე: "ძველი პოლიტიკოსები" ცდილობენ, ახალგაზრდობის ხარჯზე მიიღონ დივიდენდები


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პროგრამა „ქრონიკაში“ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ.

მისი თქმით, მას მერე, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებამ საზოგადოების აღშფოთება და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, ხელისუფლებამ 24 საათის განმავლობაში მოახდინა რეაგირება და ამოწურა ინციდენტი. ხელისუფლებამ აიღო მომხდარისთვის პასუხისმგებლობა, გააკეთა პოლიტიკური შეფასება და ამის შემდეგ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

თალაკვაძის თქმით, მშვიდობიანი მანიფესტაციით ისარგებლეს „ძველმა პოლიტიკოსებმა“, რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

აქციების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, თალაკვაძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიიღო უკვე შესაბამისი გადაწყვეტილება და კონსტიტუციაში იქნა შესაბამისი ცვლილება შეტანილი. მაშინ, როცა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა საარჩევნო სისტემის შეცვლის საშუალება და არ გაუკეთებია ეს, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გათავისუფლების მოთხოვნაზე საუბრისას თალაკვაძემ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აიღო მომხდარისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ძალის გადამეტებას და გადაცდომებს, თალაკვიაძის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ამის შესახებ პარტიას კიდევ ექნება შესაბამისი რეაქციები.

ამავე დროს მან ისაუბრა ახალგაზრდულ პროტესტზე და თქვა, რომ მმართველი პარტია დაინტერესებულია, გზა გაუხსნას ახალი პოლიტიკური კლასის შექმნას. „საქართველოში მოსულია ახალი პოლიტიკური კლასის დრო“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG